შინაარსზე გადასვლა

ამანულა ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამანულა ხანი (პუშტუ امان الله خان‎ დ. 1892 — გ. 1960) — ავღანეთის მეფე, ამირა ჰაბიბულა ხანის შვილი. ავღანეთს მოუტანა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

ავღანეთის ტახტზე ადის მას შემდეგ, რაც გაუგებარ სიტუაციაში მოკლეს მისი მამა ჰაბიბულა. 1919 წლის 28 თებერვალს აცხადებს ავღანეთის დამოუკიდებლობას, რასაც შედეგად მოსდევს ინგლის-ავღანეთის რიგით მესამე ომის დაწყება. ომი ავღანელთა გამარჯვებით დასრულდა. ბრიტანეთი იძულებული გახდა ეღიარებინა ავღანეთის დამოუკიდებლობა. 1919 წელს ამანულა ხანი ცდილობს დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები რსფსრ-სთან, თუმცა ამავდროულად ეხმარებოდა ფერღანელ აჯანყებულებს ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ავღანეთთან შეერთებით ჩაფიქრებული ჰქონდა ცენტრალური აზიის ისლამური ფედერაციის შექმნა. ამავე დროს ბოლშევიკები მუშაობდნენ ავღანეთის გასაბჭოებაზე, რაც ვერ მოახერხეს. საბოლოოდ 1926 წელს ავრანეთსა და სსრკ-ს შორის იდება ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ. ამანულა ხანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მაჰმუდ თარზი, მისი სიმამრი და „ახალგაზრდა ავღანელების“ იდეოლოგი.

„ახალგაზრდა ავღანელების“ იდეების საფუძველზე ამანულა ხანმა გაატარა ლიბერალური რეფორმები, 1923 წელს მიირეს ქვეყნის კონსტიტუცია, ქვეყანაში დაუშვეს თავისუფალი ვაჭრობა, შეიცვალა საგადასახადო სისტემა, გაიხსნა საგანმანათლებლო დაწესებულებები. რეფორმების შედეგად გაზრდილ გადასახადებს მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებას ავღანეთის სამხედრო მინისტრი მუჰამედ ნადირ ხანი და ბაჩაი საკაო ჩაუდგნენ სათავეში. ამანულა ხანი სამშობლოდან განდევნეს. ის სახლდება იტალიაში. ავღანეთის ახალი მონარქი ხდება მუჰამედ ნადირ ხანი. 1948 წელს ამანულა ხანმა ავღანეთის მონარქად სცნო ნადირ ხანის ძე მუჰამედ ზაქირ-შაჰი და მისი დინასტია. გარდაიცვალა 1960 წელს, დაკრძალულია ჯალალაბადში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: