შინაარსზე გადასვლა

ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი (გ. 1692 წ.) — პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგი) 1688-1692 წწ., ძე ოთარ არაგვის ერისთავისა.

მოხსენიებულია ანანურის მთავარი ტაძრის 1689 წლის წარწერაში.

ვიკიციტატა
„ქ. ჵი წყევისა დამჴსნელი და [ა]დამ პირველისა მამისა ჩვენისა კვალად სამოთხედვე შემყვანებელო, ასულო და მამისა ადამისა, უთესლო მშობელო, მღვთისა კაცთა მიმართ გარდამოსვლისა მიზეზო და კაცთა ბუნებისა ქვეყნით ზეცად აღმყვანებელო, ყოვლად წმინდაო მარიამ, მშობელო ევმანოელისაო, რომელმან ნებითა, შეწევნითა შენითა ჳელ ჰყო არაგვის ერისთავის შვილმან, მდივანბეგმან პატრონმან ბარძიმ თვისისა სასაფლაოსა ამის ანანურისა, მღთის მშობელისა საფუძველითურთ შენებად, მარავალცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი და მე წინამდგომელი თვისი ბაღსარაშვილი ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროვ დამადგინა წმინდასა ამას მონ[ა]სტერსა ზედან სარქრადა. უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონოდა დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდ[რ]ემდის განასრულებდენ მონასტერსა ამას. ანანურისა მღთისმშობელო, შენ მცველ მფარველ მექმენ მე სოფელსა ამას შინ[ა] კეთილად, ცხოვრებითა და სინანულითა საუკუნოსა ამინე(!) ჳმა იგი სანადელი, ვითარმედ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დამიმკვიდრე შენთვის განმზადებული და ღირს მყავ მე ცოდვილი ნაწილსა მას მ[ა]რთალსა იმკვიდრენა(!) და საუკუნოსა მას, ამინ. ვინც წ[ა]იკითხოთ, შენდობას ბრძანებდეთ თქვენცა. ღმერთმან თქვენც შეგინდნეს ქორონიკონსა ტოზ (წარწერა მოცემულია პარმენ ზაქარაიასეული ვერსიით).“

ვახუშტი თავის „საქართველოს ცხოვრებაში“ წერს, რომ როდესაც შაჰმა ქართლში გიორგი XI ურჩობისათვის გადააყენა და ერეკლე I დანიშნა, ამ უკანასკნელმა ზურგის გამაგრება მოინდომა თავისი ერთგული პირების დანიშვნით სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ ახლად დანიშნულთა შორის ბარძიმიც იყო: „დაადგინა კარისა თვისისა გამგედ მსაჯულთუხუცესად ბარძიმ, ძმა გიორგი ერისთავისა“.

ბარძიმი დვალეთში არჩილ II-ის ვაჟების შესაპყრობად გაგზავნილ ლაშქარს მეთაურობდა. როდესაც გიორგი XI დაბრუნდა და ერეკლეს წინააღმდეგ 1691 წელს ბრძოლას აწარმოებდა, ბარძიმ მსაჯულთუხუცესი მას ეახლა ძმასთან ერთად „და ითხოვეს შენდობა“. ამის შემდეგ, გიორგი მეფემბარძიმი გამოიყენა მაშინ, როდესაც გაემგზავრა კახეთის შემოსამტკიცებლად. ნინოწმინდასთან მომხდარ ამბავს ვახუშტი ვრცლად აგვიღწერს და იქვე იძლევა ბარძიმის დახასიათებას: „არამედ დუშიაქი ქისიყის მოურავი მოვიდა მთა მტად მცირედითა თუშით და ქისიყით, არა ბრძოლად. გარნა რათა ჰყოს ზავი მათ თანა; ხოლო ესე ბარძიმ იყო ამაყი, თავხედი, კადნიერი და არა რაიდ ვინმე ჩნდა... ღვინოსმული დამთვრალი განრისხნა ფრიად და არღა-რა ისმინა ვისიმე და მიეტევა ბრძოლად... მაშინ დუშიამ შიშისათვის იწყო სროლა თოფთა, ჰკრეს ბარძიმს მკერდსა და განვლო ბეჭსა მისსა და შეიღეს მოწყლული ნინოწმინდის ზღუდესა შინა და განამაგრეს ყმათა მისთა ზღუდე ეკლესიისა“. მძიმედ დაჭრილი ბარძიმი შეტაკების შედეგად მალევე გარდაიცვალა[1].

  1. ჩხეიძე ს., „საქართველოს ცხოვრება“, ტფ., 1913, გვ. 7