გივი ქაჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ანტონის ძე ქაჯაია (დ. 1928, დაბა ახალი ათონი, აფხაზეთის სსრ, საქართველოს სსრ — გ. 8 იანვარი, 1987, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველო სსრ) — საბჭოთა აფხაზეთის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, სკკპ წევრი (1958), აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი ანტონის ძე ქაჯაია დაიბადა 1928 წელს გუდაუთის რაიონის დაბა ახალ ათონში. 1955 წელს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სპეციალობით „პოლიტიკური ეკონომია“, მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში — ჯერ ლაბორანტ-ასისტენტად მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრაზე, შემდეგ პოლიტეკონომიის მასწავლებლად. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, არჩეული იყო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის წევრად, კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოდგილედ, პოლიტეკონომიის კურსს კითხულობდა პარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტთან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტში.

1958 წლიდან გ. ქაჯაია პარტიულ სამუშაოზეა. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში: ჯერ სოფლის მეურნეობის განყოფილების, შემდეგ ადმინისტრაციული და სავაჭრო-საფინანსო ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად. 1967 წლის სექტემბერში იგი გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავჯდომარის მოადგილედ.

1968 წელს გ. ქაჯაიას რეკომენდაცია მიეცა სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში სასწავლებლად წასვლის თაობაზე. უმაღლესი პარტიული სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1970 წელს იგი დაინიშნა გულრიფში სახახლო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის მოადგილედ. 1973 წლის მაისში კი საქართელოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის ადმინისტრაციული და სავაჭრო-საფინანსო ორგანოების განყოფილების გამგედ, ხოლო 1973 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის მდივნად.

1976 წლის აპრილში გ. ქაჯაია გადაყავთ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში — საერთო განყოფილების გამგედ, ხოლო შემდეგ — 1977 წლის ივნისში დამტკიცებულ იქნა საქართელოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების, საგეგმო და საფინანსო ორგანოების განყოფილების გამგედ, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

გ. ქაჯაია სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველო სკომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, პარტიის გულრიფშისა და გალის რაიონული კომიტეტების წევრად, აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

გ. ქაჯაია გარდაიცვალა 1987 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №7 (12373), 10 იანვარი, 1987