თეოსოფია


თეოსოფია (ძვ. ბერძნ. θεοσοφία) — რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიზანია ადამიანის და მის გარემომცველ სამყაროში ღვთის სულის ძიება.
არის ორი მიმართულების თეოსოფია: ქრისტიანული და ზოგადრელიგიური. უფრო პოპულარულია მეორე, რომელსაც მოდერნისტულ, ანუ თანამედროვე თეოსოფიას უწოდებენ. წარმოიშვა შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის ბოლოს. მისი ფუძემდებელი იყო რუსი მისტიკოსი ელენა ბლავატსკაია.[1] თეოსოფია ერთი რომელიმე რელიგიით შემოფარგლული არ არის და მისი მიდევარი შესაძლოა ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი იყოს.
ცნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი თეოსოფია ბერძნული სიტყვაა და ღვთის, ღვთაებვრივ სიბრძნეს ნიშნავს. ის ცნობილია II საუკუნიდან, როდესაც იგი გამოიყენეს ნეოპლატონებმა: ამონ საკასმა და მისმა მოსწავლეებმა, ფილოსოფიური სისტემის შემქმნელებმა, რომელთა მთავარი მიზანიც იყო ყველა რელიგიის ნდობის მოპოვება, უნივერსალური პრინციპის დამტკიცებით, რომელიც მარადიულ ჭეშმარიტებაზე იქნებოდა დაფუძნებული.
არსებობს თეოსოფიის ორი განმარტება. ისტორიკოსების და მკვლევართა მიხედვით თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობაა. ის განსხვავდება ტეოლოგიისგან და ინდივიდუალურ შთაგონებას ეფუძნება. თავად ტეოსოფიის მიმდევრების მიხედვით კი თეოსოფია წარმოადგენს ჭეშმარიტების გამოცხადებას, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში ღვთისგან გადმოიცემა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოსოფიის ამოსავალი დებულებები გვიან ანტიკურ ხანაში გვხვდება ნეოპლატონიზმის, გნოსტიციზმის და კაბალის წიაღში. თეოსოფიურ თეორიებს შუა საუკუნეების განმავლობაში ავითარებდნენ ქრისტიანი და იუდეველი მისტიკოსები: პიკო მირანდოლა, იოჰანეს როიხლინი, ქრისტიან როზენროტი, ფრანც მერკურიუს ჰელმონტი, ემანუელ სვენდენბორგი, მაისტერ ერკჰარტი, გოეთე და სხვები. ამ თეორიებს ეფუძნება ჰასიდების მისტიკა თანამედროვე იუდაიზმში. კლასიკურ, ანუ ქრისტიანულ თეოსოფიას თანამედროვე სახე მისცეს იაკობ ბიომემ და ვილჰელმ ბლაკემ. ის ეფუძნება მარტინ ლუთერის თეოლოგიას, რაც ბიბლიის ინდივიდუალურად კითხვას და შემეცნებას გულისხმობს და ასევე როზენკროიცერების და პიეტიზმის მოძღვრებას.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან დასავლეთ ევროპაში განვითარდა ინტელექტუალური მიმართულების თეოსოფია, რომლის მთავარი წარმომადგენელი იყო ფრიდრიხ ქრისტოფ ოეტინგერი. მისი შემდგომი ეტაპი იყო რომანტიკული მისტიციზმი, რომლის წარმომადგენლები იყვნენ სანტ-მარტინი და ფრანც ბაადერი. XIX-XX საუკუნეებში ამ ხაზის გამგრძელებლები იყვნენ ნიკოლაი ბერდიაევი, ლეოპოლდ ციგლერი, ვალენტინ ტომბერგი, ნაილობრივ რუდოლფ შტაინერი.
ქრისტიანული თეოსოფიისგან ავტონომიურად ჩამოყალიბდა თანამედროვე, ანუ პანეკუმენური ინტერკონფესიური თეოსოფია. მის სათავეში იდგა რუსული წარმოშობის ოკულტისტი და მწერალი ელენა ბლავატსკაია. ქმის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ფინანსები საკუთარ სულიერებას დაუთმო. ამტკიცებდა, რომ იყო ინდოეთში, ტიბეტში, გაიცნო დალაი ლამა და ეზიარა მრავალ საიდუმლო სიბრძნეს. ეწვია საქართველოსაც.
ტეოსოფიური საზოგადოება ელენა ბლავატსკაიამ და ჰენრო ოლკოტმა 1875 წლის 17 ნოემბერს ნიუ-იორკში დააარსეს თეოსოფიური საზოგადოება, რომლის პრეზიდენტი ბლავატსკაია გახდა. 1878 წელს ისინი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გადასახლდნენ ინდოეთში და იქ ქალაქ ადიარში, მადრასთან, ჩამოაყალიბეს დიდი თეოსოფიური სკოლა. საბოლოო სახე თანამედროვე თეოსოფიამ სწორედ მაშინ მიიღო. 1880 წლის მაისში შრი-ლანკაში ბლავატსკაიამ და ოლკოტმა თავი ბუდიტებად გამოაცხადეს. თეოსოფისტებს შეუერთდნენ ანაგარიკა დჰარმაპალა, დაიანანდა სარასვატი, ლან ოქტავიან ჰუმე და სხვები. მათ მიმართ სიმპათიები გამოხატა მაჰათმა განდიმ. 1881 წელს ოლკოტმა დაწერა „ბუდისტური კატეხიზმო“ და მხარი დაუჭირა რეფორმატორულ მოძრაობას ბუდიზმის წიაღში. თეოსოფიურმა საზოგადოებამ წამოიწყო ანტოკოლონიური და ანტირასისტული კამპანია და მოუწოდებდა ევროპელებსა და ამერიკელებს, მხარი დაეჭირათ მათთვის ინდუსი და ბუდისტი ხალხის კულტურის დაცვისთვის ბრძოლაში. გაიხსნა საზოგადოების ფილიალები ევროპასა და ამერიკაში. 1891 წელს გარდაიცვალა ბლავატსკაია და თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი გახდა ანი ბეზანტი. მან და მისმა თანამშრომლებმა, ფრანც ჰარტმანმა და უილიამ ქუან იუგესმა ბევრი იშრომეს, რომ ბლავატსკაიას ფუნდამენტური ნაშრომები სისტემატიზაციაში მოეყვანათ და საზოგადოების ერთიანობა შეენარჩუნებინათ. მიუხედავად ამისა, 1895 წელს თეოპსფიური საზოგადოება ორ სკოლად გაიყო: იუდგესა და ოლკოტის სკოლებად. ოლკოტი ინდოეთში ცხოვრობდა, იუდგე კი კალიფორნიაში. ამ უკანასკნელმა მეტი აქტიურობა გამოიჩინა და ამ მიმართულების სკოლა დღესაც არსებობს პასადენაში.
ტეოსოფიური საზოგადოების გერმანული და ავსტრიული ფილიალებიდან ზოგიერთმა მოგვიანებით ნაციონალ-სოციალისტების იდეები გაიზიარა. ზოგიერთი დამოუკიდებელ გზას დაადგა. ერთ-ერთი ფილიალის თავმჯდომარე იყო რუდოლფ შტაინერი, რომელმაც საკუთარი თეორია ანთროპოსოფია განავითარა და თეოსოფიური საზოგადოება დატოვა.
მოძღვრება და პრაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოსოფია არც რელიგიაა და არც მეცნიერება, თუმცა აორივესთან აქვს კავშირი. თეოსოფიის მიხედვით ღმერთი ყველგანაა, ის სამყაროს საფუძველია და ის ინდივიდუალურად შეიცნობა. თანამედროვე თეოსოფიამ ასევე აითვისა მასონთა მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. თეოსოფისტების მიხედვით ეს ცოდნა უნდა გახდეს დემოკრატიული და მიწოდოს საზოგადოების ყველა ფენასა და ჯგუფს, რათა შესაძლებელი გახდეს კაცთა მოდგმის დაახლოება. თეოსოფიის ძირითადი დებულებები გადმოცემულია ბლავატსკაიას წიგნებში „საიდუმლო დოქტრინა“ და „თეოსოფიის გასაღები“
თეოსოფისტების სამი ძირითადი პრინციპია:
- ღვთაებრივი ცოდნის წინ წამოწევა სხვადასხვა რელიგიების შესწავლით, თუმცა უპირატესობა არცერთს არ უნდა მიენიჭოს
- რელიგიებს შორის საერთოს გამოვლენა და ამ მხრივ კვლევის გაღმრმავება
- ბუნების საიდუმლოებების და ამოუხსნელი მოვლენების შესწავლა რათა ადამიანის ზეგრძნობადი ძალები განვითარდეს.
თეოსოფია ინტერკონფესიურია, თუმცა მეტწილად მაინც ბუდიზმს ეყრნობა და აღიარებს ბუდიზმის საკვანძო ცნებებს: რეინკარნაციას, კარმას, მაჰათმას. თეოსოფისტები იესო ქრისტეს მიიჩნევენ ერთ-ერთ ხელდასმულად, როგორებიც იყვნენ ბუდა, მოსე,, ზარატუსტრა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი ნ., „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 410-414, ISBN 978-9941-0-0902-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Olav Hammer. Schism and Consolidation: The Case of the Theosophical Movement // Sacred Schisms: How Religions Divide / James R. Lewis. — Cambridge: Cambridge University Press, 2009. — С. 196–217.