შინაარსზე გადასვლა

დემოდეკოზი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დემოდეკოზი
სხვა სახელები დემოდიკოზი
დაავადებული ძაღლი
დარგი დერმატოლოგია, ვეტერინარია
სიმპტომები დაზიანებულ ადგილებზე ქერქის წარმოქმნა, პუსტულები, თმის ცვენა
გამომწვევი Demodex-ის გვარის ტკიპები
რისკფაქტორები იმუნოდეფიციტი
დიაგნოსტიკა კანის ანაფხეკისა და პუსტულების შიგთავსის შესწავლა
პროფილაქტიკა ცხოველებში: რეგულარული გასინჯვა, იზოლაცია, დეზაკარიზაცია
სამკურნალო საშუალება ცხოველებში: აკარიციდები
ადამიანებში: იმუნომოდულირებადი საშუალებები, მალამოები, ემულსია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 B88.0
ICD-9 133.8

დემოდეკოზი, დემოდიკოზი — გარეული და შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის დაავადება, რომელსაც იწვევენ Demodex-ის გვარის ტკიპები (ოჯახი Demodicidae). გავრცელებულია ყველგან. ჭიისებრი ფორმის ტკიპები (სიგრძე 0,22–0,38 მმ, სიგანე 0,04 მმ) პარაზიტობენ თმის ფოლიკულებში, ქონისა და მეიბომის ჯირკვლებში, იკვებებიან ჯირკვლების ეპითელიუმით და კანის ქონით, ინტენსიურად მრავლდებიან და წარმოქმნიან კოლონიებს, რაც იწვევს კანის ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას. შეუძლიათ ღვიძლში, თირკმელებში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში შეღწევა, თუმცა იქ არ მრავლდებიან. განვითარების ცილკი 30–40 დღეა. გამომწვევი გადაეცემა კონტაქტის გზით.[1]

ცხოველებში, ხშირად, დაავადებული დედებისგან გადაედებათ ახალშობილებს სიცოცხლის პირველივე დღეებში. დემოდეკოზი, ჩვეულებრივ, ვითარდება იმუნოდეფიციტიან ცხოველებში, განსაკუთრებით მწვავედ მიდინარეობს ძაღლებში, მსხვილ რქოსან საქონელსა და ღორებში. ძაღლების კანის დაზიანებული მონაკვეთები იფარება რუხი ქერქით ან/და ცისფერ-წითელი ფერის პუსტულებით; თმა ცვივა, ქავილი სუსტია ან არ აღენიშნებათ. მსხვილ რქოსან საქონელს დემოდეკოზის დროს კისერზე, ბეჭებზე, მკერდსა და ზურგზე უჩნდება 1–10 მმ დიამეტრის პუსტულები; ღორები წითლდებიან და ექერცლებათ კანი დინგზე, ლოყებსა და შუბლზე.[1]

დემოდეკოზის მიმდინარეობას ართულებენ ჩირქმბადი მიკრობები (უპირატესად სტაფილოკოკები), რომლებიც იწვევენ ჩირქგროვებისა და აბსცესების წარმოქმნას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. პროგრესირებადი ანემიისა და საერთო ინტოქსიკაციის დადგომისას ცხოველი იღუპება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დაფუძნებულია კანის ანაფხეკში ტკიპების აღმოჩენასა და პუსტულების შიგთავსზე. მკურნალობენ აკარიციდებით (ფოსფორორგანული ნაერთების, სინთეტიკურური პირეტროიდების, ავერმექტინული კომპლექსისა და სხვათა საფუძველზე).[1]

პროფილაქტიკა: სულადობის რეგულარული გასინჯვა, დაავადებული და მათთან კონტაქტში მყოფი ცხოველების დეზაკარიზაცია და იზოლაცია.[1]

28 წლის კაცი დემოდეკოზით და Demodex folliculorum-ის ელექტრონული მიკროგრაფი; პარაზიტის სიგრძე დაახლ. 0,33 მმ-ია.[2]

ადამიანებში დემოდეკოზით უპირატესად ქალები ავადდებიან (დაავადებულთა დაახლ. 90%). ძირითადი გამოვლინებებია: სახის კანის სიწითლე და აქერცვლა (ცხვირტუჩის ნაოჭებში, ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპზე), პაპულებისა და პუსტულების გაჩენა. ზიანდება ასევე წამწამები, ყურის ნიჟარები, თავის თმიანი ნაწილი, კისერი, დვრილის მიდამოები. შესაძლებელია ბლეფაროკონიუქტივიტის (იხ. ბლეფარიტი და კონიუნქტივიტი), კერატიტისა და სხვა დაავადებების წარმოშობა, ასევე თმის ცვენა დაზიანებულ მონაკვეთებზე. დიაგნოზს ადგენენ პუსტულების შიგთავსის, ანაფხეკისა და დაზიანების კერებიდან აღებული ქერცლის ლაბორატორიული გამოკვლევით. მკურნალობენ იმუნომოდულირებადი საშუალებებით; ადგილობრივად — მალამოებით, ემულსიებით.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Василевич Ф. И., Горохов В. В., Санин Б. И. Демодекоз // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 509.
  2. Ran Yuping (2016). „Observation of Fungi, Bacteria, and Parasites in Clinical Skin Samples Using Scanning Electron Microscopy“, რედ. Janecek, Milos: Modern Electron Microscopy in Physical and Life Sciences. InTech. DOI:10.5772/61850. ISBN 978-953-51-2252-4.