დავით გორდეზიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდეზიანი.
დავით გორდეზიანი
Gordeziani.gif
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი 1937(1937-12-09)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 18 მარტი 2015(2015-03-18) (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია საბურთალოს სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო მათემატიკა
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით გიორგის ძე გორდეზიანი (დ. 9 დეკემბერი, 1937, თბილისი საქართველოს სსრ — გ. 18 მარტი, 2015, თბილისი, საქართველო) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985). მან მიიღო პრინციპული მნიშვნელობის მქონე შედეგები ეკონომიური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგებისა და კვლევისას, ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის დაფუძნებისა და განვითარებისას, მათემატიკური ფიზიკის არაწრფივი ამოცანების შესწავლისას, დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევისას.

1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ); 1964-1968 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, 1968 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში; იყო კომპიუტერულ მეცნიერებათა და სისტემების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1994) და მისი საპატიო პრეზიდენტი (2006), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2007). დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1998, 2010) და საქართველოს ღირსების ორდენით (1998).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გიორგის ძე გორდეზიანი დაიბადა 1937 წლის 9 დეკემბერს ქალაქ თბილისში. 1956 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1961 წელს იქვე ჩაირიცხა ასპირანტურაში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი შალვა მიქელაძე. 1966 წელს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გამოთვლით მათემატიკაში. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. 1964 წელს დავით გორდეზიანმა მუშაობა დაიწყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1968 წელს გადავიდა თსუ-ის სამეცნიერო-კვლევით პრობლემურ ლაბორატორიაში, რომლის ბაზაზე იმავე წელს შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1970 წლიდან დავით გორდეზიანი ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტის რიცხვითი მეთოდების განყოფილებას. 1971-1972 წლებში გადიოდა სტაჟირებას საფრანგეთში, პარიზის VI უნივერსიტეტის რიცხვითი ანალიზის ლაბორატორიასა და გრენობლის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, აკადემიკოს ჟ. ლ. ლიონსის ხელმძღვანელობით. 1982 წელს მოსკოვის მ. ი. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო აკადემიკოსი ა. ნ. ტიხონოვი. 1985 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

დავით გორდეზიანი 1979 წლიდან 1985 წლამდე იყო თსუ-ს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1985 წლიდან 2006 წლის ბოლომდე კი დირექტორი. იმავდროულად, 1984-2006 წლებში იყო თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. 2006 წლიდან 2009 წლამდე იყო თსუ-ს სრული პროფესორი, 2009 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი ემერიტუს-პროფესორი და ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1996-2006 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 2008-2015 წლებში – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

დავით გორდეზიანი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის ავტორია, აქვს 4 გამოგონება. მან აღზარდა მრავალი მეცნიერი, რომელთაგან ზოგიერთი ნაყოფიერად მუშაობდა და ახლაც მუშაობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. დავით გორდეზიანი იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

1993 წელს აირჩიეს კომპიუტერულ მეცნიერებათა და სისტემების საერთაშორისო აკადემიის წევრად. იგი აგრეთვე იყო საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი და შემდგომში მისი საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკური მოდელირების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იგი 1985-2006 წლებში იყო თსუ-ს სამეცნიერო საბჭოს წევრი, რამდენიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველო-ესპანეთის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის „გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და მექანიკა“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი. დავით გორდეზიანი იყო მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელი და ძირითადი შემსრულებელი. სამეცნიერო, პედაგოგიური და სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობისათვის ორგზის იყო დაჯილდოებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, საქართველოს ღირსების ორდენით.

დავით გორდეზიანის ინიციატივით თსუ-ში ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფუნქციონალური ანალიზის მეთოდების გამოყენებით კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების მიახლოებითი ამოხსნისთვის. მან მიიღო პრინციპული მნიშვნელობის მქონე შედეგები ეკონომიური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების]აგებისა და კვლევისას, ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის დაფუძნებისა და განვითარებისას, მათემატიკური ფიზიკის არაწრფივი ამოცანების შესწავლისას, დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევისას. მის ნაშრომებში განვითარებულია ფიზიკის, ქიმიის, ეკოლოგიის, სამშენებლო მექანიკისა და ჰიდროგაზოდინამიკის კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების თანამედროვე მეთოდები. დავით გორდეზიანის კვლევის შედეგები შეტანილია მსოფლიოში აღიარებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში, მოხსენიებულია ენციკლოპედიურ და მიმოხილვითი ხასიათის სტატიებში.

პროფესორი დავით გორდეზიანი გარდაიცვალა 2015 წლის 18 მარტს, დაკრძალულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]