შინაარსზე გადასვლა

გოდორყური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოდორყური — ტირიფის წნელით მოწნული დიდი, დაახლოებით 3 მ სიმაღლისა და 2 მ სიგანის გოდორი მდინარის ნაპირის გასამაგრებლად, ან სარწყავი არხის სათავეში წყლის გადასაშვებად. ქვემოდან გამაგრებული იყო მიწაში ჩასარჭობი მანებით (მარგილებით). გოდორყურს მდინარის კალაპოტში შერჩეულ, ამოსუფთავებულ ადგილას დგამდნენ და რიყის ქვით ავსებდნენ. მდინარის კალაპოტისა და არხის სიდიდის შესაბამისად, სათავეში ზოგჯერ მეორე ან მესამე გოდორყური იდგმებოდა ისე, რომ წყალში ცერად ყოფილიყო წაზიდული. გოდორყურს ფართოდ იყენებდნენ ქართლ-კახეთში. აგებდნენ ადრე გაზაფხულზე, მდინარეების ადიდებამდე.

გოდორყური ასევე ეწოდება სათევზაო გოდორს, რომელშიც ჩადგმულია ძაბრისმაგვარი ყელი. გოდორყურს მდინარეში ისე აწვენენ, რომ ფართო პირი წყლის დინებისაკენ ჰქონდეს მიმართული და ძაბრის ნასვრეტი სანახევროდ წყლით დაიფაროს. თავგადაშლილი პირიდან თევზი შიგ შედის, უკან კი ვეღარ გამოდის.