ბეჟაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია
ბეჟაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟაანთკარში. აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.
ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აბსიდი, რომელშიც გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას; ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. საკურთხევლის კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოწყობილია ქვის კანკელი.
ნახევარცილინდრული კამარის დასავლეთის საბრჯენი თაღი, კუთხის პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზს ხარისხი შემოუყვება. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია თაღოვანი სარკმლის კვალი.
ძეგლი დაზიანებულია, კამარა და კონქი მრავალ ადგილასაა ჩამონგრეული, აყრილია საპირე ქვა, სახურავზე და კედლებზე მოდებულია მცენარეები. მიწის დონე საგრძნობლადაა აწეული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 29