შინაარსზე გადასვლა

გროზნოული ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გროზნოული ცხვარი[1] — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში სამატყლე მიმართულებისა. გამოყვანილია დაღესტანში, საშენ საბჭოთა მეურნეობაში „ჩერვლიონიე-ბურუნი“ 1929–1950 წლებში ახალკავკასიური და მაზაევის ჯიშის წმინდამატყლიანი ნერბის შეჯვარებით ავსტრალიური მერინოსის ერკემალთან. თეთრი ფერის, მაგარი კონსტიტუციის ცხვრებია, ყელზე 2–3 ნაოჭი აქვთ, ერთი წინსაფარივითაა. ნერბები, როგორც წესი, ურქოებია. მათი სიმაღლე მინდაოში 59–62 სმ შეადგენს, ერკემლისა 63–66 სმ; ცოცხალი მასა 45–52 კგ და 80–95 კგ შესაბამისად. ნაყოფიერება 100 ნერბზე 130–140 ბატკანია. მატყლი მაღალი ტექნოლოგიური თვისებებისაა, გრძელი, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბზინვარებით. მატყლის სიგრძე 8–8,5 სმ-მდეა (უდიდესი — 13 სმ-მდე), სიმსხო 18–23 მკმ; 64–70-ე ხარისხის. ნერბის ნაპარსი 6–6,5 კგ-ს შეადგენს (უდიდესი — 12,5 კგ-მდე), ერკემლისა 14–15 კგ-ს (უდიდესი — 25 კგ-მდე); სუფთა მატყლის გამოსავალი 50% და მეტია. ცხიმოფლი თეთრი ან ღია კრემისფერია, კარგი ხარისხის. გროზნოული ცხვარი შეგუებულია მშრალი სტეპის გარემო პირობებს, კარგად იყენებს იშვიათი ბალახით დაფარულ საძოვრებს. გავრცელებულია კასპიისპირა დაბლობის, ყალმუხეთის აღმოსავლეთ და ასტრახანის ოლქის მშრალ რაიონებში. საუკეთესო ფარები დაღესტანსა და ყალმუხეთშია (რუსეთი). გროზნოული ჯიშის ერკემლები გამოიყენება სხვა წმინდამატყლიანი ცხვრების მატყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

  • Овцеводство, под ред. П. А. Есаулова и Г. Р. Литовченко, М., 1963;
  • Новикова Н. А. Грозненская порода // Большая советская энциклопедия, т. 7 — М. : Советская энциклопедия, 1972;
  • Овцеводство / Под ред. Г. Р. Литовченко, П. А. Есаулова. М., 1972. Т. 2;
  • Семенов С. И., Селькин И. И. Овцы // Генетические ресурсы сельскохозяйственных животных в России и сопредельных странах. СПб., 1994;
  • Жиряков А. М. ГРОЗНЕНСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 31.
  1. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-შენახვა გვ. 66. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020.