გომარეთის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომარეთის ფაუნა — გვიანი პლიოცენის ეპოქის ნამარხ ძუძუმწოვართა კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აღმოჩენილია გომარეთის მიდამოებში. ცხოველთა ნაშთების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი სახეობები: Ursus arvernensis (დათვის გვარის წარმომადგენელი), Anancus arvernensis (ანანკუსის გვარიდან), Hipparion crusafonti [ახლანდ. Hipparion rocinantis crusafonti (ჰიპარიონის გვარიდან)], Dicerorhinus megarhinus (სუმატრული მარტორქის გვარიდან), Procapreolus sp. (ირმისებრთა ოჯახიდან) და Giraffa sp. (ჟირაფისებრთა ოჯახიდან).[1]

გომარეთის ფაუნა აშკარად ჰგავს ქვაბების მდიდარ გვიანპლიოცენურ (აღჩაგილურ) ფაუნას, თუმცა მისგან ყველაზე მეტად ჟირაფის არსებობა განასხვავებს. ამ აღმოჩენამდე Giraffinae-ს ქვეოჯახის გვიანპლიოცენური წარმომადგენლები მხოლოდ ცენტრალური აზიიდან იყო ცნობილი, იგი ასევე საბჭოთა კავშირის მესამეული სისტემის პირველი ნამარხ ჟირაფს წარმოადგენდა. მისი აღმოჩენილი ნაშთების კოლექცია შეიცავს სხივისა და იდაყვის ძვლების ნატეხებს, მაჯის მთლიან დიდ ძვალსა და წინა მეტაპოდიუმს, რომელსაც ზედა ბოლო მომტვრეული აქვს, ქვედა კი — დაზიანებული. სხივისა და იდაყვის ძვლები მეტად ფრაგმენტულია. ეს ჟირაფი Giraffa-ს გვარს მიაკუთვნეს, თუმცა საკვლევი მასალის ცუდი მდგომარეობის გამო, მისი ამ გვარის რომელიმე წარმომადგენელთან გაიგივება ვერ მოხერხდა. გამოთქმულია ჰიპოთეზა, რომ იგი Giraffa-ს გვართან ახლოს მდგომ აქამდე უცნობ გვარსაც შეიძლება წარმოადგენდეს.[1]

Giraffa-ს ნამარხის წარმომადგენლები მხოლოდ ჰიპარიონული ფაუნის შემადგენლობაში გვხვდებოდა. ფიქრობდნენ, რომ აქ ამ ჟირაფების არსებობა გვიანი მიოცენითა და ადრეული პლიოცენით იფარგლებოდა და რომ აფრიკაში მათ უნდა შეეღწიათ ცენტრალური აზიიდან, სადაც ისინი არსებობდნენ მთელი პლიოცენისა და პლეისტოცენის მანძილზე. გომარეთის მონაპოვარი მოწმობს პლიოცენის ბოლოს ჟირაფების გავრცელებას ამიერკავკასიასა და მცირე აზიაში და მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა Giraffa-ს პროქორეზის აფრიკისაკენ მიმავალი გზებიც. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქვაბების აღჩაგილურ კომპლექსში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხრეთაფრიკული ტიპის ანტილოპებს, რომლებიც, ასევე მიუთითებენ აფრიკის თანამედროვე ძუძუმწოვრების ფაუნასთან კავშირზე. გომარეთის ფაუნის მეტად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ საქართველოს გვიან პლიოცენის ლანდშაფტის აღდგენისათვის. ისევე, როგორც Hipparion crusafonti, ის უდავოდ მოწმობს სავანური პირობების საკმაო გავრცელებას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გაბუნია ლ., ბუაჩიძე ც. გვიანი პლიოცენის ჟირაფის პირველი მონაპოვარი საბჭოთა კავშირში // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, [ტ.] 57, №1, 1970, გვ. 241–243.