აპოლინარია სუსლოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპოლინარია სუსლოვა
დაბადების თარიღი 1840[1] [2]
დაბადების ადგილი Gorbatovsky Uyezd, Nizhny Novgorod Governorate[1]
გარდაცვალების თარიღი 1918[1] [2] [3]
გარდაცვალების ადგილი სევასტოპოლი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე Vasily Rozanov[1]

აპოლინარია სუსლოვა (რუს. Аполлина́рия Су́слова დ. 1840, გორბატოვსკის ოლქი, ნიჟნი ნოვგოროდის პროვინცია — გ. 1918, სევასტოპოლი) — რუსი მწერალი, ფ. მ.დოსტოევსკის საყვარელი (1861-1866) და ნადეჟდა სუსლოვას და.

იგი ითვლება ფიოდორ დოსტოევსკის რომანებში არაერთი მთავარი პერსონაჟი ქალის პროტოტიპად — უპირველეს ყოვლისა, პოლინას გმირი (როგორც ყველა ეძახდა სუსლოვას) „მოთამაშეში“, ასევე ნასტასიას გმირი „იდიოტში“ და სხვა.[4]

მან გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა — დაწყებული მოთხრობით „სანამ“, რომელიც გამოქვეყნდა 1861 წელს დოსტოევსკის ჟურნალში "დრო" და დამთავრებული მოთხრობით „უცხო და ჩვენი საკუთარი“, რომელიც მოგვითხრობს სუსლოვასა და დოსტოევსკის ურთიერთობაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიყმაწვილე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოლინარიას მამა, პროკოფ სუსლოვი, გრაფ შერემეტევის ყმა იყო, შემდეგ კი ვაჭარი და მეწარმე გახდა. მან გადაწყვიტა თავის ქალიშვილებს აპოლინარიასა და ნადეჟდასთვის ნამდვილი განათლება მიეცა. შედეგად, ნადეჟდა გახდა პირველი რუსი ექიმი ქალი. აპოლინარია დიდგვაროვანი ქალწულების პანსიონში სწავლობდა, როდესაც სუსლოვების ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, აქ გოგონამ უნივერსიტეტში დაიწყო ლექციებზე დასწრება.

რომანი დოსტოევსკისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1861 წელს აპოლინარია სუსლოვამ პირველად მოისმინა ფ.მ.დოსტოევსკის ლექცია. იმ დროს დოსტოევსკი უკვე პატივცემული მწერალი იყო, რომლის ლექციებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად ახალგაზრდებში. დოსტოევსკი ორმოცი წლის იყო, აპოლინარია სუსლოვა ოცდაერთის, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს. მწერლის ქალიშვილი, ლიუბოვ დოსტოევსკაია თავის მოგონებებში, სუსლოვას შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„პოლინა ჩამოვიდა რუსეთის პროვინციიდან, სადაც ჰყავდა მდიდარი ნათესავები, რომლებმაც საკმარის ფულს უგზავნიდნენ სანქტ-პეტერბურგში კომფორტულად საცხოვრებლად. ყოველ შემოდგომაზე ირიცხებოდა უნივერსიტეტში სტუდენტად, მაგრამ არასოდეს სწავლობდა და გამოცდებს არ აბარებდა. თუმცა გულმოდგინედ ესწრებოდა ლექციებს, ეფლირტავებოდა სტუდენტებს, მიდიოდა მათთან სახლებში, ხელს უშლიდა მუშაობაში, აიძულებდა მათ ხელი მოეწერათ საპროტესტო აქციებისთვის, მონაწილეობდა ყველა პოლიტიკურ დემონსტრაციაში, დადიოდა სტუდენტების მეთაურის გვერდით, ეჭირა წითელი ბანერი, მღეროდა მარსელიზას, ლანზღავდა კაზაკებს და გამომწვევად იქცეოდა...პოლინა ესწრებოდა ყველა მეჯლისს, სტუდენტების ყველა ლიტერატურულ საღამოს, ცეკვავდა, ტაშს უკრავდა, იზიარებდა ყველა ახალ იდეას, რაც ახალგაზრდობას აღელვებდა... დოსტოევსკის ირგვლივ ტრიალებდა და ყველანაირად ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. დოსტოევსკი კი მას ვერ ამჩნევდა. შემდეგ მან მისწერა წერილი, რომელშიც სიყვარულში გამოუტყდა. ეს წერილი მამაჩემის ქაღალდებში ვიპოვე, უბრალო, გულუბრყვილო და პოეტური. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დაწერა მორცხვმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც დიდი მწერლის გენიოსობით იყო დაბრმავებული ...“

დოსტოევსკის ქალიშვილის ჩვენება პირველ ნაწილში არის მიზანმიმართული სიცრუე. სუსლოვა 60-იან წლებში საერთოდ ვერ იქნებოდა სტუდენტი,რადგან XIX საუკუნეში რუსეთში უბრალოდ არ არსებობდა უმაღლესი განათლება ქალებისთვის. ქალებს ლექციებზე მხოლოდ თავისუფალ მსმენელებად შეეძლოთ დასწრება. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამას უარყოფითად უყურებდა და გამოცდებზე დაშვების თაობაზე საუბარიც კი არ შეიძლება ყოფილიყო (იხ. ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია). სუსლოვას აქტიური მონაწილეობა სტუდენტურ ცხოვრებაში მხოლოდ რევოლუციური მოაზროვნე სტუდენტის შეყვარებულის როლში იყო შესაძლებელი (მაგრამ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს). რაც შეეხება ისტორიას, თუ როგორ შეხვდნენ სუსლოვა და დოსტოევსკი ერთმანეთს, მწერლის ქალიშვილის ვერსია საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს.

მალე დოსტოევსკსა და სუსლოვას შორის რომანი გაჩაღდა. მწერალი საყვარელ ქალს ყველა სურვილს უსრულებდა: მაგალითად, მისი მოთხრობა „სანამ“, საკმაოდ სუსტი და პრეტენზიული, მაინც გამოქვეყნდა ძმების დოსტოევსკის ჟურნალში „დრო“. სუსლოვასა და დოსტოევსკის შემდგომი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც „სიყვარული-სიძულვილი“. ფიოდორს გამუდმებით ესმოდა საყვედურები აპოლინარიასგან, რომელიც მოითხოვდა მისგან ცოთან განქორწინებას. შემდეგ დოსტოევსკი დაწერს:

ვიკიციტატა
„აპოლინარია ავადმყოფი ეგოისტია. მასში ეგოიზმი და სიამაყე კოლოსალურია. ის ყველაფერს ითხოვს ადამიანებისგან სრულყოფილად, არ პატიობს არავის არაფრეს სხვა კარგი თვისებების გამო, ის თავად ათავისუფლებს საკუთარ თავს ადამიანების მიმართ ოდნავი პასუხისმგებლობისგან.“

მორიგი ჩხუბის შემდეგ, ევროპაში დაგეგმილი ერთობლივი მოგზაურობის ნაცვლად, აპოლინარია სუსლოვა მარტო წავიდა პარიზში. დოსტოევსკი საფრანგეთში ცოტა მოგვიანებით ჩავიდა. აპოლინარია მას აღარ ელოდა,რადგან ახალი ფრანგი მეგობარი გაიჩინა. აი, რას წერს ლიუბოვ დოსტოევსკაია მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ:

ვიკიციტატა
„გაზაფხულზე პოლინამ პარიზიდან მისწერა მამას და მოახსენა მისი რომანის წარუმატებელი დასასრულის შესახებ. ფრანგმა შეყვარებულმა მოატყუა, მაგრამ ძალა არ შესწევდა მიეტოვებინა ის და მამას ევედრებოდა, პარიზში. რადგან დოსტოევსკი არ ჩქარობდა ჩამოსვლა, პოლინა თვითმკვლელობით დაემუქრა — რუსი ქალების საყვარელი მუქარა. შეშინებული მამა საბოლოოდ ჩავიდა საფრანგეთში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ენუგეშებინა ლამაზმანი. მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლინას დაინახა დოსტოევსკის სიცივე მის მიმართ, მან უკიდურეს ზომებს მიმართა. ერთ მშვენიერ დღეს იგი მივიდა მამაჩემთან დილის 7 საათზე, გააღვიძა, უზარმაზარი დანა ამოიღო და განუცხადა, რომ მისი შეყვარებული ნაზირალაა, მას უნდა ამ დანით მას ყელი გამოჭრას და ახლა მისკენ მიემართება, მაგრამ მანამ კიდევ ერთხელ უნდოდა ენახა მამაჩემი...არ ვიცი, ნება დართო თუ არა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ ვულგარული კომედიით თავის მოეტყუებინა, ყოველ შემთხვევაში, მან პოლინას ურჩია, დანა პარიზში დაეტოვებინა და გერმანიაში გაჰყოლოდა. პოლინა დათანხმდა, ეს იყო ზუსტად ის, რაც მას სურდა.“

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ფ.მ.დოსტოევსკიმ ცოლობა სთხოვა აპოლინარიას, მაგრამ უარი მიიღო. მათი ურთიერთობა იყო ნერვული, გაურკვეველი და მტკივნეული, პირველ რიგში კი ფიოდორ დოსტოევსკისთვის. ზოგიერთი თვლის, რომ სუსლოვასთვის დოსტოევსკი დიდი მწერალი კი არა, უბრალოდ თაყვანისმცემელი იყო. ამტკიცებენ, რომ იგი თითქმის არასოდეს კითხულობდა მის წიგნებს და, შესაბამისად, მწერლის მთელი მდიდარი შინაგანი სამყარო თითქოს მისთვის არც არსებობდა.

დოსტოევსკისთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, აპოლინარია სუსლოვამ დაწვა მრავალი მაკომპრომატებელი ფურცელი, მათ შორის მისთვის მიწერილი მწერლის წერილები. ამით მათი მშფოთვარე და უჩვეულო ურთიერთობის საიდუმლოებები ისტორიას ჩაბარდა და მკვლევარებს მხოლოდ ვარაუდები და ვერსიები დაუტოვა. კრიტიკოსებმა არაერთხელ იპოვეს სუსლოვას თვისებები დიდი კლასიკოსის რომანის გმირებში — პოლინა („მოთამაშე“), ნასტასია ფილიპოვნა („იდიოტი“), კატერინა და გრუშენკა („ძმები კარამაზოვები“). აპოლინარიასთან განშორების შემდეგ, დოსტოევსკი დაწერს: „მე ის მაინც მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ აღარ მინდა მისი სიყვარული“.

ქორწინება ვასილი როზანოვთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ვასილი როზანოვმა აპოლინარია სუსლოვა გაიცნო, ის ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, აპოლინარია კი — ოცდაათს გადაცილებული. როზანოვმა იცოდა აპოლინარიას და დოსტოევსკის რომანის შესახებ, მხოლოდ ესეც კი საკმარისი იყო აპოლინარიას მიმართ ინტერესის გამოსავლენად. როზანოვის დღიურში არის მოკლე ჩანაწერი: „აპოლინარია პროკოფიევნა სუსლოვას გაცნობა. მისადმი სიყვარული. სუსლოვას ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. ეს არის ყველაზე მშვენიერი ქალი, რომელიც ოდესმე შემხვედრია...“

1880 წლის 11 ნოემბერს როზანოვმა მიიღო მოწმობა: „მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორისგან ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტ, ვასილი როზანოვს, მასზედ რომ უნივერსიტეტის მხრიდან მისი კანონიერი ქორწინების საწინააღმდეგო არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“. მაშინ პატარძალი 40 წლის იყო, საქმრო 24-ის.

ასაკობრივი სხვაობისა და აპოლინარიას ექსცენტრიული ხასიათის გამო, როზანოვთან ოჯახური ცხოვრება თანდათან კოშმარად იქცა. ქმრისთვის ეჭვიანობის სცენებს საჯაროდ აწყობდა და ამავდროულად ფლირტს აბავდა მის მეგობრებთან. რა თქმა უნდა, როზანოვი ძალიან იტანჯებოდა. როზანოვის ქალიშვილი, ტატიანა თავის მოგონებებში წერდ: „სუსლოვა დასცინოდა მას და ეუბნეოდა, რომ ის წერდა სულელურ წიგნებს, შეურაცხყოფას აყენებდა და საბოლოოდ მიატოვა იგი. ეს იყო დიდი სკანდალი პატარა პროვინციულ ქალაქში“. აპოლინარია სუსლოვამ ორჯერ მიატოვა ვასილი როზანოვი, მან კი ყველაფერი აპატია და ორჯერვე სთხოვა დაბრუნება.

როდესაც ვ.ვ. როზანოვს გაუმართლა და შეხვდა სხვა ქალს, მომავალ მეუღლეს ვარვარა დმიტრიევნას, აპოლინარიამ 20 წლის განმავლობაში არ მისცა როზანოვს განქორწინება, რამაც ახალი ოჯახი გაწირა დამატებითი სირთულეებისა და ტანჯვისთვის.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოლინარიამ მემკვიდრეობით სახლი და მცირე ქონება მიიღო მამისგან (გარდაიცვალა 1890 წელს), რამაც მას მისცა უზრუნველი ცხოვრების საშუალება. დაახლოებით 1900 წელს იგი გადავიდა თავის დასთან ალუშტაში, შემდეგ კი სევასტოპოლში, სადაც დაინიშნა რუსი ხალხის კავშირის ფილიალის „თავჯდომარედ“ (1911).

აპოლინარია როზანოვა (ის სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ამ გვარს) გარდაიცვალა 78 წლის ასაკში 1918 წელს (დოსტოევსკის მეუღლის გარდაცვალების წელი). ერთი წლის შემდეგ, ვ.ვ. როზანოვიც გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე როზანოვმა პოლინარიას შესახებ თქვა: „მასთან რთული იყო, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 7.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119226839 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. fedordostoevsky.ru
  4. Суслова Аполлинария Прокофьевна. Федор Михайлович Достоевский. Антология жизни и творчества. ციტირების თარიღი: 2015-12-05.