ევტროპიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევტროპიუსი

ევტროპიუსი (ლათ. Eutropius) — IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსი. მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია. საკუთარი ბიოგრაფიიდან თვითონ აქვს დაცული რამდენიმე საინტერესო მონაკვეთი. მისი თხზულება გვაუწყებს, რომ მონაწილეობა მიუღია 363 წელს იმპერატორ იულიანე განდგომილის ლაშქრობაში სპარსეთის წინააღმდეგ. მომდევნო ხანებში მისი ცხოვრება საიმპერატორო კარს არ გასცდენია. იმპერატორების ვალენტინიანესა და ვალენტის დროს ასრულებდა ვალენტის პირადი მდივნის თანამდებობას.

ევტროპიუსმა იმპერატორ ვალენტის დავალებით დაწერა „რომის მოკლე ისტორია“ 10 წიგნად. ნაშრომს იგი უძღვნის იმპერატორ ვალენტის. ევტროპიუსის „რომის მოკლე ისტორია“ ზუსტად პასუხობს სახელწოდებას. მასში მართლაც მოკლედ არის გადმოცემული რომის ისტორია. რომულუსის დაბადებიდან ახ. წ. 364 წლამდე. თხზულება კომპილაციაა. ავტორი კეთილსინდისიერად იყენებდა რომაულ საისტორიო ლიტერატურას. ისტორიკოსის პირველი მიზანი იყო საგარეო ომების გადმოცემა. მისი თხრობა არის ლაკონიური, ვრცელი ამბების გადმოცემას რამდენიმე სიტყვით ახერხებს. ამის გამო რომის მოკლე ისტორია დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ანტიკურ ხანაში ისე მომდევნო საუკუნეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. I, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ. 44-45