გეოგრაფიული ციკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პენეპლენი ბელჩერის კუნძულებზე
სურათზე მოცემული ტერიტორია წარმოადგენს პენეპლენიზაციის მაგალითს, რომელმაც მეოთხეულში გამყინვარება განიცადა და საბოლოოდ დაბალმთიან პლატოდ გადაიქცა. სწორედ პენეპლენით დასრულდა გეოგრაფიული ციკლის განვითარების სტადია.

გეოგრაფიული ციკლი, ეროზიის ციკლი, გეომორფოლოგიური ციკლიდედამიწის ზედაპირის ამ თუ იმ უბნის რელიეფის თანმიმდევრული ცვლილების იდეალიზებული მსვლელობა, რომელიც იწყება ტექტონიკური აზევების სტადიით მსოფლიო ოკეანის დონიდან და რომელიც გრძელდება ხანმოკლე დანაწევრებული მთიანი რელიეფის ჩამოყალიბებით. შემდეგ იწყება კომპლექსური დენუდაცია, რომელიც მიმდინარეობს ამა თუ იმ ეგზოგენური ფაქტორის გაბატონებული გავლენით; შედეგად მიმდინარეობს ხეობების გაფართოება, მათი ფსკერის გაბრტყელება და მდინარეთაშორისის კალთების გადამრეცება.[1]

ციკლი სრულდება რელიეფის დადაბლებითა და მოსწორებით და ეროზიის ბაზისის დონეზე საწყისთან ახლოს მდგომი პენეპლენის ჩამოყალიბებით. კლიმატური პირობებისა და დენუდაციის წამყვანი ფაქტორის გათვალისწინებით, განასხვავებენ წყლიან-ეროზიულ (ნორმალურ), არიდულ, მყინვარულ, ზღვიურ (სანაპირო) და კარსტულ ციკლებს.[2]

თითოეულ ციკლში გამოიყოფა რელიეფის „ახალგაზრდა“, „მომწიფებული“ და „ძველი“ სტადიები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მორფოლოგიური თავისებურებებით. „ახალგაზრდა“ სტადიაში ტექტონიკური აზევებების შედეგად წარმოიქმნება მთიანი რელიეფი, რომელიც ინტენსიური ეროზიის შედეგად დანაწევრებულია ღრმა და ვიწრო ხეობებითა და მახვილ-თხემებიანი ქედებით; „მომწიფებულ“ სტადიაში ეროზიული და დენუდაციური პროცესების შედეგად ფართოვდება ხეობები, გამომუშავდება მათი ბრტყელი ფსკერი, ფორმირდება წყალგამყოფები და ფერდობები. „ძველ“ სტადიაში დენუდაცია რელიეფს აბრტყელებს პენეპლენამდე, რითაც სრულდება მოცემული ციკლი. გეოგრაფიული ციკლის საშუალო ხანგრძლივობაა ათეულობით მილიონი წელი.[3][4]

ეგზოგენური ფაქტორების ერთი და იგივე შეხამებით რელიეფის განვითარება დედამიწის ქერქის მოცემული მონაკვეთის გეოლოგიური აგებულების შესაბამისად, არათანაბარად მიმდინარეობს. დედამიქის ქერქის აზევების განმეორებითმა აქტივიზაციამ შესაძლოა დასაბამი მისცეს ახალ გეოგრაფიულ ციკლს. გეოლოგიისა და გეომორფოლოგიის მეცნიერებების განვითარების (განსაკუთრებით „ახალი გლობალური ტექტონიკის“ თეორიის) შემდეგ დადასტურდა მოდელის წინასწარი ხასიათი.[1]

სწავლება გეოგრაფიული ციკლის შესახებ შეიმუშავა ამერიკელმა გეოლოგმა და გეოგრაფმა უილიამ მორის დეივისმა, რომელმაც თეორია ჩამოაყალიბა 1884–1934 წლებში. უილიამ მორის დეივისის მიერ შემუშავებული თეორია, რომელიც ისტორიულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, დღეისათვის განიხილება როგორც პირველად მიახლოების ცდა. უილიამ მორის დეივისის შეხედულებამ გეოგრაფიულ ციკლთა შესახებ დიდი როლი ითამაშა გეომორფოლოგიის განვითარებაში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Геоморфологический цикл | Большая российская энциклопедия
  2. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014, გვ. 68.
  3. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, „ნეკერი“, 1996, გვ. 78
  4. William Morris Davis, Geographical Essays, Boston, Ginn and company, 1909
  5. Geomorphic cycle | Encyclopedia Britannica