დეკადენტობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დეკადენტობა (ფრანგ. decadence< გვიანდ. ლათ. decadentia — დაცემა) — XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ კულტურაში უიმედობისა და ცხოვრებისაგან განდგომის, ინდივიდუალიზმის განწყობილებათა გამოხატულება.

დეკადენტობა ქადაგებს სამოქალაქო მოტივებისა და პოლიტიკისაგან თავისუფალ ხელოვნებას — „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“. მისთვის დამახასიათებელია უკიდურესი ინდივიდუალიზმი, მისტიციზმი. დეკადენტური განწყობილების გამომხატველი ლიტერატურული მიმდინარეობანია სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, სიურრეალიზმი და სხვ. დეკადენტური ხელოვნების ზოგიერთი თავისებურება გაერთიანებულია ტერმინით მოდერნიზმი. დეკადენტობის მოტივები მრავალი გამოჩენილი ხელოვნის შემოქმედებაში აისახა, თუმცა ყველას შემოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დეკადენტურად. დეკადენტური მოტივები ლიტრაში პირველად ფრანგ სიმბოლისტებთან გაჩნდა (პ. ვერლენი, ა. რემბო, ს. მალარმე), რომელთა იდეები და განწყობილებანი შემდგომ განავითარეს საფრანგეთში — პ. ვალერიმ, პ. კლოდელმა, ა. ჟიდმა, მ. პრუსტმა და სხვ.; ინგლისში — დ. გ. როსეტიმ, ო. უაილდმა; გერმანიაში — შ. გეორგემ; იტალიაში — გ. დ’ანუნციომ; ბელგიაში — მ. მეტერლინკმა; ავსტრიაში — ჰ. ჰოფმანსთალმა, რ. მ. რილკემ; რუსეთში — სიმბოლისტმა პოეტებმა (ნ. მინსკი, დ. მერეჟკოვსკი, ზ. გიპიუსი, თ. სოლოგუბი, ვ. ბრიუსოვი, კ. ბალმონტი, ა. ბელი) და ნატურალისტმა პროზაიკოსებმა (მ. არციბაშევი, ა. კამენსკი და სხვ.).

დეკადენტური მოტივები გარკვეულწილად შეიმჩნევა XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურაშიც. სასოწარკვეთილებისა და უიმედობის, დაცემულობისა და სულიერი მარტოობის განცდამ თავი იჩინა იმ ქართველ პოეტთა შემოქმედებაში (ალექსანდრე აბაშელი, გალაკტიონ ტაბიძე და სხვ.), რომლებისთვისაც უცხო იყო დეკადენტური მსოფლაღქმა. დეკადენტობის ესთეტიკურ პოზიციებს ნაწილობრივ იზიარებდნენ „ცისფერყანწელები“ (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, რაჟდენ გვეტაძე). 20-იანი წლების დასაწყისში დეკადენტობის გავლენის ქვეშ წერდა ტერენტი გრანელი. მიმდინარეობის გავრცელებას ხელი შეუწყო გრიგოლ რობაქიძის ლექციებმა და მხატვრულმა თხზულებებმა. დეკადენტობის გარკვეული გავლენა განიცადეს კონსტანტინე გამსახურდიამ და „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ზოგიერთმა სხვა წარმომადგენელმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]