არაკლის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაკლის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში.

ციხე გადაჰყურებს კალეჯიკს, არაკლის კონცხს და ძველ სურმენეს. ეს სტრატეგიული ადგილია იმითაც, რომ ზღვიდან, ყარა-დერეს ხეობის გავლით აკონტროლებს ბაიბურთისკენ და მთლიანად ჭოროხის ქვედა დინებისკენ მისასვლელებს. საქმე იმაშია, რომ ტრაპეზუნტიდან ბაიბურთამდე 201 კილომეტრია, მაშინ როდესაც სურმენეს სიახლოვეს განლაგებულ ოფიდან მხოლოდ 100 კილომეტრი, რაც ამ რეგიონს VI-VII საუკუნის ჭანების წინააღმდეგ მებრძოლი ბიზანტიელებისათვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული არეალის მნიშვნელობას იძენდა. მსგავსი მნიშვნელობა ამ მხარემ 949-1080 წლებშიც შეიძინა, როდესაც ბიზანტიელებმა არაბებისგან დაიბრუნეს ერზრუმი, ვიდრე სელჯუკებამდე, რომლებმაც ისევ წაართვეს ბიზანტიელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ჰინტერლანდის ეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი. ოსმალურ ხანაში ეს მხარე ეგრედწოდებული სამკუთხედის მნიშვნელოვანი არტერიაა, რომელიც აკავშირებდა ბათუმს ტრაბზონსა და ბაიბურთს. 1916 წელს რუსმა გენერალმა იუდენიჩმა სწორედ ეს გზა აირჩია ბაიბურთზე შეტევისათვის.

ზედაპირული დათვალირების შემდეგ დასტურდება, რომ ციხე ტიპური რომაული კასტელუმია. იგი ოთხკუთხა ფორმისაა. ციხისათვის თავის დროზე საგულდაგულოდ შეურჩევიათ ადგილი. იგი მდინარე ყარადერეს მარცხენა შემაღლებული ქედის ბოლო გაშლილ მოვაკებაზეა დაშენებული. აქედან შემდეგ მთელი ტერიტორია თანდათანობით დაბლდება ზღვის სანაპირო ზოლისაკენ. ციხის ტერიტორიიდან შესანიშნავად მოსჩანს მთელი შემოგარენი კარგა მანძილზე, მათ შორის მდინარე ყარადერეს დელტა, ზღვის სანაპირო ზოლი და ის დაბლობი, სადაც თანამედროვე ქალაქი არაკლიაა გაშენებული. ციხე ზღვის სანაპირო ზოლიდან 1,5 კილომეტრითაა დაშორებული.

მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ციხის შიდა ტერიტორიის ათვისება, დღემდე მაინც შემორჩენილია ციხის გალავნის კედლების ნაწილი. შედარებით კარგადაა დაცული სამხრეთი გალავნის კედელი კარგა მოზრდილ მანძილზე. მისი დასავლეთი ნაწილი თითქმის მთლიანადაა განადგურებული ციხის ზემო დასახლებაში ამავალი გზით. აქაურთა გადმოცემით, კედელი გზის იქითაც გრძელდებოდა, მაგრამ თხილის ბაღის გაშენების თუ სხვა სამუშაოების შესრულების დროს იგი დაინგრა. აქა-იქ შემორჩენილია წყობებში გამოყენებული ქვების ნაყარი. სამხრეთი გალავნის კედლის დღემდე შემონახული ნაწილიც მთლიანად ეკალ-ბარდითაა დაფარული, თუმცა ჩანს ქვის წყობები. დაცული ნაწილის სიგრძე დაახლოებით 90-100 მეტრია. შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 2,5-3 მეტრს აღწევს. კედლის წყობაში გამოყენებულია გონიო-აფსაროსის მსგავსად დიდი ზომის კარგად დამუშავებული კვადრები თუ გარეზედაპირჩამოსწორებული საშუალო ზომის ქვები. ჩანს, რომ გარე საპირე ქვებს შორის შიდა სივრცე შევსებულია მცირე და მოზრდილი ქვების, ქვიშის და დუღაბის ნარევით.

ამ ტერიტორიის დაზვერვის დროს გაირკვა, რომ სამხრეთი კედლის საპირისპიროდ, გზის გადაღმა, ჩრდილოეთის მხარეს, დაცულია გალავნის კედლის ნაწილიც. მისი აღმოსავლეთი მონაკვეთი მოზრდილ მანძილზე საძირკვლის დონემდეა დანგრეული. აქა-იქაა შემორჩენილი მათი ნაშთები. შედარებით კარგადაა შემონახული მისი დასავლეთი მონაკვეთი დაახლოებით 40-50 მეტრ სიგრძეზე. დაცული სიმაღლე ზოგან 3,5-4 მეტრსაც კი აღწევს. კედლების წყობაში გამოყენებულია ზედაპირ ჩამოსწორებული საშუალო ზომის ქვები.

განსაკუთრებით საყურადღებოა 2013 წელს მიგნებული შედარებით კარგად შემორჩენილი აღმოსავლეთი გალავნის კედლის შუა მონაკვეთი. იგი ციხის ტერიტორიაზე გამავალი გზის მარჯვენა მხარეს აშენებული მაღლივი საცხოვრებელი კორპუსისაგან 2 მეტრითაა დაშორებული. შემორჩენილი კედლის სიგრძე 35-40 მეტრია და კარგად ჩანს. კედლის შიდა მხარეს, მიწა ფარავს. კედლის გარე საპირე ქვების დიდი ნაწილი ჩამოცლილია. კედელს ამაგრებს შიგთავსი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის დაუმუშავებელი ქვების, ქვიშის და დუღაბის ნარევითაა წარმოდგენილი. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 2,5-3 მეტრია. სიფართე 80 სანტიმეტრი. ციხის აღმოსავლეთი გალავნის კედლის გაგრძელება ჩანს გზის მარხცენა მხარეს ქვემოთაც, მაგრამ იგი საძირკვლის დონემდეა მორღვეული.

რაც შეეხება ციხის შიდა ტერიტორიას, დაახლოებით 3 ჰექტარია. იგი თავის დროზე მთლიანად თხილის ბაღით იყო დაფარული. მისი დიდი ნაწილი ახალ მშენებლობათა გამო ამჟამად განადგურებულია. ციხის ტერიტორიაზე ინტენსიური მიწის სამუშაოების გამო დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული არქეოლოგიური მასალა. მათგან ყურადღებას იქცევს სხვადასხვა საწარმოო ცენტრებიდან მომდინარე ამფორების ტანის, ყურების, ძირების, პირის ფრაგმენტები. წითელ ლაკიანი კერამიკის, მინის ნაწარმის; ასევე საამშენებლო მასალის, ქვევრების ძირის, ტანის თუ პირის ნატეხები და ასე შემდეგ, ეს მასალები ძირითადად I-III საუკუნეებით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 45-48 ISBN 978-9941-0-6458-6.