ბელიზური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელიზელი მეტისების ტრადიციული საჭმელები

ბელიზური სამზარეულო (ინგლ. Belizean cuisine) — ბელიზის ტეროტირიაზე იმიგრირებული სხვადასხვა ეთნოსის ხალხების გასტრონომიების შერწყმით მიღებული სამზარეულო, რომელსაც დღეისათვის ბელიზური ეწოდება. მასში განსაკუთრებით იგრძნობა ინდიელების, ესპანური, ბრიტანული და აფრიკული სამზარეულოების გავლენა.

კრეოლური სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის ეროვნული კერძი Bile-up

მიუხედავად იმისა, რომ ბელიზურ სამზარეულოზე დიდი გავლენა აქვთ უცხოურ გასტრონომიებს და მაიასა და მეტისების სამზარეულოებიდანაც ბევრი რამაა შემორჩენილი, მაინც, ბელიზური კულინარიის მთავარი კერძები და პროდუქტები კრეოლის ხალხმა შექმნა.

ზოგადად, კრეოლები უფრო დაბალანსებული რაციონით იკვებებიან. მისთვის დამახასიათებელია მოხარშული კერძები. მათი მთავარი ეროვნული კერძი Bile-up, ითარგმნება, როგორც „მოხარშული“. იგი მზადდება მოხარშული კვერცხით, ასევე მოხარშული თევზით ან ღორის კუდით, რასაც ემატება არაერთი წვრილად დაჭრილი ინგრედიენტი, როგორებიცაა: კასავა, მწვანილები, იამა, ტკბილი კარტოფილი, კაკაო ან პომიდვრის სოუსი. ბელიზელები კასავას აგრეთვე იყენებენ ცნობილ ნამცხვარში, სახელად გარიფუნა.

კასავას ფხვნილი აქტიურად გამოიყენება ნამცხვრებში. მის მისაღებად კასავა იხეხება, კარგად ირეცხება, შემდეგ მზეზე ხმება, მარილდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იგი ფხვნილი. კრეოლური ნამცხვრები განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევიან. მათ ძირითადად ქოქოსის რძისა და ბამიისაგან აცხობენ. აღსანიშნავია, რომ მათ არ უყვართ ხრაშუნა და კარგად გამომცხვარი დესერტები, რის გამოც უმეტესად ღუმელიდან დროზე ადრე იღებენ ხოლმე. კრეოლები ნამცხვრებში ასევე ხშირად იყენებენ ქიშმიშს.

ტრადიციული ბელიზური საუზმე

კრეოლებისათვის ადგილობრივი თევზი, სახელად სერე საკულტო მნიშვნელობას ატარებს. ისინი მისგან ტრადიციულ კერძს ამზადებენ, რომელსაც ჰუდუტი ეწოდება და კეთდება ორნაირად. მისი ერთი ტიპი მზადდება ქოქოსის რძით და მიიღება პიურეს მსგავსი მასა, მეორენაირი რეცეპტი კი საერთოდ არ იყენებს ქოქოსის რძეს, არამედ თევზს წიწაკაში აზავებს და მზადდება ცხარე თევზის წვნიანი. ზოგჯერ მას ემატება ბელიზური წიწაკის წვნიანი, სახელად პეპა.

ბელიზელები ქოქოსის თითოეულ ნაწილს იყენებენ: ქერქს ორნამენტების გასაკეთებლად და ცეცხლის დასანთებად იყენებენ, რძეს გამაგრილებელ და ალკოჰოლურ სასმელებში ამატებენ, მისი შიგთავსის გახეხილი ფხვნილს იყენებენ სხვადასხვა კერძისა და პრეპარატის მზადებაში. ქოქოსის ფხვნილს იყენებენ კრეოლური პურისა და ფუნთუშებში, რის გამოც ისინი ქოქოსის განსაკუთრებული არომატით ხასიათდება. აქვე ვხვდებით ქოქოსის ნაყინსა და ქოქოსის ფიუჟერს.

ტიპურ საუზმეს მოხარშულ კერძებთან და კვერცხთან ერთად, თან უმეტესად ახლავს ხოლმე შემწვარი ლობიო სოსისით. ამასთან, პოპულარულია ქოქოსით, რძით, ფქვილით, შაქრით, კვერცხით, ლიმონით, მარგარინითა და გამაფხვიერებლით მომზადებული ქოქოსის ნამცხვარის დილით მირთმევა.

რაც შეეხება კრეოლურ სადილსა და ვახშამს, აქ მთავარი პროდუქტები ბრინჯი და ლობიოა, ასევე პოპულარულია სალათის ფურცლები, პომიდორი, კარტოფილი, თევზეული, ლობსტერი, ხორცეული, კასავა და კაკაო. როგორც წესი, ტრაპეზისას სუფრაზე აუცილებლადაა წყალი ან წვენი. ალკოჰოლური სასმელებიდან კი გავრცელებულია სახლში დამზადებული ღვინო.

ტიპური დესერტებია: ვანგლა, კარტოფილის პუდინგი, ჯონი-ნამცხვარი, ე.წ. „შემწვარი ნამცხვარი“ და სხვადასხვა სახის ნამცხვარი და ღვეზელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Food of Belize - Caribya!". Retrieved 2 August 2017.
  • "Food & Drink in Belize". Frommer's. Retrieved 10 October 2017.
  • "Belize Cuisine - The Famous Belize Rice and Beans and Other Favorites". Retrieved 2 August 2017.