ბრაიან დე პალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაიან დე პალმა

ბრაიან დე პალმა 2007 წელს
დაბადების სახელი ბრაიან რასელ დე პალმა
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1940
ნიუარკი, აშშ
აქტიური 1960-დან დღემდე
მეუღლე(ები) ნენსი ალენი (1979—1983)
გეილ ენ ხერდი (1991—1993)
დარნელ გრეგორიო-დე პალმა (1995—1997)

ბრაიან დე პალმა (ინგლ. Brian De Palma; დ. 11 სექტემბერი 1940, ნიუარკი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაიან დე პალმა დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში, ქირურგის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა კოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე. მისი პირველი სადებიუტო ნამუშევრებია მოკლემეტრაჟიანი ფილმები („იკარუსი“, „ჯენიფერი“ და სხვა). პირველად სახელი გაითქვა 1960-იანი წლების ბოლოს, სადაც გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ამ პერიოდში მის რამდენიმე ფილმში ითამაშა იმ დროს უცნობმა რობერტ დე ნირომ. კარიერის დასაწყისში ბრაიან დე პალმას ფილმები გამსჭვალული იყო კომედიური თემატიკით. მას აფასებდნენ, როგორც ფრანგული ახალი ტალღის ამერიკელ წარმომადგენელს, რომელიც ჟან-ლიუკ გოდარის სტილში იღებდა ფილმებს („მილოცვები“, „საქორწინო წვეულება“, „გამარჯობა, დედა!“, 1968-70). მისი ფილმი „უნდა იცოდე სად არის შენი კურდღელი“ (1972) კრიტიკამ ცუდად მიიღო.

შემდგომში პალმამ სტილი შეცვალა. მისი ფილმების თემები გახდა ვუაიერიზმი, და იდენტობა. მის შემოქმედებას ადარებენ ალფრედ ჰიჩკოკისას, რომლის ფილმების გავლენით გადაიღო „დები“ (1973) და თავის პირველი ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი „კერი“, სადაც მთავარ როლში თამაშობს ახალგაზრდა სისი სპეისეკი და ჯონ ტრავლოტა, ხოლო ფილმი დაფუძნებული იყო იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი სტივენ კინგის რომანზე. ამ ფილმმა რეჟისორს რანგიც აუმაღლა და მისცა საშუალება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ემუშავა თავის ჩანაფიქრებზე. ფილმი „კერი“ რომლის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1976 წლის 3 ნოემბერს, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამასა და საშინელებათა ფილმს. ამ ორ ფილმს შორის დე პალმამ გადაიღო „სამოთხის აჩრდილი“ (1974) და „აკვიატება“ (1976). „კერის“ შემდეგ დე პალმა დაუბრუნდა ფსიქოლოგიურ თრილერებს ფილმებით „რისხვა“ (1978), „მკვლელობისთვის ჩაცმულები“ (1980), „შეცდომა“ (1981) კვლავ ჯონ ტრავლოტათი და „ორმაგი სხეული“ (1984).

ამის შემდეგ დე პალმამ დაიწყო განგსტერული ფილმების გადაღება. 1983 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ფილმი „ნაიარევი სახე“, სადაც ტონი მონტანას როლს ასრულებს ალ პაჩინო. ეს არის 1932 წლის ფილმის რემეიკი. სიუჟეტის ცენტრშია კუბელი ემიგრანტი, რომელიც ცხოვრების დაბალი საფეხურებიდან, მოულოდნელად გადაიქცევა დიდ კრიმინალურ ავტორიტეტად. ამ ფილმმა ბრაიან დე პალმას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.

შემდეგი წლების ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ფილმები „ხელშეუხებელნი“, „კარლიტოს გზა“ და „შეუსრულებელი მისია“. 1990 წელს გადაიღო სატირული ფილმი „პატივ-მოყვარეობის კოცონი“, შემდეგ კი „კაენის აღდგომა“ (1992), „გველის თვალები“ (1997), „საბედისწერო ქალი“ (2002), „შავი ორქიდეა“ (2006) და „ვნება“ (2012). 2007 წელს გადაიღო დიდაქტიკური, ერაყის ომის საწინააღმდეგო სამხედრო დრამა „დარედაქტირებულია“.

ბრაიან დე პალმას გადაღებული აქვს ათობით კინოფილმი. სხვადასხვა დროს მის ფილმებში მონაწილეობა მიიღეს — კირკ დაგლასმა, ჯონ კასავეტისმა, რობერტ დე ნირომ, ალ პაჩინომ, კევინ კოსტნერმა, შონ კონერიმ, ენდი გარსიამ, შონ პენმა, ჟან რენომ, ჯონ ტრავოლტამ, სისი სპეისეკმა, მიშელ პფაიფერმა, ნენსი ალენმა და ა.შ. ბრაიან დე პალმა მოღვაწეობს ასევე როგორც ოპერატორი და მსახიობი. იღებს ძირითადად დრამას, კრიმინალს, თრილერს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]