ბონა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონა დე ბურბონი
სავოიის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: სექტემბერი, 1355
მმართ. დასასრული: მარტი, 1385
წინამორბედი: იოლანდე მონტფერატელი
მემკვიდრე: ბონა ბერელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1341
გარდ. თარიღი: 19 იანვარი, 1402, (61 წლის)
მეუღლე: ამადეო VI, სავოიის გრაფი
შვილები: ამადეო VII, სავოიის გრაფი
დინასტია: ბურბონები
მამა: პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: იზაბელ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბონა დე ბურბონი (ფრანგ. Bonne de Bourbon, იტალ. Bona di Borbone; დ. 1341 — გ. 19 იანვარი, 1402) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და იზაბელ დე ვალუას ქალიშვილი. სავოიის გრაფინია 1355-85 წლებში როგორც ამადეო VI-ის მეუღლე. გრაფ ამადეო VII-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონა დაიბადა 1341 წელს საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და იზაბელ დე ვალუას შუათანა ქალიშვილი. მას სახელი საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის, ნორმანდიის ჰერცოგ ჟან დე ვალუას მეუღლის, ბონა ბოჰემიელის პატივსაცემად დაარქვეს.

1355 წელს დადებული პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე, ბონა დანიშნულ იქნა სავოიის გრაფ ამადეო VI-ზე. ის და ამადეო ამავე წელს დაქორწინდნენ პარიზში. ქორწილიდან მალევე, ბონა და ამადეო სავოიაში გადასახლდნენ, საიდანაც ბონა აღარასდროს დაბრუნებულა საფრანგეთში.

პირველი რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1366 წელს ამადეო ბულგარეთში წავიდა ე.წ. „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ ოსმალების წინააღმდეგ, რა დროსაც მან თავის რეგენტად საყვარელი მეუღლე, ბონა დანიშნა. გარდა რეგენტისა, ბონას ასევე მიენიჭა პირველი კონსულის წოდებაც. 1367 წელს ამადეოს ბიძაშვილი, პიემონტის პრინცი ჯაკომო გარდაიცვალა. განსვენებული ჯაკომოს ქვრივმა, მარგერიტა დე ბეჯომ თავის ვაჟს, პრინც ფილიპოს შთააგონა, რომ სავოიის ტახტი მას ეკუთვნოდა, რასაც ომის გამოცხადება მოჰყვა. ბონამ, როგორც რეგენტმა, ეს საკითხი მარტივად გადაჭრა, მარგერიტა მოისყიდა და დამატებით, ფილიპო განათლების მისაღებად გააგზავნა ვენეციის რესპუბლიკაში.

მას ძალიან უყვარდა სავოიის ტერიტორიებში შემავალი ალპური კურორტები. სწორედ ამიტომ, ბონამ 1371 წელს ალპებში საკუთარი რიპაილეს შატო აიშენა. შატო იმდენად დიდი და გრანდიოზული გამოვიდა, რომ თავად ტურინის სამეფო კარზე უფრო მეტი ოთახი ჰქონდა და უფრო კარგადაც იყო გაფორმებული. მალევე ბონამ კიდევ ერთი შატო აიშენა ჟენევის ტბაზე. ასევე ის იყო მუსიკისა და არქიტექტურის დიდი მფარველი.

1382 წელს იტალიისაკენ მიმავალ ამადეოს მთელი ფული გაუთავდა, რა დროსაც ბონამ საკუთარი 40, 000 ფლორინის ღირებულების ძვირფასეულობა გაყიდა და ქმრის მშვიდობით დაბრუნება უზრუნველყო.

მეორე რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1383 წელს ბონას მეუღლე, ჰერცოგი ამადეო VI დაიღუპა. როგორც მონარქული მემკვიდრეობის, ისე სამეფო საბჭოს გადაწყვეტილებით ტახტზე ბონას ვაჟი ამადეო VII ავიდა. ამადეოს მალევე აუჯანყდნენ მისი ბიძაშვილი ფილიპო და მისი ძმები. ამადეო VII-ს მათთან ბრძოლაში წასვლა მოუწია, რის გამოც რეგენტად კვლავ ბონა დაინიშნა. სწორედ ამ დროს, სავოიაში საფრანგეთის გავლენის გასაძლიერებლად, ბონამ თავისი ვაჟი დანიშნა ფრანგ პრინცესა ბონა ბერელზე, რომელთან გაჩენილი ამადეოს ვაჟი შემდგომში ასევე ფრანგ პრინცესაზე, მარი ბურგუნდიელზე დააქორწინა. ცხადია, ამგვარი ქორწინებებით, საფრანგეთსა და სავოიას შორის დიდი ალიანსი შეიქმნა.

მესამე რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1391 წელს გარდაიცვალა ბონას ვაჟი, ამადეო VII, ტეტანუსით. გამწარებულმა ბონამ, მისი მკურნალი ექიმი გაასამართლა და "დაუდევრობის" გამო სიკვდილით დასაჯა. მიუხედავად ყველაფრისა, ტახტზე ავიდა ბონას შვილიშვილი ამადეო VIII, რომლის რეგენტადაც ისევ და ისევ ბონა დე ბურბონი დაინიშნა. ბონა დე ბურბონმა, ვაჟის მოწამვლაში მალევე დაადანაშაულა თავისი რძალი ბონა ბერელი, რომელიც სავოიიდან გააძევა.

ბონა დე ბურბონი გარდაიცვალა 1402 წელს, 61 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგონა (1358), გარდაიცვალა რამდენიმე კვირის;
  2. ამადეო VII (1360-1391), სავოიის გრაფი, ცოლად შეირთო ბონა ბერელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: I. სავოიის ჰერცოგი ამადეო VIII, II. პიემონტის პრინცესა ბონა და III. მონტფერატის მარკიზა ჯოვანა;
  3. ლუდოვიკო (1364), გარდაიცვალა რამდენიმე თვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cox, Eugene L. (1967). The Green Count of Savoy. Princeton, New Jersey: Princeton University Press. LCCN 67-11030.
  • Echols, Anne; Williams, Marty (1992). An Annotated Index of Medieval Women. Markus Weiner Publishing Inc.