შინაარსზე გადასვლა

გრეის მუგაბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეის მუგაბე
ინგლ. Grace Mugabe
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1965(1965-07-23) (59 წლის)
დაბადების ადგილი Benoni
მოქალაქეობა  ზიმბაბვე
განათლება ზიმბაბვეს უნივერსიტეტი და Renmin University of China
მეუღლე/ები რობერტ მუგაბე
შვილ(ებ)ი ბონა მუგაბე

გრეის მუგაბე (ინგლ. Grace Ntombizodwa Mugabe; დ. 23 ივლისი, 1965, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ზიმბაბველი პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს ქვრივი. ზიმბაბვეს პირველი ლედი 1996-2017 წლებში. პარტიიდან გარიცხეს 2017 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.

გრეის მუგაბე დაიბადა 1965 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და იყო მეოთხე შვილი ოჯახში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ჩივუში, რომელიც მაშინდელი სამხრეთ როდეზიის (ამჟამად ზიმბაბვე) ტერიტორიაზე მდებარეობდა. 5 წლის ასაკში იგი დედასთან გააგზავნეს სამხრეთ როდეზიაში, ხოლო მამა სამუშაოდ დარჩა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. დაასრულა ჩივუს დაწყებითი სკოლა და მანიკალანდის კათოლიკური სკოლა. ცოლად გაჰყვა სტენლი გორერაზს, ზიმბაბვეს საჰაერო ძალების პოლოტს. დაოჯახების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ მუფაკოზში, ჰარარეს გარეუბანში. მათ შეეძინათ შვილი რასელი.

კოლეჯის შემდეგ მალევე მუშაობა დაიწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც ჯერ მემანქანედ, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს მდივნად მუშაობდა. პრეზიდენტმა მის მიმართ ყურადღება გამოავლინა. მიუხედავად 40-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა მათ შორის სასიყვარულო ურთიერტობა დაიწყო. ქორწინების გარეშე, ფარულად მათ შეეძინათ ორი შვილი ბონა და რობერტ უმცროსი.

1992 წელს რობერტ მუგაბეს მეუღლე სალი ჰაიფრონი გარდაიცვალა, ხოლო 1996 წელს გრეისი ცოლად გაჰყვა მუგაბეს. მალევე დაიბადა მათი მესამე შვილი ჰატუნგა.

ხელისუფლებისათვის ბრძოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ მუგაბეს დაბერების შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა გამწვავდა. გრეისი გამოდიოდა მიტინგებზე და პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისაგან მოითხოვდა მონანიებასა და საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდას. გრეისმა თავის გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა მინისტრების ჯგუფი, ჩამოაყალიბა G40-ის დაჯგუფება და მოიშორა ძველი მეგობრები საფღთხის თავიდან აცილების მიზნით. ე. წ. „ორმოცწლიანები“ დაუპირისპირდნენ ე. წ. „ნიანგების“ დაჯგუფებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა თეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა. 2014 წელს გრეის მუგაბემ გააკრიტიკა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯოის მუჯურუ, დამოუკიდებლობისათვის ომის გმირი, რომელიც დაადანაშაულა ქმრის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მუჯურუსთან დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი აღიქმებოდა რობერტ მუგაბეს შემცვლელად.

პირველ ლედის განუსაზღვრელი გავლენა ჰქონდა მეუღლეზე. ინტერნეტში გაჩნდა მიმი, სადაც გრეის მუგაბეს ადარებდნენ სერიალ „სატახტოთა თამაშის“, ამორალურ და ბოროტ გმირს სერსეი ლანისტერს.

მას საპრეზიდენტო ამბიციები გაუჩნდა და საჯაროდ აცხადებდა:

ვიკიციტატა
„ამბობენ, რომ მე პრეზიდენტობა მინდა. რატომაც არა? მე რა, არ ვარ ზიმბაბველი?“

არმია დიდი ხნის განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მაგრამ გენშტაბის ხელმძღვანელმა კონსტანტინო ჩივენგამ განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ხელისუფლებაში ისეთი ადამიანის მოსვლას, რომელიც არ მონაწილეობდა თეთრი კოლონიზატორების წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

2017 წლის ნოემბრის დასაწყისში გრეის მუგაბემ მიაღწია მნანგაგვას გათავისუფლებას, რითაც გზა გაიხსნა მეუღლის თანამდებობისაკენ. ეს გახდა მუგაბეს ეპოქის დასასრულის დასაწყისი. 14 ნოემბრის დილას შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დაიკავეს ჰარარეს მნიშვნელოვანი პოზიციები. მეორე დღეს პრეზიდენტი და მისი მეუღლე, მთელ რიგ ჩინოვნიკებთან ერთად დააპატიმრეს. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენა რობერტ მუგაბე, იმის გამო, რომ მან მის მეუღლეს ძალაუფლების უზურპაციისა და მისთვის სასურველი მოხელეები დანიშვნის საშუალება მისცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]