ანა ლისტერი
ანა ლისტერი (ინგლ. Anne Lister; დ. 3 აპრილი, 1791, ჰალიფაქსი, ინგლისი, — გ. 22 სექტემბერი, 1840, ქუთაისი) — ინგლისელი მემამულე და მოგზაური. ცნობილია ვრცელი დღიურებით, რომელშიც დაწვრილებითაა გადმოცემული მისი ყოველდღიური ცხოვრება. დღიურების კოდირებულ ნაწილში ასახულია ლისტერის ცხოვრების ინტიმური ეპიზოდები და სასიყვარულო ურთიერთობები ქალებთან. ღიად გაცხადებული სქესობრივი ორიენტაციის გამო ხშირად „პირველ თანამედროვე ლესბოსელს“ უწოდებენ. გარდაიცვალა საქართველოში მოგზაურობის დროს.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა ლისტერი 1791 წელს იორკშირის საგრაფოში, ბრიტანეთის არმიის ვეტერანი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. განათლება ძირითადად შინ მიიღო. დაინტერესებული იყო კლასიკური ლიტერატურით. 1836 წელს დეიდას გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო შიბდენ-ჰოლის სახლი და მამული, რომელიც მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ლისტერი ფლობდა წილებს იორკშირის საირიგაციო და სარკინიგზო სისტემებში და ადგილობრივ საბადოებში. გამოირჩეოდა უპირატესად შავი ფერის სამოსით და იმდროინდელი ქალისთვის უჩვეულო მანერებით, არ მალავდა მის სასიყვარულო ურთიერთობებს ქალებთან. იორკშირელებს შორის ზოგჯერ „ჯენტლმენ ჯეკის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ. 1820-იანი წლების ბოლოს დაუახლოვდა მდიდარი იორკშირელი მემამულის მემკვიდრეს, ენ უოლკერს. 1834 წლის 30 მარტს მათ იორკში, გუდრამგეიტის წმინდა სამების ეკლესიაში იქორწინეს და მას შემდეგ შეუღლებულებად თვლიდნენ თავს, თუმცა მათი კავშირი სამართლებრივად არ იყო აღიარებული.[1] ლისტერი და უოკერი ძირითადად ცხოვრობდნენ შიბდენ-ჰოლში, რომელიც მათ მნიშვნელოვნად განაახლეს და მიუშენეს გოთიკური კოშკი, სადაც ლისტერმა ვრცელი კერძო ბიბლიოთეკა მოაწყო. ლისტერი იყო მტკიცე ანგლიკანური აღმსარებლობის,[2] პოლიტიკური მსოფლმხედველობით კი ახლოს იდგა ტორიზმთან.[3]
მოგზაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1819 წლიდან ანა ლისტერი ხშირად მოგზაურობდა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეში და კონტინენტური ევროპის ქვეყნებში. დალაშქრული ჰქონდა პირენეების მთების მწვერვალები: მონტე-პერდიდო (1830) და ვინმალი (1834).[4] 1839 წელს ენ უოლკერთან ერთად დაიწყო ლისტერის ყველაზე ხანგრძლივი და მისი უკანასკნელი მოგზაურობა. საკუთარი კარეტით მათ განვლეს საფრანგეთი, დანია, შვედეთი და ჩავიდნენ რუსეთში. მოსკოვიდან წყვილი სამხრეთი გაემართა, გადალახეს გაყინული მდინარე ვოლგა და კავკასიონი. კავკასიის მთიანეთში მიმდინარე ბრძოლების გამო ხშირად მათ სამხედრო ესკორტის თანხლებით უხდებოდათ გადაადგილება. ადგილობრივი მთიელები ორ მოგზაურ ქალბატონს, ლისტერისვე თქმით, ისე აკვირდებოდნენ, როგორც „უცხო ცხოველებს“.[5]
საქართველოში ლისტერი და მისი თანამგზავრები დარიალის ხეობით შემოვიდნენ და სამხედრო გზით 1840 წლის 12 აპრილს თბილისში ჩამოვიდნენ. კავკასიის მთავარმართებლის, ევგენი გოლოვინის ცოლმა სტუმრები თბილისის არისტოკრატიას წარუდგინა. ლისტერმა გაიცნო ალექსანდრე ჭავჭავაძე და მისი ქალიშვილები — ეკატერინე და ნინო, სომეხი მწერალი ხაჩატურ აბოვიანი, ინტელიგენციის და სამხედროების სხვა წარმომადგენლები. ჭავჭავაძეების ოჯახს მოგზაურზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ლისტერმა მრავალი სალოცავი და ხუროთმოძღვრული ძეგლი დაათვალიერა, მათ შორის, ანანური, სვეტიცხოველი და გელათის მონასტერი. მონახულებული ადგილების აღწერილობას ხშირად ურთავდა კალმით შესრულებულ ჩანახატებს.[6][7]
1840 წლის ივნისში ანა ქუთაისს ეწვია, სადაც შოტლანდიელი მებაღე იაკობ მარი გაიცნო, შემდეგ კი ზუგდიდში იმოგზაურა. სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მისი თავისუფალი მიმოსვლა სპეციალური საშვით უზრუნველყო.[7] სამეგრელოში ლისტერს ტკიპამ უკბინა, ცხელება განუვითარდა და 23 სექტემბერს ქუთაისში დაბრუნებული გარდაიცვალა.[6][7] ლისტერი უოლკერმა სამშობლოში გადაასვენა. ის ჰალიფაქსის ეკლესიაში დაკრძალეს (დაკარგულად მიჩნეული საფლავი 2010 წელს აღმოაჩინეს). ლისტერმა მამული თავის ბიძაშვილებს უანდერძა, ენ უოლკერს კი — წილი შემოსავლებიდან სიცოცხლის ბოლომდე.[8]
დღიურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლისტერის დღიურები 4 მილიონამდე სიტყვისგან შედგება. ანამ მისი წერა 1806 წელს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. პირადი ცხოვრების ამსახველ ნაწილს, სადაც დაწვრილებითაა გადმოცემული ლესბოსური იდენტობისა და ურთიერთობების დეტალები, ლისტერი მის მიერვე შექმნილი კოდით, ალგებრული და ბერძნული ანბანის სიმბოლოების კომბინაციით წერდა (გაშიფრეს 1930-იან წლებში). 2011 წელს ანას პირადი ცხოვრების დღიურები გაეროს მსოფლიო მეხსიერების სიაში შეიტანეს, როგორც „ყოვლისმომცველი და უკიდურესად გულახდილი მონათხრობი ლესბოსური ცხოვრების შესახებ და რეფლექსია მის ბუნებაზე“.[9] ლისტერის საქართველოში მოგზაურობის დღიურები (ისტორიკოს დეივიდ ლენგის ცნობით სულ 400 ფურცელი) ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელი და გამოუქვეყნებელია.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Harriet Sherwood (28 July 2018). „Recognition at last for Gentleman Jack, Britain's 'first modern lesbian'“. The Guardian. ციტირების თარიღი: 3 September 2018.
- ↑ Clark, Anna (July 1996). „Anne Lister's Construction of Lesbian Identity“. Journal of the History of Sexuality. 7 (1): 35.
- ↑ Steidele, Angela (2018). Gentleman Jack: A Biography of Anne Lister., გვ. 207.
- ↑ Ingham, Vivien (1968). „Anne Lister's Ascent of Vignemale“ (PDF). Alpine Journal. 73 (316–317): 199. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
- ↑ Steidele, Angela, Gentleman Jack. A Biography of Anne Lister: Regency Landowner, Seducer and Secret Diarist. (Serpent's Tail, London 2018). First published as Anne Lister. Eine erotische Biographie. (Matthes & Seitz Berlin, 2017), გვ. 273.
- ↑ 6.0 6.1 6.2 დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884) / პიტერ სკინერი // ქართველოლოგი = Kartvelologi. - 2015. N8 (23).
- ↑ 7.0 7.1 7.2 Lang, David M. (1990). „Georgia in 1840: The Lister Diaries“. Bulletin of the School of Oriental and African Studies. 53 (1): 115–120. doi:10.1017/s0041977x00021303.
- ↑ „The Shibden Hall Estate“. Leeds Times. 22 July 1882. ციტირების თარიღი: 5 February 2015 – წარმოდგენილია British Newspaper Archive-ის მიერ.
- ↑ UK Memory of the World Register. UK National Commission for UNESCO. UNESCO (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 1 June 2019.