შინაარსზე გადასვლა

აჰმედ ჯალაირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჰმედ ჯალაირი (? — გ. 1410) — ჯალაირიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. თავდაპირველად იყო არდებილის მფლობელი. 1382 წელს თავრიზიდან განდევნა თავისი ძმა, ჯალაირიდების სახელმწიფოს მბრძანებელი ჰუსეინი და ხელთ იგდო ძალაუფლება. 1385 წელს ეომებოდა ოქროს ურდოს ყაენს თოხთამიშს, რომლის ლაშქარი დარუბანდის და დარიალის გზით აღმოსავლეთ ამიერკავკასიას, ირანს და აზერბაიჯანს შეეჭრა და ააოხრა. ამავე დროს იგი ხანგრძლივ ომებში ჩაება ირანში შემოჭრილ თემურლენგთან, რომლის წინააღმდეგ ცდილობდა საქართველოსთან ერთად ებრძოლა. აჰმედ ჯალაირის შვილმა ერთხანს საქართველოს შეაფარა თავი, 1399 წელს იგი საქართველოს ჯარმა გაათავისუფლა თემურლენგის ლაშქრის მიერ გარშემორტყმულ ალანჯის ციხიდან. თემურლენგთან ომში დამარცხებული აჰმედ ჯალაირი 1400 წელს ოსმალეთში გაიქცა, ანგორის ბრძოლაში (1402) თემურლენგის გამარჯვების შემდეგ კი ეგვიპტეში გაიხიზნა. მამლუქმა სულთანმა ფარაჯმა თემურლენგის შიშით იგი საპატიმროში გამოკეტა. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ აჰმედ ჯალაირი ერაყში დაბრუნდა და ჯალაირიდთა სახელმწიფოს აღდგენას შეუდგა, მაგრამ აზერბაიჯანში მისი გაბატონების წინ აღუდგნენ „შავბატკნიანი“ თურქმანები. 1410 წლის 30 აგვისტოს მათ ყარა-იუსუფის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს აჰმედ ჯალაირი თავრიზის მახლობლად, დაატყვევეს შვილებთან ერთად და სიკვდილით დასაჯეს.