ანატექსისი
ანატექსისი (ბერძ. ανάτηξις < ბერძ. ανά (ანა) — „ზევით“ + τηξις (ტაქსისი) — „გადნობა“) — ულტრამეტამორფული პროცესი;[1] დედამიწის ქერქის ქვედა ნაწილის გადნობის პროცესი, რომელიც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. ტემპერატურის შემდგომი შემცირება იწვევს გამდნარი მასის დაკრისტალებას და თავისებური სტრუქტურისა და შედგენილობის მეტამორფული ქანების, ეგრეთ წოდებული ანატექტიტების წარმოქმნას. თუ ანატექსისის შედეგად წარმოქმნილი მაგმა დედამიწის ქერქში გადაადგილდა და ზედა დონეზე დაკრისტალდა, მაშინ ანატექსური და პირველადი მაგმური ქანები ერთმანეთისაგან აღარ განირჩევა.[2] კლასიკური წარმოდგენა ანატექსისზე შემუშავებულია ფინელი გეოლოგის იაკობ სედერჰოლმის შრომებში (1907, 1926). გრანიტოიდული ანატექსისი გაედინება კონტინენტური ქერქის ფარგლებში, ზოგჯერ გრანიტოიდული ანატექსისი აღინიშნება ფუძე მაგმის ეგზოკონტაქტურ ინტრუზიებში.[3] ტერმინი „ანატექსისი“ შემოიტანა გერმანელმა გეოლოგმა ერნსტ ვაინშენკმა (1865-1921) როგორც რეგიონული გადადნობის სინონიმი. ზოგიერთი მკვლევარი ანატექსისის გაგებაში გვთავაზობს უფრო ფართო შინაარსის შეტანას. ანატექსისის პროცესის პროდუქტია ანატექტიტი.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 431.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Геологический словарь в 2-х томах, М, 1978.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 431.
- ↑ სამთო ენციკლოპედია — ანატექსისი