შინაარსზე გადასვლა

ანესთეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანესთეზია (ძვ. ბერძნ. ἀναισθησία — „უგრძნობლობა“) — სხეულის გაუტკივარება, მგრძნობელობის დაკარგვა. ვითარდება, როცა ნერვული იმპულსები თავის ტვინის ქერქამდე ვეღარ აღწევს.

მგრძნობიარე ნერვების დაზიანების გამო სხეულის ამა თუ იმ ნაწილში ყველა სახის მგრძნობელობის (ტკივილის, თერმულის, შეხების და სხვა) დაკარგვას ტოტალური ანუ სრული ანესთეზია ეწოდება, ტკივილის შეგრძნების დაკარგვას – ანალგეზია, ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვას – თერმოანესთეზია, მგრძნობელობის დაქვეითებას – ჰიპოსთეზია. ანესთეზია შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგიური პროცესის შედეგი, მოჰყვეს ფსიქოზს ან ისტერიას, ან კიდევ ხელოვნურად გამოვიწვიოთ ქირურგიული ოპერაციის დროს.

ქირურგიაში ანესთეზია გულისხმობს გაუტკივარებას, რასაც აღწევენ ორგანიზმში სხვადასხვა საანესთეზიო ნივთიერების შეყვანით. არსებობს ადგილობრივი ანესთეზია, როდესაც გაუტკივარებულია სხეულის რომელიმე ნაწილი, და ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი, როდესაც ყველა სახის მგრძნობელობასთან ერთად ითიშება ცნობიერებაც. ამჟამად ადგილობრივი ანესთეზიისათვის იყენებენ ნოვოკაინის ხსნარს, რომელსაც საანესთეზიო მოქმედების გაძლიერებისა და გახანგრძლივებისათვის უმატებენ მცირე რაოდენობით ადრენალინს. განარჩევენ ადგილობრივი გაუტკივარების შემდეგ სახეებს: ზედაპირულს (აღწევენ საანესთეზიო ხსნარის ლორწოვან გარსზე წასმით, დაწვეთებით ან ინჰალაციით), ინფილტრაციულს (საოპერაციო მიდამოში ნემსით შეჰყავთ საანესთეზიო ხსნარი და იწვევენ ქსოვილების თანდათანობით, შრეობრივ გაჟღენთას), რეგიონალურს (საანესთეზიო ხსნარი შეჰყავთ ნერვულ ღეროსთან ახლოს), სპინალურს (ხსნარი შეჰყავთ ზურგის ტვინის სითხეში მალთაშუა სივრციდან), ძვალშიგა ანესთეზიას (საანესთეზიო ნივთიერება შეჰყავთ ძვლის ღრუბლისებრ ნივთიერებაში). ადგილობრივი ინფილტრაციული ანესთეზიის უპირატესობა სიმარტივეა – არ მოითხოვს რთულ აპარატურას და ანესთეზიოლოგს. ადგილობრივი ანესთეზიით შეიძლება ჩატარდეს თითქმის ყველა ოპერაცია. საბჭოთა კავშირში მას იყენებენ შედარებით მარტივი ქირურგიული ოპერაციების (აპენდექტომია, თიაქარკვეთა, კეთილთვისებიანი კანქვეშა სიმსივნეები და სხვა) დროს. ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი 10 წლის ასაკამდე, ლაბილური ემოციის ავადმყოფებისათვის, მძიმე ოპერაციის დროს და სხვა.

ანესთეზიის პიონერი კრავფორდი

ქირურგიული მანიპულაციისას ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-IV საუკუნეებში იყენებდნენ. ამას მოწმობს ებერსის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნით დათარიღებული პაპირუსი, რომელშიც ოპერაციამდე ტკივილის გაყუჩების პროცესია აღწერილი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად კი ლენცოფა, ოპიუმი და ალკოჰოლია გამოყენებული. ეს პირველი საანესთეზიო საშუალებებია, რომლებსაც არა მხოლოდ ეგვიპტელები, არამედ ძველი ბერძნები, რომაელები, ჩინელები და ინდოელებიც მიმართავდნენ. მართალია, ოპიუმს უხსოვარი დროიდან იცნობდნენ, მაგრამ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად ის მხოლოდ XIX საუკუნეში აღიარეს, მას შემდეგ, რაც მან ჩინეთიდან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ევროპაში ოპიატების სწრაფ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი XIX საუკუნის დასაწყისში ოპიუმისგან აქტიური კომპონენტის მორფინის მიღებამ. ეს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გამოდგა, რომელმაც მოგვიანებით მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. 1846 წლის ოქტომბერში ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გვარად მორტონმა, წარმატებული საჯარო ექსპერიმენტით ახალი საანესთეზიო საშუალება აზოტის ქვეჟანგი, ეგრეთ წოდებული მალხენი აირი, დაარეგისტრირა, რომელიც საანესთეზიო ნივთიერებათა შორის უმალ ლიდერად იქცა, თუმცა მალხენი აირი მორტონს არ აღმოუჩენია ეს ცნობილი ინგლისელი ქიმიკოსის ჰემფრი დევიდსის დამსახურება იყო. რაც შეეხება ადგილობრივ გაუტკივარებას, როგორც ანესთეზიის ერთ-ერთ სახეს, მის აღმოჩენას გერმანელ ქირურგს კარლ ლუდვიგ შლაიხს უნდა ვუმადლოდეთ. 1892 წლის აპრილში მან ადგილობრივი ანესთეზიის აღმოჩენით გაუტკივარებისთვის ბრძოლა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ მეცნიერები, გამარჯვებით დაასრულა. 1898 წლის 24 აგვისტოს კი მედიცინას გერმანელი მეცნიერის, გენიალური ქირურგის ავგუსტ ბირის დამსახურებით სპინალური ანესთეზია მოევლინა.

საანესთეზიო საშუალებანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანესთეტიკები ასე ეწოდება იმ ქიმიურ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც სამედიცინო მანიპულაციებისას ტკივილი ითრგუნება. საანესთეზიო ნივთიერებები ორი ძირითად ჯგუფად იყოფა:

  1. ინტრავენური პრეპარატები;
  2. საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები (აირები და აქროლადი ნივთიერებები).

ინტრავენური საანესთეზიო საშუალებები შემდგომ ჯგუფებად იყოფა:

ნერვკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატები ანუ რელაქსანტები რომლებიც გამოიყენება ჩონჩხის კუნთების უკეთესი მოდუნებისა და საოპერაციოდ უკეთესი პირობების შეასაქმნელად.

საინჰალაციო საანეთეზიო პრეპარატები აიროვანი ან აქროლადი ნივთიერებებია. აირებია აზოტის ქვეჟანგი და ქსენონი ხოლო აქროლადი ნივთიერებები ჰალოთანი, იზოფლურანი,სევოფლურანი და დესფლურანი რომლებიც ზოგადი ანესთეზიისას დამოუკიდებლად ან შიდავენურ ანესთეტიკებთან ერთად გამოიყენება. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ანესთეზიის დაწყებისას ასევე მის შესანარჩუნებლად. მაღალი საიმედოობის, უსაფრთხოების, გამოყენების სიიოლის და შედარებით სიიაფის გამო ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებები ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.

  • ხუნდაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 455.
  • Wolf, Jacqueline H. Deliver Me from Pain: Anesthesia and Birth in America (Johns Hopkins University Press, 2009) 277pp; covers 1840s to 21st century; ISBN 978-0-8018-9110-6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]