გიგლა ბერბიჭაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი (გიგლა) პეტრეს ძე ბერბიჭაშვილი (დ. 6 აგვისტო, 1878, სოფ. ახატანი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 ივლისი, 1942, თბილისი) — ქართველი გლეხი, ილია ჭავჭავაძის უშუალო მკვლელი.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (ბოლშევიკური) პარტიის წევრი 1905 წლიდან. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში (საგურამოს „წითელი რაზმის“ წევრი). 1907 წლის 12 სექტემბერს დაჯგუფების სხვა წევრებთან (ივანე ინაშვილი, გიორგი [ლომა] ხიზანიშვილი, გიგოლა მოძღვრიშვილი, თედო ლაბაური და პავლე ფშავლიშვილი [აფციაური]) ერთად წიწამურთან გზა გადაუღობა ილია ჭავჭავაძის ეტლს. მისი ნასროლი ტყვია გახდა ილიას გარდაცვალების უშუალო მიზეზი. მკვლელობის შემდეგ ბერბიჭაშვილი ირანში გაიქცა, დანაშაულის სხვა მონაწილეები პოლიციამ დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა (ფშავლიშვილი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა).

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბერბიჭაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. 1921-1936 წლებში სხვადასხვა ადმინისტრაციულ და სამეურნეო სამუშაოებზე იყო საბჭოთა საქართველოში, მ. შ., 1921-1922 წლებში საგურამოს აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, 1922-1926 წლებში — მუხრანის რაიაღმასკომის თავმჯდომარედ, 1926-1928 წლებში — დუშეთის სამაზრო დამზღვევი სალაროს თავმჯდომარედ, 1928-1930 წლებში — შრომის ბირჟის მე-3 სექციის გამგედ, 1930 წლის თებერვლიდან 1932 წლის 9 აპრილამდე — „საქართველოს ღვინოს“ მომარაგების განყოფილების ცენტრალური საწყობის გამგედ, 1932-1934 წლებში — სამტრედიის №2 ღვინის ქარხნის დირექტორის მოადგილედ, 1934-1936 წლებში — სამნეო ნაწილის გამგედ.

1936 წელს ილიას მკვლელობის გამოძიება დაევალა კომისიას კონსტანტინე გორდელაძის თავმჯდომარეობით. 1941 წლის მაისში ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იმავე წლის დეკემბერში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ბერბიჭაშვილმა მკვლელობა არ აღიარა. საბჭოთა სასამართლომ ბერბიჭაშვილი დამნაშავედ ცნო, მისი რევოლუციური წარსული კი ტყულად მიიჩნია, მკვლელობის შემკვეთად მეფის საიდუმლო პოლიცია („ოხრანკა“) დაასახელა, უშუალო ორგანიზატორად კი ილიას მოურავი — დიმიტრი ჯაში. 1942 წლის 5 იანვარს ბერბიჭაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ხანდაზმულობის გამო სასჯელი მალევე 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]