გურჯაანის მიქელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ხევისუბნის ცენტრში. განეკუითვნება XIX საუკუნეს.

2009 წელს ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაუბრუნდა პირვანდელი სახე. კეთილმოწყობილია მისი მიმდებარე ტერიტორია. ეკლესიის სამხრეთით, 10 მეტრზე აშენდა ორსართულიანი სამრეკლო და ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც სამრეკვლოს სამხრეთიდან ეკვრის.

ეკლესია დარბაზულია (14.9 X 8.9 მეტრზე), ნაგებია აგურითა და კირის დუღაბით. აქვს ორი თაღოვანი შესასვლელი: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი ხისაა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ამ სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდე შვიდი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი დასავლეთ კედელშია შესასვლელის ზემოთ, ხოლო სამ-სამი - ერთმანეთის სიმეტრიულად გრძივ კედლებში. ამ უკანასკნელთაგან განაპირები, შუა სარკმელთან შედარებით უფრო დაბალია და კედლის ქვედა ნაწილშია მოქცეული. შიგნით, ოთხივე სარკმლის ქვემოთ მოწყობილია თითო სწორკუთხა ნიშა. შიდა სივრცე ერთიანია, გადახურულია შეისრული კამარით რომელიც ეყრდნობა იგივე ფორმის ოთხ საბჯენ თაღს, ხოლო თაღები-ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებულ პილასტრებს. პილასტრებს შორის კედელი საფეხურით ღრმავდება და დასრულებულია შეისრული თაღით. საკურთხეველი დანარჩენის სივრცისგან ხის მოჩუქუღთმებული კანკელითაა გამოყოფილი. საკურთხეველში, აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული, ჩრდილოეთ კედელზე კი, მსგავსი ფორმის სამსხვერპლო. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ორი საფეხურით მაღალია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.

იატაკი მოგებულია მარმარილოს ფორმებით (რესტავრაციის დროინდელია).

2005-2006 წლებში ეკლესიის საკურთხეველი მოხატა ეკლეიის წინამძღვარმა მამა მიქაელმა.

ეკლესიის ოთხივე ფასადი ერთმანეთის მსგავსადაა გაფორმებული. ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თითო განიერი და მაღალი თაღით. გრძივ ფასადებზე თაღები გამოყვანილია კედლის ოდნავ შვერილ ნაწილზე, რომელიც განაპირა სარკმლებს შორისაა მოქცეული და სიგანით განივი ფასადის ტოლია. ოთხივე თაღის არეში ჩასმულია გაცილებით მცირე ზომის თაღები. სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე ამ თაღებში ეკლესიის შესასვლელებია მოქცეული, ხოლო დანარჩენ ორში-საფეხურით შეღრმავებული ყრუ თაღი. მათგან აღმოსავლეთ ფასადის თაღში წყობის შეღრმავებით გამოსახულია საფეხურებიან ბაზისზე დაყრდნობილი მაღალი ჯვარი. ამ ჯვრის გარდა ფსადზე კიდევ ორი ჯვარია, რომლებიც მცირე თაღის ორივე მხარეს ოდან ზემოთ არიან განლაგებულნი. ორივე ჯვარს წაწვეტებული მკლავები აქვს და ირგვლივ ორსაფეხურიანი საპირე ევლება. ფასადის ზედა ნაწილში, ღერძზე საკურთხევლის სარკმელია, რომელსაც ასევე საპირე აქვს შემოვლებული. საპირე დაყრდნობილია წყობიდან გამოშვერილი აგურებისა ორი რიგით გამოყვანილ სამკუთხედზე, რომელიც წვერით პატარა როზეტზეა დაბჯენილი. ანალოგიურადაა გაფორმებული დასავლეთით და გრძივი ფასადების ზედა ნაწილში გაჭრილი სარკმლებიც, წყობიდან საფეხურით შვერილი საპირე ევლება გრძივი ფასდადების ქვედა ნაწილში მოქცეულ სარკმლებსაც, თუმცა მათი ძირი გახსნილია.

ეკლესიის ოთხივე ფასადზე, ერთ დონეზე, სიმეტრიულად განლაგებულია საჰაერო ხვრელები.

კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნით რომლის პროფილს შეადგენს ლილვი და წრეთარგი. ეკლესიის სახურავის კეხზე (დასავლეთ კიდეში) შემორჩენილია აგურის სამრეკლოს წრიული საფუძველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]