შონ პენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შონ პენი
დაბადების სახელი შონ ჯასტინ პენი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1960 (1960-08-17) (63 წლის)[1]
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1974-დღემდე
მეუღლე(ები) მადონა (1985-1989)
რობინ რაიტი (1996-2010)
შარლიზ თერონი (2014-დღემდე)
კანის კინოფესტივალი

საუკეთესო მსახიობი კაცი

ის ისე საყვარელია (1997)
ვენეციის კინოფესტივალი

ვოლპის თასი
აურზაური (1998)

21 გრამი (2003)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

მდინარე მისტიკი (2003)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი
მდინარე მისტიკი (2003)

მილკი (2008)

შონ პენი (ინგლ. Sean Justin Penn; 17 აგვისტო, 1960, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. შესრულებული როლებისთვის მიიღო ოსკარის ორი ჯილდი და სამი ნომინაცია და ოქროს გლობუსის ერთი ჯილდო და ოთხი ნომინაცია. ცნობილია ასევე როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი. არის ამერიკის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. აკრიტიკებდა ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკას. ეწეოდა ჰუმანიტარულ საქმიანობას ქარიშხალ კატრინასა და 2010 წლის ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შონ პენი დაიბადა ლეო პენისა და აილენ რაიანის ოჯახში. მისი მამა მსახიობი და რეჟისორი იყო, დედა კი იტალიურ-ირლანდიური წარმოშობის მსახიობი, რომელმაც კარიერა ოჯახის შექმნის შემდეგ შეწყვიტა. 1969 წელს, როცა შონ პენი 9 წლის იყო, ოჯახი მალიბუში სანაპირო სახლში დასახლდა. თინეიჯერობის წლები შონ პენმა სერფინგის დაფაზე გაატარა. ამ სპორტმა მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო უოტერგეიტის საქმით და იურისტობაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კოლეჯში ქულები არ ჰყოფნიდა. სანტა მონიკას კოლეჯში, სადაც ის ავტოტექნიკას და კინემატოგრაფიას სწავლობდა, თეატრმა გაიტაცა.

პენმა პირველი როლი შეასრულა 1974 წელს სატელვიზიო სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში. სერიალის რამდენიმე ეპიზოდს მისი მამა ლეო იღებდა. კინოკარიერა დაიწყო 1981 წელს დრამაში „კადეტები“ შესრულებული სამხედრო კადეტის როლით. ერთი წლის შემდეგ კი მიიღო ეპიზოდური როლი ფილმში „ერთი წელი რიჯმონტის სკოლაში“. პენი ასრულებდა მარიხუანათი და სერფინგით გატაცებული სტუდენტის, ჯეფ სპიკოლის როლს. პენმა სცენარში შესწორებები ყველას დაუკითხავად შეიტანა, საკუთარი ტექსტი სერფინგზე ნასწავლი ჟარგონებით გაამდიდრა, გადაღებებზე საკუთარი გარდერობით გამოცხადდა, მათ შორის იყო შავ-თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც შემდეგ იმ თაობის მოდად იქცა. 22 წლის ასაკში პენს პირველი დიდება სწორედ ამ პატარა როლმა მოუტანა.

1984 წელს ითამაშა ფილმში „მთვარესთან რბოლა“ მომავალ საცოლე ელიზაბეთ მაკგოვერნთან ერთდ. მაგრამ პენისა და მაკგოვერნის ქორწინება არ შედგა, პენი პოპ-ვარსკვლავ მადონაზე დაქორწინდა ერთი წლის თავზე. 1985 წელს ჯონ შლეზინგერის ფილმში „შევარდენი და თოვლის კაცი“ პენმა შეასრულა ნარკოდილერის როლი. 1986 წელს მადონასთან ერთად ითამაშა ფილმში „შანხაის სიურპრიზი“. ამ ფილმისთვის შონ პენი ოქროს ჟოლოზე წარადგინეს, როგორც წლის ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი. ფილმის გადაღებისას მაკაოში მსახიობმა დაიჭირა სასტუმროში შეჭრილი პაპარაცი და მეცხრე სართულის აივნიდან თავდაყირა დაკიდა. პენი მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, მაგრამ ის ციხიდანაც გაიქცა და მაკაოს ტერიტორიის ჩუმად დატოვებაც მოახერხა. 1987 წელს მას კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა, როდესაც მისი ცოლის, მადონას უცნობ თაყვანისმცემელს სცემა. პენი 33 დღით ლოს-ანჯელესის საოლქო ციხეში დააპატიმრეს. 1988 წელს მონაწილეობა მიიღო დენის ჰოპერის ფილმში „ფერები“, ხოლო 1989 წელს ბრაიან დე პალმას ფილმში „ომის დანაკარგები“. დე პალმასთან პენმა მოგვიანებით, 1993 წელსაც ითანამშრომლა, ითამაშა რა ფილმში „კარლიტოს გზა“. 90-იან წლებში დროებით მსახიობობას თავი დაანება და რეჟისურაზე გადაერთო. 1991 წელს გადაიღო ფილმი „გაქცეული ინდიელი“, სადაც ასახა კონფლიქტი ორ ძმას: კარგ მეოჯახე, პოლიციის შერიფსა და მოძალადე, დამნაშავე მეორე ძმას შორის.

1990 წლიდან პენი ურთიერთობაში იყო მსახიობ რობინ რაიტთან. ისინი დაქორწინდნენ 1996 წელს, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ. 1996 წელს სანტა მონიკაში რაიტო და მათი ორი პატარა შვილი კინაღამ გაიტაცეს. ამის შემდეგ პენების ოჯახი სან-ფრანცისკოდან 45 წუთის სავალზე, პატარა დასახლებაში გადავიდა საცხოვრებლად.

1996 წელს პენი და რაიტი - ექვსწლიანი თანაცხოვრების თავზე - დაქორწინდნენ (რასაც მცირეხნიანი განშორებაც მოჰყვა - მაშინ ბავშვები უკვე ხუთი და ორი წლის იყვნენ). სტაბილური პირადი ცხოვრება დადებითად აისახა შონ პენის როლებზეც აისახა. მისი შესრულება ფილმში „მიცვალებული მოდის“ მსახიობის ოსტატობის ქრესტომათიულ მაგალითად იქცა. სიკვდილმისჯილი მეთიუ პონსელეტის როლისთვის პენმა კარიერაში პირველი ნომინაცია მიიღო ოსკარების დაჯილადოებაზე. 1997 წელს რეჟისორ ნიკ კასავეტესის ფილმში „ის ისე საყვარელია“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. 1998 წელს კი მიიღო ვოლპის თასი ფილმში „აურზაური“ შესრულებული როლისთვის. ამ ფილმში მასთან ერთად პენის მეუღლე, რობინ რაიტი თამაშობდა. 1999 წელს პენმა ვუდი ალენის მუსიკალურ კომედიაში „ტკბილი და საძაგელი“ შეასრულა ჯაზის გამოგონილი ვარსკვლავის, ემეტ რეის როლი, რისთვისაც მიიღო ოსკარის ნომინაცია. 2001 წელს ითამაშა გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანის, სემ დოუსონის როლი ფილმში „მე სემი ვარ“ და კვლავ წარდგენილი იყო ოსკარზე.

2003 წელს შეასრულა მთავარი როლი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს დრამაში „21 გრამი“. პენის გმირი, პოლ რივერსი გულით დაავადებული ადამიანია და მას სხვა ადამიანს გულს გადაუნერგავენ. ამ როლისთვის პენმა დაიმსახურა კარიერაში მეორე ვოლპის თასი. იმავე წელს კლინტ ისტვუდის ფილმში „მდინარე მისტიკი“ შესრულებული როლისთვის მსახიობმა კარიერაში პირველი ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო. 2004 წელს ითამაშა ფილმში „რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა“, სადაც მის გმირს, სემიუელ ბიკს მკვლელობის იდეა აქვს აკვიატებული. 2006 წელს შეასრულა კორუმპირებული გუბერნატორის, ვილი სტარკის, როლი სტივენ ზეილიანის ფილმში „მეფის მთელი მხედრიონი“, რომელიც ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნებოდა. კრიტიკამ ფილმი არ მიიღო და მას დაბალი შეფასება მისცა. 2008 წელს პენი იყო კანის 61-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე. იმავე წელს მან მეორედ დაიმსახურა ოსკარის ჯილდო ჰომოსექსუალი პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის როლისთვის ფილმში „მილკი“.

სამსახიობო სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოირჩევა როლებისადმი სკრუპულოზური მიდგომით. ჯეფ სპიკოლის როლისთვის ფილმში „ერთი წელი რიჯმონტის სკოლაში“ მსახიობმა გადაწყვიტა, ისე ეცხოვრა, როგორც სპიკოლის - მანქანა ოკეანის სანაპიროზე დააყენა და იქვე დასახლდა. 1988 წელს გამოსულ ფილმში „ფერები“ პოლიციელის როლი რომ შეესრულებინა, პენი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში ოფიცრად ჩაეწერა. ფილმში „ტკბილი და საძაგელი“ შესასრულებელი ემეტ რეის, „მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი გიტარისტის“ როლისთვის პენმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა.

პენი ასრულებს მკვლელების ან მკვლელობის იდეით გატაცებული ადამიანების როლს ფილმებში „ომის დანაკარგები“; „მიცვალებული მოდის“, „მდინარე მისტიკი“, „რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა“. პენის გმირები არიან გონებრივად ან ფიზიკურად დაავადებულები (სემ დოუსონი ფილმში „მე სემი ვარ“; ედი კვინი ფილმში „ის ისე საყვარელია“, პოლ რივერსი ფილმში „21 გრამი“). პენი ასრულებს ნარკოდამოკიდებულების როლებს ფილმებში „აურზაური“ და ერთი წელი რიჯმონტის სკოლაში“.

შონ პენს ხშირად ადარებენ მარლონ ბრანდოს, მაგრამ, ბრანდოსგან განსხვავებით პენს მსუბუქი როლების შესრულებისთვისაც დაუმსახურებია კრიტიკოსთა ქება.

პოლიტიკა და საზოგადოებრივი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა მსახიობობისა, დაინტერესებულია პოლიტიკითა და ჟურნალისტიკით. 2002-03 წლებში პენმა იმოგზაურა ერაყში და წერდა წერილებს San Francisco Chronicle-ისთვის. არის ამერიკის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. აკრიტიკებდა ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკას. ეწეოდა ჰუმანიტარულ საქმიანობას ქარიშხალ კატრინასა და 2010 წლის ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ. კატრინას შემდეგ მან ნიუ-ორლეანში 40-მდე ადამიანი გადაარჩინა. ცნობილია, როგორც ერთსქესიანი ქორწინების მომხრე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენი შარლიზ თერონთან ერთად
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1982 ერთი წელი რიჯმონტის სკოლაში Fast Times at Ridgemont High ჯეფ სპიკოლი
1983 ცუდი ბიჭები Bad Boys მაიკლ ო'ბრაიენი
1984 მთვარესთან რბოლა Racing with the Moon ჰენრი ნეში
1985 შევარდენი და თოვლის კაცი The Falcon and the Snowman დალტონ ლი
1986 შანხაის სიურპრიზი Shanghai Surprise გლედონ უოსი
1988 ფერები Colors ოფიცერი დენი მაკგევინი
1989 ომის დანაკარგები Casualties of War სერჟანტი ტონი მეზერვი
1989 ჩვენ ანგელოზები არ ვართ We're No Angels ჯიმი
1991 გაქცეული ინდიელი The Indian Runner რეჟისორი
1993 კარლიტოს გზა Carlito's Way დევიდ კლაინფელდი
1995 მიცვალებული მოდის Dead Man Walking მეთიუ პონსელეტი
1997 ის ისე საყვარელია She's So Lovely ედი ქვინი
1998 აურზაური Hurlyburly ედი
1999 ტკბილი და საძაგელი Sweet and Lowdown ემეტ რეი
2000 სანამ დაღამდება Before Night Falls კუკო სანჩესი
2001 მეგობრები Friends ერიკი
2001 მე სემი ვარ I Am Sam სემ დოუსონი
2003 მდინარე მისტიკი Mystic River ჯიმი მარკამი
2003 21 გრამი 21 Grams პოლ რივერსი
2004 რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა The Assassination of Richard Nixon სემიუელ ბიკი
2006 მეფის მთელი მხედრიონი All the King's Men ვილი სტარკი
2007 ველურ პირობებში Into the Wild რეჟისორი, სცენარისტი
2008 მილკი Milk ჰარვი მილკი
2011 ცხოვრების ხე The Tree of Life ჯეკ ო'ბრაიენი
2013 უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება The Secret Life of Walter Mitty შონ ო'კონელი
2016 უკანასკნელი სახე The Last Face რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sean Penn Biography (1960-). FilmReference.com. ციტატა: „Sean Justin Penn; born August 17, 1960, in Santa Monica (some sources cite Burbank or Los Angeles), CA...“ ციტირების თარიღი: January 13, 2014.