გიორგი გურჯიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი გურჯიევი
Georges Gurdjieff.JPG
გურჯიევი 1925-1935 წლებს შორის
დაბადების სახელი გიორგი ივანოვიჩ გურჯიევი
დაბადების თარიღი 1866–1877 წლებს შორის
ალექსანდროპოლი, რუსეთის იმპერია.(დღევანდელი სომხეთი , გიუმრი)
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი 1949 (71–83 წლის)
საფრანგეთი

გიორგი ივანეს ძე გურჯიევი (დ. 31 მარტი 1866/14 იანვარი, 1872/28 ნოემბერი, 1877, ალექსანდროპოლი, რუსეთის იმპერია, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი, — გ. 29 ოქტომბერი, 1949, პარიზი) — თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი.

გურჯიევის მოძღვრების თანახმად, ადამიანი არასრულქმნილი იბადება, მისი ცნობიერება მთვლემარე მდგომარეობაშია, რის გამოც ინსტინქტები სჭარბობს ცნობიერ ქცევებს. საჭიროა ჩვენი ნამდვილი „მე“-ს აღმოჩენა, არაცნობიერი ქცევის აღკვეთა და ცნობიერების სრული ამოქმედება. ამ პროცესს იგი ადამიანის ევოლუციას უწოდებს და სულის უკვდავყოფის გზად სახავს. გურჯიევი თვლის, რომ ადამიანი თვითგანვითარებადი სისტემაა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია. გურჯიევს მოწაფეები და თაყვანისმცემლები უწოდებდნენ „კაცობრიობის სულიერი კულტურის განმაახლებელს“, „დიდ მოგვს“, „უდიდეს მოაზროვნეს“, რომელიც იღვწოდა დასავლეთის კულტურის დეკადანსისა და დაღუპვისაგან გადასარჩენად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით ბერძენი, გიორგი გურჯიევი დაიბადა ალექსანდროპოლში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი).[1][2] ბავშვობა ალექსანდროპოლში, ყარსსა და თბილისში გაატარა. შეისწავლა ქართული ენაც.ახალგაზრდობიდანვე მოგზაურობდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, წლების განმავლობაში ცხოვრობდა ტიბეტში. დაეუფლა იოგების მოძღვრებას, ოკულტიზმსა და სპირიტიზმს. 1913 წელს მოსკოვსა და პეტერბურგში შემოიკრიბა მიმდევართა დიდი ჯგუფი. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ესენტუკში, თბილისში, სტამბოლსა და პარიზში. 1919 წელს თბილისში გახსნა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მას გამოუყო ორსართულიანი შენობა (ნიკოლოზის ქუჩა №22, ახლანდ ივანე ჯავახიშვილის ქუჩა), სადაც გურჯიევი ატარებდა საჯარო ლექციებს თავისი მოძღვრების ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ძირითად საკითხებზე. თბილისში ურთიერთობა ჰქონდა მწერალ გრიგოლ რობაქიძეთან, თანამშრომლობდა კომპოზიტორ თომას ჰარტმანთან, მხატვარ ალექსანდრე ზალცმანთან, ჟაკ დალკროზის სისტემის თბილისის რიტმული ტანვარჯიშის სკოლის დამაარსებელ ჟანა მატინიონ-ზალცმანთან. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავდაპირველად პარიზის მახლობლად (ფონტენბლო), ხოლო 1933 წლიდან კი – პარიზში. აქ შეიქმნა გურჯიევის „ყველა და ყველაფერი (ანუ ბელზებელის საუბარი თავის შვილიშვილთან)“ და სხვა თხზულებები, რომლებსაც ავტორის გარდაცვალების შემდეგ აქვეყნებდნენ მისი მოწაფეები. 2007 წელს თბილისში იტალიის საელჩოს ეგიდით ჩატარდა გურჯიევისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ რეალობის აღქმა ამჟამინდელ მდგომარეობაში, რადგან ისინი არ აღიარებენ, რომ ცხოვრობენ ჰიპნოტიკურ, „ძილში მოსიარულე“ მდომაგეობაში. „ადამიანი თავის სიცოცხლეს ატარებს ძილში და ამ ძილშივე კვდება“ — ამბობდა ის.[3] შედეგად, თითოეული პიროვნება რეალობას სუბიექტური პერსპექტივიდან აღიქვამს. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანები ავტომატურად/მექანიკურად ცხოვრობენ და ფუნქციონირებენ, მაგრამ ადამიანს შეუძლია, რომ „გამოფხიზლდეს“ და იქცეს ახალი ტიპის ადამიანად.[4]

თვითგანვითარების სწავლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯიევი ამბობდა, რომ დედამიწაზე არსებულმა დღევანდელმა რელიგიებმა და სულიერმა ტრადიციებმა დაკარგეს თავიანთი თავდაპირველი დანიშნულება და მნიშვნელობა, ამიტომ ისინი ვეღარ ემსახურებიან კაცობრიობას იმ სახით, როგორითაც ისინი იყვნენ ჩაფიქრებულნი. ამიტომ, ადამიანებს აღარ შეუძლიათ გააანალიზონ უძველესი სწავლებები, რის შედეგადაც ისინი უფრო და უფრო მექანიკურები ხდებიან.

გურჯიევის მიხედვით, როგორც წესი, ადამიანის სამი ცენტრიდან: ემოცია, ფიზიკური სხეული, გონება — მხოლოდ ერთს ავითარებს თანამედროვე რელიგიები და სექტები, ისიც ამ ერთ ცენტრს ავითარებს, სხვა ცენტრების ხარჯზე. შედეგად, ჩვენ ვერ ვიღებთ სრულყოფილ ადამიანს. უფრო მეტიც, მათ ვისაც სურს, რომ გაყვეს სპირიტუალური ცოდნის ტრადიციულ გზებს (გურჯიევი გამოყოფს სამ გზას: ფაკირის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე; ბერის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ემოციურ განვითარებაზე და იოგის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის გონებრივ განვიტარებაზე), ისინი აუცილებლად თმობენ ამქვეყნიურ ცხოვრებას. გურჯიევმა განავითარა „მეოთხე გზა“,[5] რომელიც შეესაბამებოდა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებსა და ცხოვრების წესს, ევროპასა და ამერიკაში. ცალ-ცალკე გონების, ემოციებისა და სხეულის განვითარების მაგივრად, მან განავითარა სწავლება, რომელიც სამივე ცენტრის ჰარმონიულ, დაბალანსებულ განვითარებას უზრუნველყოფდა.

გურჯიევი ფიქრობდა, რომ სხვა სასულიერო ტრადიციების პარალელურად, პიროვნებამ თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა გამოიღვიძოს ის, რადგან ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მექანიკური ცხოვრების წესით ცხოვრობს.[6] ის ასევე ამბობდა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა იმდენად რთული არაა, რამდენადაც ამ ყოველივეს სურვილი.[7] გურჯიევს არასდროს მიუნიჭებია დიდი მნიშვნელობა ტერმინ „მეოთხე გზისთვის“, ამ ტერმინს ის არც თავის ნაწერებში არ იყენებდა. მისი მოსწავლე, პეტრე უსპენსკი გურჯიევის იდეების სწავლებისას იყენებდა ამ ტერმინს და ანიჭებდა მას დიდ მნიშვნელობას. უსპენსკის სიკვდილის შემდეგ კი მისმა სტუდენტებმა გამოაქვეყნეს წიგნი „მეოთხე გზა“, მის ლექციებზე დაყრდნობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Challenger, Anna T. (2002). Philosophy and Art in Gurdjieff's Beelzebub: A Modern Sufi Odyssey. Amsterdam: Rodopi, გვ. 1. ISBN 9789042014893. 
  2. http://www.cambridgescholars.com/download/sample/58952 Cambridge Scholars Publishing. Edited by Michael Pittman. G. I. Gurdjieff: Armenian Roots, Global Branches. During the early period after Gurdjieff’s arrival in Europe in 1921 he gained significant notoriety in Europe and the United States... In October of 1922, Gurdjieff set up a school at the Prieuré des Basses Loges at Fontainebleau-Avon, outside of Paris. It was at the Prieuré that Gurdjieff met many notable figures, authors, and artists of the early twentieth century, many of whom went on to be close students and exponents of his teaching. Over the course of his life, those who visited and worked with him included the French author René Daumal; the renowned short story author from New Zealand, Katherine Mansfield; Kathryn Hulme, later the author of A Nun's Life; P. L. Travers, the author of Mary Poppins; and Jean Toomer, the author of Cane, whose work and influence would figure prominently in the Harlem Renaissance... Numerous study groups, organizations, formal foundations, and even land-based communities have been initiated in his name, primarily in North and South America and Europe, and to a lesser extent, in Japan, China, India, Australia, and South Africa. In 1979, Peter Brook, distinguished British theater director and author, created a film based on Meetings with Remarkable Men.
  3. P.D. Ouspensky (1949), In Search of the Miraculous
  4. Jacob Needleman, G. I. Gurdjieff and His School Archived 2003-04-02 საიტზე Wayback Machine.
  5. P.D. Ouspensky (1949), In Search of the Miraculous, Chapter 2
  6. Gurdjieff International Review. Gurdjieff.org. ციტირების თარიღი: 2014-03-02.
  7. Gurdjieff, George. Views from the real world. E. P. Dutton & Co., Inc., გვ. 214. ISBN 0-525-47408-0.