არისტარქე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არისტარქე (ბერძნ. Aristarchos) — კოლხეთის მმართველი, დანიშნა პომპეუსმა ძვ. წ. 65 წელს. მმართველი იყო ძვ. წ. 52 - ძვ. წ. 51 წლებშიაც. ზოგიერთი ავტორი (ევტროპიუსი, ფესტუსი) არისტარქეს მეფედ მოიხსენიებს, ზოგი (აპიანე ალექსანდრიელი) — დინასტად (მმართველად). არისტარქეს დროს კოლხეთი რომთან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. არისტარქეს მმართველობის შესახებ ბერძენ-რომაელთა ავტორების მიერ დასახელებულ პერიოდს და მისი მოღვაწწეობა-განადგურების ამბებს ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებს უკავშირდება მდიდარი, კარგად დაცული ქალაქის ვანის და ასევე უამრავი დასახლების განადგურება. რაც გამოიწვია მითრიდატე ევპატორის შვილის, ბოსფორის მმართვლეი ფარნაკეს შემოსევამ კოლხეთში ძვწ.წ 47 წელს. წყაროების, სხვადასხვა დეტალებისა და გარემოებების შეჯერებით შეგვიძია ვივარაუდოთ რომ არისტარქეს დროს დაწყებული იყო კოლხეთის იმ ნაწილის საქალაქო და სოციალური აღმავლობა რომელსაც არისტარქე მართავდა, ცენტრი როგორც ჩანს უნდა ყოფილიყო ქალაქი ვანი. ფარნაკეს შემოსევებმა კი კოლხეთის ეს აღმავლობა არამარტო შეაჩერა არამედ მთლიანად მოსპო. არისტარქეც როგორც ჩანს ამ ომში დაიღუპა და მას შემდეგ კოლხეთს კარგა ხანს ჰქონდა შეწყვეტილი ურთიერთობები რომთან. არისტარქე იყო უკანასკნელი შედარებით დამოუკიდებელი და გავლენიანი მმართველი კოლხეთის ისტორიაში. საინტერესოა იმის აღნიშვნაც თუ რას წარმოადგენდა კოლხეთი არისტარქემდე. უპირველეს ყოვლისა, იგი ბოლოს მოუღებდა მითრიდატე ევპატორის ბატონობის შედეგებს, წინა პლანზე წამოსწევდა ადგილობრივსა და ელინურ კულტებს. როგორც ცნობილია, მითრიდატიდები თავს აქემენიდების მემკვიდრეებად თვლიდნენ, ისინი ზოროასტრიზმის აღმსარებლები იყვნენ. კოლხეთში პოლიტიკურთან ერთად პონტოს რელიგიურ ექსპანსიასაც ექნებოდა ადგილი, რომლის აღმოფხვრაც არისტარქეს სახელს უნდა მიეწეროს.

არისტარქე, როგორც ელინიზირებული კოლხი, გარკვეულ ხარკს უხდიდა იმდროინდელ კულტურულ სამყაროში გავრცელებულ ბერძნულ პანთეონსაც. ამას ადასტურებს ოლიმპოს ღმერთებისა და ქალღმერთების სიმრავლე კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე (განსაკუთრებით ვანში).

რომაული აღმოსავლური პოლიტიკის არეალში მოქცევამ კოლხეთს შედარებით წინა პერიოდთან, დამოუკიდებელი განვითარების საშუალება მისცა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე მას არავითარი ვალდებულება არ ეკისრებოდა, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების აღმავლობაზე. არისტარქეს ეპოქის განსაკუთრებულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს მონეტის მოჭრა, რაც გამომდინარეობდა ქვეყნის ეკონომიკური მოთხოვნილებებით. კოლხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების ნაშთები მოწმობენ სააღმშენებლო ხელოვნების დაწინაურებაზე. მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების მოღწეული ფრაგმენტების საფუძველზე საეჭვო არ არის, რომ არისტარქეს ძველი საქართველოს ისტორიაში თვალსაჩინო როლი აქვს შესრულებული. ამ შემთხვევაში დასაზუსტებელია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლებიდან, კონკრეტულად რომელი შეიქმნა ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებში. ის ფაქტი კი დავას არ იწვევს, რომ ყველა ქალაქი აღნიშნულ ეპოქაში მოექცა მიწის ქვეშ.

ფარნაკეს შემოსევის შემდეგ ძვ.წ. დაახლ. 47 წელს ელინისტური ეპოქის მიწურულს კოლხეთის “მეფე-გამგებელმა” არისტარქემ და მისმა დედაქალაქმა სურიუმმა სიცოცხლე ერთდროულად დაასრულეს.

არისტარქეს მოღვაწეობა საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ბურუსით მოცული პერიოდია, რომლის შესახებ გაბმული თხრობა თითქმის შეუძლებელია. ანტიკური ავტორების ფრაგმენტული ინფორმაციები რეალობას მიუახლოვა არქეოლოგიამ,

მითრიდატეს შვილების შემოსევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებში კოლხეთი მითრიდატიდების ახალი აგრესიის არეალში აღმოჩნდა. რომაული მფარველობის ქვეშ მყოფი არისტარქეს მშვიდი მმართველობა ძვ. წ. 47 წელს დაირღვა. ამჯერად კოლხეთმა განიცადა ბოსფორის მეფის ფარნაკეს გამანადგურებელი თავდასხმა.

ცნობილია, რომ პომპეუსმა, მამის მოღალატე ფარნაკე ბოსფორის მეფედ დაამტკიცა და რომაელების მეგობრად და მოკავშირედ გამოაცხადა. დამოუკიდებელი მეფობის პირველ ხანებში ფარნაკემ დაიმორჩილა აზოვის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომები, სარმატებისაგან შეადგინა საკმაოდ დიდი არმია და შეუდგა ოცნებას მამისეული სამფლობელოების დასაბრუნებლად. მის პრეტენზიებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იულიუს ცეზარის მიერ რუბიკონის გადალახვამ და სამოქალაქო ომის ახალი ცეცხლის დანთებამ.

რომში დატრიალებულმა სისხლისღვრამ ფარნაკეს გამარჯვების იმედი მისცა და შეუდგა გეგმის სისრულეში მოყვანას. დაიწყო ლაშქრობა. ანტიკური ავტორების მოწმობით, პირველი ქვეყანა, რომელიც ფარნაკემ დაიპყრო, იყო კოლხეთი. ბოსფორიდან დაძრულ ნიაღვარს, რომელსაც მცირე აზიის პოლიტიკური სურათის შეცვლა ჰქონდა განზრახული, თავისი ძლიერების პირველი დემონსტრირება კოლხეთში მოუხდა. უზარმაზარი სამხედრო ძალის სათავეში მდგომ ფარნაკეს, არისტარქემ შესაფერისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა. არ არის გამორიცხული, რომ იგი ბძროლის ველს ზურგს არ შეაქცევდა და ალბათ იქვე დაიღუპებოდა.დადგენილია, რომ ანტიკური ქალაქის ვანის ნანგრევებად ქცევა მოხდა ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებში. ეს კი ზუსტად ის დროა, როდესაც კოლხეთში ილაშქრეს ფარნაკემ და შემდგომ მითრიდატე პერგამოსელმა. ეს არ არის უბრალო დამთხვევა. არქეოლოგიამ აღმოაჩინა ის, რაც ფრაგმენტულად იყო მითითებული ანტიკურ წყაროებში.

ფარნაკე აქედან გადავიდა სომხეთსა და მცირე აზიაში. ფარნაკე შესანიშნავად ერკვეოდა რომში მიმდინარე მოვლენებში. ლაშქრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ცეზარისა და პომპეუსის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია, მაგრამ მისი იმედი არ გამართლდა. გართულებულ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, იულიუს ცეზარმა ელვისებური დარტყმით გაანადგურა ფარნაკე. ფარნაკე ბოსფორში დაბრუნდა, თმცა იქ მის მიერ დატოვებულმა მოხელემ ასანდრემ უღალატა, ბრძლა გაუმართა და მოკლა იგი. იულიუს ცეზარმა არ ცნო ასანდრეს ხელისუფლება ბოსფორში და მისი ხელისუფლების დამხობა მითრიდატე ევპატორის უკანონო შვილს, თავის მოკავშირე მითრიდატე პერგამოსელს დაავალა. მითრიდატე დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას, შეიჭრა მოსხების ქვეყანაში, გაძარცვა ლევკოთეას საკურთხეველი (სტრაბონი, X|, 2,17), დალაშქრა კოლხეთი, მიაღწია ბოსფორამდე, მაგრამ ასანდრეს ვერაფერი დააკლო, ბრძოლაში თვითონ დაიღუპა (ძვ. ძ. 47 წელს).

ფარნაკეს ლაშქრობამ შეიწირა კოლხეთის “მეფე” თუ მმართველი არისტარქე და ნანგრევებად აქცია ქვეყნის მრავალი დასახლებული პუნქტი. კოლხეთის არქეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე ნათლად გვიჩვენებს, რომ ძვ. წ. | საუკუნეში ვანი გამორჩეული ქალაქი იყო. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი, როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის ძეგლები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდის დონეზე შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობდა კოლხეთის “მეფის” არისტარქეს სატახტო ქალაქი. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის რეზიდენციად, ნაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი შეუფერებელიც კი იქნებოდა. ამდენად, მრისხანე და დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ ძირითადი ბრძოლები ვანს უნდა გადაეტანა. სისხლისაგან დაცლილი ქალაქი ფარნაკემ აიღო, გაძარცვა და გადაწვა. იგი იმდენად იყო ფერფლად ქცეული, რომ მოსახლეობას, ვინც მტერს გადაურჩა, მისი აღდგენა არც უცდია.

მმითრიდატე ევრპატორის შვილებმა საბოლოოდ შეიწირეს კოლხეთის დაწინაურებული პროვინციები და ქალაქები და მის არსებობას საბოლოოდ მოუღეს ბოლო. კოლხეთის ტერიტორია უკონტროლო, ბარბაროსული ტომების თარეშის ადგილად იყო ქცეული შემდგომში რომაელთა მმართველობის ხანაშიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1959

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]