არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
არჩილ ჯორჯაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | გიორგის ქუჩა |
არჩილ ჯორჯაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. დააპროექტა პოლკოვნიკმა ბანოვმა 1809 წელს. ადრე გიორგის (წმინდა გიორგის) ქუჩა ერქვა. სახელწოდება დაკავშირებულია ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიასთან, რომელიც აქ ქუჩაზე მდებარეობს. ქუჩა განაშენიანდა XIX საუკუნის 30-იან წლებში. აღნიშნულია თბილისის 1867 წლის გეგმაზე.
1923 წელს არჩილს ჯორჯაძის სახელი დაერქვა. 1867 წლის გეგმის მიხედვით ქუჩა გადიოდა მესანგრეთა და ბაზრის ქუჩებს (ახლანდელი რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა) შორის და ჩადიოდა ვალერიან მადათოვის ქუჩამდე (ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩა). XIX საუკუნის ბოლოს მას გამოეყო ხაზინის, ახლანდელი ანატოლი სობჩაკის ქუჩა. აქ განთავსებული იყო თბილისის სახაზინო პალატა და საგუბერნიო ხაზინა. 90-იანი წლების კავკასიის კალენდრების მიხედვით გიორგის (ქვაშვეთის) ქუჩაზე განლაგებული იყო ბუკინისტური მაღაზიები, მათ შორის „კავკასიის ბუკინისტი“. აქვე იყო საზოგადო მოღვაწის, ფოლკლორისტ იოსებ (სოსიკო) მერკვილაძის წიგნის მაღაზია „ცოდნა“. კვირა დღეებში იმართებოდა საკვირაო ბაზრობა. 1910 წელს ბაზარი გადაიტანეს, ბუკინისტური მაღაზიები კი 1925-მდე შემორჩა. ქუჩას მარცხენა მხარეს მიუყვება ცხრა აპრილის სახელობის ბაღი (ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილი), სადაც დგას ლადო გუდიაშვილის ძეგლი (მოქანდაკე დიმიტრი მიქატაძე, არქიტექტორი რ. ბერიძე). აქვს 1 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 212, ISBN 978-99928-20-35-3.