გიორგი სიდამონიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი კონსტანტინეს ძე სიდამონიძე (დ. 26 დეკემბერი, 1896, გორი — გ. 22 მაისი, 1971, სან-ფრანცისკო, აშშ) — ქართველი გენერალი ჩინეთის არმიაში. იქ მას გენერალ სი და მას სახელით იცნობდნენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი კონსტანტინეს ძე სიდამონიძე 1896 წლის 26 დეკემბერს ქალაქ გორში დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი სკოლა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. სამოქალაქო ომში, აღმოსავლეთის ფრონტზე, თეთრების მხარეს იბრძოდა. მონაწილეობდა ციმბირის „დიდ ყინულოვან“ ლაშქრობაში. 1920 წელს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო 15 ნოემბერს უფის მე-2 დივიზიას ჩაუდგა სათავეში. 1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა პოლკს უფაში, მონაწილეობდა ხაბაროვსკის ლაშქრობაში და ორჯერ დაიჭრა ბრძოლებში. მომდევნო წლის 2 ნოემბერს, თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად, ჩინეთში გადავიდა. ემიგრაციაში გიორგი სიდამონიძე მანჯურიაში ქალაქ გირინში ცხოვრობდა. 1923 წელს მარშალ ჩჟან ცილინის არმიაში შევიდა, სადაც 27 წლის ასაკში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და შანდუნის დივიზიის რუსული ბრიგადის მეთაურად დანიშნეს. მონაწილეობდა ჩინეთში გაჩაღბულ სამოქალაქო ომში 1924-1928 წლებში. მარშლმა ჩჟან ცუჩანმა გენერალ-მაიორი გიორგი სიდამონიძე 1926 წლის 9 დეკემბერს „უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარშალმა თავის სამადლობელ სიტყვაში განაცხადა:

ვიკიციტატა
„ლეგენდარული გენერალი სი და მა ჯოლდოვდება პირადი მამაცობისთვის, ბოლშევიკებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისთვის.“

1945 წელს გიორგი სიდამონიძე ქალაქ შანხაიში გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც მანჯურია საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. შანხაიში სიდამონიძე დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით. 1949 წელს გენერალი აშშ-ში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1971 წელს, 75 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოში. გიორგი სიდამონიძე იქვე დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 184-185, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • მამუკა გოგიტიძე, ჩინეთის არმიის გენერალი სი და მა - გორელი გიორგი სიდამონიძე, ჟურნალი ისტორიანი, მაისი, №5, 2014.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]