შინაარსზე გადასვლა

ბეღლის ცხვირგრძელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეღლის ცხვირგრძელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ქვერიგი:  ნაირმჭამელი ხოჭოები
ოჯახი:  ცხვირგრძელასებრნი
გვარი:  Sitophilus
სახეობა:  ბეღლის ცხვირგრძელა
ლათინური სახელი
Sitophilus granarius (Linnaeus, 1758)
სინონიმები
სია
  • Calandra laevicosta (Philippi & Philippi, 1864)
  • Calandra remotepunctata (Gyllenhaal, 1838)
  • Calandra remotepunctatus (Gyllenhaal, 1838)
  • Curculio pulicarius (Panzer, 1798)
  • Curculio segetis (Linnaeus, 1758)
  • Curculio unicolor (Marsham, 1802)
  • Sitophilus remotepunctatus (Gyllenhaal, 1838)

ბეღლის ცხვირგრძელა (ლათ. Sitophilus granarius) — ხოჭო ცხვირგრძელასებრთა ოჯახისა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია. საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული ბეღლებსა და საწყობებში. მისი სხეულის სიგრძე, ხორთუმიანად, დაახლოებით 3–5 მმ-ია. ფერად მოშავო-ყავისფერია, წინა ზურგზე აქვს წერტილოვანი ღრუბლები, რომელთაც შუაზე ჰყოფენ გასწვრივი ვიწრო ხაზები. ფრთები სიფრიფანა და განუვითარებელია, რის გამოც ფრენის უნარი არ აქვს. ზედა ფრთებზე ახასიათებს ღრმა გასწვრივი ღარები. მატლი სიგრძით 3 მმ-მდეა. მისი სხეული რკალივითაა მოღუნული და მონაცრისფრო-თეთრი ფერისაა, თავი ყავისფერია. არ აქვს ფეხები. ზამთარს ატარებს თავისი განვითარების ყველა ფაზაში. დებს 40-დან 300-მდე კვერცხს, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებში, დედალი ხოჭოს მიერ ამოღრღნილ ხვრელებში. ემბრიონული განვითარება 10–12 დღეს გრძელდება. ერთი თაობის განვითარებას ცხვირგრძელა 28–30 დღეს ანდომებს. დიაპაუზაში გადადის 3°C–ზე, 12%-იანი ტენიანობის შემთხვევაში გამრავლება ბრკოლდება, იღუპება −15°C-ზე. წელიწადში დაახლოებით 5 თაობას იძლევა.[1]

ცხვირგრძელას მატლები იკვებებიან მაკარონით, ფქვილით, სიმინდის, ქერის, ჭვავის, ფეტვის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვა მარცვლებით. მათი განვითარება და კვება მიმდინარეობს მარცვალში, რის შედეგადაც მარცვლისგან მხოლოდ კანი რჩება. გარდა ამისა, მავნებლის მიერ დაზიანებულ მარცვლებზე ადვილად სახლდებიან სხვადასხვა ტკიპები, რაც იწვევს მარცვლის ჩახურებას და მასში გუდაფშუტის სპორების გავრცელებას.[1]

ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით: მარცვლებს აშრობენ მზეზე, ათბობენ 50–55°C ტემპერატურაზე, აციებენ −15°C-მდე, შენახვამდე მარცვლებს ამუშავებენ ქიმიურად.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 12–13.