ბოდორნის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდორნის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთი გზის პირას, საკარმიდამო ნაკვეთში. ძეგლი მრავალფენიანია, თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის დასაწყისი-IV საუკუნის II ნახევრით. 1973 და 1977-1978 წლებში გათხრები ჩაატარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ძეგლი დაზიანებულია გზის რეკონსტრუქციისა და მიწის დამუშავების დროს.

ქვედა ფენაში, მიწის ზედაპირიდან 1,3 მ სიღრმეზე, აღმოჩნდა ქილისებრი, ქოთნისებრი და ბადიის მსგავსი თიხის ჭურჭლის ნატეხები; ობსიდიანის ლამელა და ანატკეცები, ქვის ხელსაფქავის ფრაგმენტი და ცხოველთა ძვლები, დამახასიათებელი ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურისათვის.

აქვე აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის თიხის ჭურჭლის ძირ-გვერდის და პირის ნატეხები. გამოვლენილია აგრეთვე რიყის ქვისგან შემდგარი წრიული მოყვანილობის ქვაყრილის ნაშთი, რომელიც შესაძლოა ყორღანის ნაწილიც იყოს.

ადრინდელი ფენები ჩაჭრილი იყო სამარხებით. გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხები წარმოდგენილია ბავშვის და მოზრდილის ორმოსამარხებით, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ, მოკრუნჩხული და გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. აღმოჩნდა მინის სანელსაცხებლე, ბრინჯაოს ღილის და რგოლის ფრაგმენტები, ვერცხლის და ოქროს საყურე. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, რომლებიც თარიღდება III საუკუნის მიწურულით და IV საუკუნის I მესამედით.

ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხი წარმოდგენილია კატაკომბით, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ჩონჩხი ზურგზე გაშოტილი, თავით სამხრეთისკენ. აღმოჩენილია რკინის მოხრილი დანა და ხოსრო I-ის ვერცხლის სასანური მონეტა. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგირ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]