გაიანე ხაჩატურიანი
გაიანე ხაჩატურიანი (დ. 1942 — გ. 2009) — ქართველი მხატვარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაიანე 1942 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. მამა, ლევონ ხაჩატურიანი, ელექტროინჟინერი იყო, ხოლო დედა ჰასმიკ კალანტაროვი, ჰახნაზარიანთა სახელოვანი გვარის წარმომადგენელი. მისი წინაპრები უძველესი სომხები - ზოკები იყვნენ. გაიანეს ძმა კი პროფესიით ინჟინერი, სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვში ცხოვრობდა.
გაიანე სკოლაში სწავლის პარალელურად ფერწერის გაკვეთილებს ესწრებოდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელთან არსებულ მოსე თოიძის სკოლაში (პედაგოგი გუგული ქურდიანი). აღნიშნული სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ორწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა, თუმცა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის რჩევით, აკადემიაში შესვლა გადაიფიქრა, რათა არ დაეკარგა თავისი ორიგინალური და საკუთარი ხედვა.
აღსანიშნავია, რომ ხატვა გაიანემ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მხატვარი იხსენებს, როგორი აღფრთოვანება გამოუწვევია უფროსებში მის მიერ სამი წლის ასაკში დახატულ თოჯინას, რომელიც ძალიან ჰგავდა დიდ ბებია. მას შემდეგ სულ ხატავდა, თუმცა მხატვრობით სერიოზულად 12 წლიდან დაინტერესდა, როდესაც გართულებული ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ მუდმივად სახლში გამოკეტილი, ბავშვურ თამაშებს ჩამოშორდა და საკუთარ სამყაროში ჩაღრმავება იწყო.
გაიანე ხაჩატურიანზე აღტაცებულები წერდნენ ვლადიმერ სპივაკოვი და მარტიროს სარიანი, მისი შემოქმედებით მოხიბლული იყო ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც მხატვარს საკუთარ მეგობრადაც კი მიიჩნევდა და ხშირად სტუმრობდა მას ოჯახში. გაიანეს მეგობრები იყვნენ ასევე გია ყანჩელი, ირინა უვაროვა, იური დანიელი, ბელა ახმადულინა.
გაიანე წლების მანძილზე ნამუშევრებს ელენე ახვლედიანს უჩვენებდა და მისგან რჩევებს იღებდა. სწორედ ამ უკანასკნელმა შეახვედრა პირველად მხატვარს სწორედ გამორჩეული სერგო ფარაჯანოვი. სწორედ ეს განსაკუთრებული ნაცნობობა დიდ, მრავალწლიან მეგობრობაში გადაიზარდა. რეჟისორი ძალიან აფასებდა გაიანეს ნიჭს და ხელს უწყობდა მისი შემოქმედების პოპულარიზაციას.
გაიანე ხაჩატურიანი ადრეული ასაკიდან წერდა ლექსებს ასევე რუსულ ენაზე. მისი ჩანაწერები რიტმული პროზის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც გაიანეს შემოქმედების გააზრების ერთგვარი გასაღებიცაა.
1971 წელს უნდა შემდგარიყო გაიანეს პერსონალური გამოფენა ერევანში, ტელევიზიის ოფისში, მაგრამ გამზადებული ექსპოზიცია, სადაც 40 სურათი იყო წარმოდგენილი, აკრძალეს. მოგვიანებით გამოფენა მაინც შედგა ფიზიკის ინსტიტუტში. სიცოცხლის მანძილზე არაერთ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჰქონია პერსონალური გამოფენები თბილისში, ერევანსა და მოსკოვში.
გაიანე ხაჩატურიანი 2009 წლის 1 მაისს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მის ოჯახში, ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებშიც კი.