დავითი (ღამბაშიძე)
დავითი (გვარად ღამბაშიძე) [დ. 1842, ყვირილა (ახლანდ. ზესტაფონი), — გ. 21 დეკემბერი, 1910, იქვე] — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, დეკანოზი; პუბლიცისტი, რედაქტორ-გამომცემელი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დავით ღამბაშიძე დაიბადა 1841 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ყვირილაში (ამჟამინდელი ზესტაფონი), მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1855 წელს მამამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავითის მეუღლე, ოლღა (გურანდუხტ) ყაზბეგი, ალექსანდრე ყაზბეგის მამიდაშვილი იყო. დავითს სამი შვილი ჰყავდა: ვახტანგი (დ. 1872- გ. 1951) - ცნობილი ექიმი, კურორტ ცემის დამაარსებელი და შემდგომში საფრანგეთში ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, მის ხელში გარდაიცვალა მისი მეგობარი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დავით (დათიკო) ღამბაშიძე (დ. 1884 - გ. 1963, იტალია) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მეცენატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ელჩი დიდ ბრიტანეთში და ქსენოფონტე - მამის მსგავსად სასულიერო პირი და მიხეილი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.[2]
სასულიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სემინარიის დამთავრების შემდეგ სურდა, სამედიცინო განათლება მიეღო, თუმცა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) თხოვნით, სასულიერო გზას დაადგა. 1867 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დავითი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1868 წელს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1868-1873 წლებში შროშის წმინდა გიორგის, 1873-1875 წლებში დანაეთის წმინდა გიორგის, 1875-1887 წლებში კი ცხრაწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახურობდა. 1887 წელს მღვდელი დავითი ყვირილას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1891 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1905 წლის ივნისში ენქერი ეწყალობა. დეკანოზი დავითი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხანას, იყო მთავარხუცესი და სამღვდელოების სულიერი მოძღვარი. ზემო იმერეთში „დიდ დეკანოზად“ მოიხსენიებდნენ.[2]
საგამომცემლო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგამომცემლო საქმიანობის დაწყებამდე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“ და სხვა გამოცემებთან. 1883–1910 წლებში მისი რედაქტორობით დაბა ყვირილაში გამოდიოდა რუსული დამატებით (1886–1903) სასულიერო ორკვირეული ჟურნალი „მწყემსი“, რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. დავითი იბრძოდა რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ. როცა მას კატეგორიულად მოსთხოვეს საღმრთო რჯულის რუსულ ენაზე სწავლება, პროტესტის ნიშნად პედაგოგობას თავი დაანება. დავითი პუბლიცისტურ წერილებში იცავდა ავტოკეფალია წართმეული საქართველოს ეკლესიის უფლებებს. მის შრომებს შორის აღსანიშნავია „ექიმი იოანე გომართელი და მისი მსჯელობა, „თუ რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება?“, „სახალხო სააქიმო წიგნი კარაბადინი“ და სხვა.[3]
ნაშრომები და პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღამბაშიძე, დავით (შემდგენელი), სახელმძღვანელო წიგნი.
- ღამბაშიძე, დავით, წესდებულება სასულიერო კონსისტორიათა.
- ღამბაშიძე, დავით (შემდგენელი), გაენათის მონასტერი და ცხოვრების აღწერილობა მეფის დავით III აღმაშენებელისა.
- Гамбашидзе, Д.В., Гаенатский монастырь и жизнеописание благоверного царя Давида III Возобновителя.
- ღამბაშიძე, დავით (შემდგენელი), სახალხო საექიმო წიგნი კარაბადინი.
- ღამბაშიძე, დავით (შემდგენელი), გელათის მონასტერი და ცხოვრების აღწერილობა მეფის დავით III აღმაშენებელისა.
- ღამბაშიძე, დავით (შემდგენელი), მეფე სოლომონ ბრძენი.
- ღამბაშიძე, დავით, ექიმი იოანე გომართელი თავის აზრებს ხშირად უარყოფს.
- ღამბაშიძე, დავით, ჩვენი ქვეყნის უცხოეთთან ვაჭრობის მიმოხილვა (1884-1912 წლამდე).[3]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1910 წლის 21 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა გამორჩეული პატივით გაიმართა 30 დეკემბერს. პროცესიას მიუძღოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი). გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოსთქვეს დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და სხვებმა. ავადმყოფობის გამო დაკრძალვას ვერ დაესწრო აკაკი წერეთელი, რომელმაც სამძიმრის წერილი გამოგზავნა. იგი დაკრძალეს მის მიერვე განახლებულ ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში.[2]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (1891)
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი (1896)
- ენქერი (1905)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კ. გ-ლი [კონსტანტინე ანთიძე], დეკანოზი დავით ღამბაშიძე, «სახალხო გაზეთი», 1910, №193;
- მიუდგომელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე, გაზ. «თემი», 1911, №4;
- ბუბულაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 288.
- ბუბულაშვილი, ე. დავით ღამბაშიძე, გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, №4, 2002.
- ღამბაშიძე, ნინო. ვახტანგ ღამბაშიძე - ცხოვრება და მოღაწეობა // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები / ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბილისი, 2010. - N1(7). - გვ.200-226.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული ენის ციფრული ლაბორატორია. საქართველოს უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის ბიოგრაფია. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ციფრული არქივი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2025-09-24.