არკადი ელბაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ელბაქიძე არკადი ყარამანის ძე (დ. 1879; წესი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 13 სექტემბერი, 1919; თბილისი) ― ტერორისტი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში და ჩრდილო კავკასიაში, კომპარტიის წევრი 1905 წლიდან. მონაწილეობდა შორაპნის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში. ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. არკადი ელბაქიძე მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში როდესაც პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას გატაცებული იქნა 250 000 მანეთის ოდენობის თანხა. 1912 წელს დააპატიმრეს ქ. ნოვოჩერკასკში, მიესაჯა მუდმივი კატორღა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არკადი ელბაქიძე გათავისუფლდა საბყრობილედან და დაუბრუნდა აქტიურ ტერორისტულ საქმიანობას. 1918 წელს მონაწილეობდა რაჭა–ლეჩხუმის გლეხობის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი უერთდება ს. გეგეჭკორის რაზმს და მიდის ჩრდილო კავკასიაში. ამ რაზმთან ერთად მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. 1918 წელს დაპაიტმრებული იქნა საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების მიერ და გასახლებულ იქნა ჩრდილო კავკასიაში. მუშაობდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საკანგებო კომისიაში (ჩეკაში).

1919 წლის შემოდგომაზე ა. ელბაქიძე არალეგალურად ბრუნდება თბილისში. 1919 წლის 13 სექტემბერს თბილისში ვერის დაღმართზე არკადი ელბაქიძის მიერ მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ბარათოვი. ტერორისტულ აქტში არკადი ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ვასილ (ვასიკო) წივწივაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, დანდუროვი და სხვ. ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა თვით არკადი ელბაქიძეც.

1928 წელს, სიკვდილის შემდეგ არკადი ელბაქიძე დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. ვერის დაღმართს მის პატივსაცემად ელბაქიძის დაღმართი უწოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფ. ლომაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 85, თბ., 1979 წელი.
  • კ. ცინცაძე. "ჩემი მოგონებანი". რევოლიუციის მატიანე. # 1(11), 1925 წ. გვ. 197

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]