ბიქტორ ნინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბიქტორ ნინიძე (დ. 1890, ასკანა, ოზურგეთის მაზრა – გ. უცნობია) — ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. დაამთავრა ექვსკლასიანი სკოლა. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. რკინიგზის მუშათა შორის ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრია. 1919 წლიდან დამფუძნებელ კრებაშია. 1920 წლიდან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით ოპოზიციურ ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წლის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წლის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხაიძე ნ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 303, თბ., 2018 წელი.