ალფონს დოდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონს დოდე
ფრანგ. Alphonse Daudet[1]
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1840(1840-05-13)[2] [3] [1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბადების ადგილი ნიმი[3] [21] [2] [13] [22]
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 1897(1897-12-16)[13] [1] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [20] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[3] [21] [2] [13] [22]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[23] და Grave of Alphonse Daudet
ფსევდონიმი Piccolo
საქმიანობა მწერალი[20] [24] , დრამატურგი[20] , პოეტი, რომანისტი, ავტობიოგრაფი, სცენარისტი და პროზაიკოსი
ენა ფრანგული ენა[22] და Provençal[22]
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
ჟანრი რომანი, პოეზია, tale, დრამა და მოთხრობა
Magnum opus ტარტარენ ტარასკონელი, წერილები ჩემი წისქვილიდან, Le petit chose, Monsieur Seguin's Last Kid Goat და L'Arlésienne
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და Jouy Prize
მეუღლე ჟული დოდე
შვილ(ებ)ი ლეონ დოდე, ლუსიენ დოდე და ედმე დოდე
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ალფონს დოდე (ფრანგ. Alphonse Daudet; დ. 13 მაისი, 1840 — გ. 16 დეკემბერი, 1897) — ფრანგი მწერალი, რომანისტი, დრამატურგი და პოეტი. ითვლება XIX საუკუნის საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერლად. პოპულარობა მოიპოვა 30 წლის ასაკში. თანამედროვე საფრანგეთში მისი სახელობის ბევრი კოლეჯი და სკოლაა. დოდეს ნაწარმოებებს დღემდე ჰყავს ერთგული მკითხველი, კვლავაც იბეჭდება მისი რამდენიმე პოპულარული წიგნი.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონს დოდე საფრანგეთის სამხრეთში, ულამაზესი პროვანსის პატარა ქალაქ ნიმში დაიბადა 1840 წლის 13 მაისს.[25] მამას, ვენსან დოდეს აბრეშუმის ფაბრიკა ჰქონდა. დედა, ადელინაც ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. პატარა ალფონსს ძალიან ბედნიერი და ლამაზი ბავშვობა ჰქონდა 8 წლამდე. 1848 წელს მომხდარი რევოლუციის შედეგად, მამამისი გაკოტრდა. ვენსანმა აბრეშუმის ფაბრიკა გაყიდა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ლიონში გადავიდა. ფინანსურ გაჭირვებას დაემატა რამდენიმე ბავშვის გარდაცვალებაც და ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო დაამძიმა ოჯახის მდგომარეობა.

ცუდად ჩაცმული ალფონს დოდე ლიონის ლიცეუმის მასწავლებელმა აითვალწუნა. ის გამუდმებით ამცირებდა და დასცინოდა ჩამოკონკილ ბიჭს. ასეთმა უსამართლო დამოკიდებულებამ იმოდენა დაღი დაასვა მომავალ მწერალს, რომ არასოდეს დავიწყებია ბავშვობაში განცდილი სულიერი ტანჯვა. ხანშიშესულ დოდეს წლების შემდეგაც გულს ტკენდა ლიონის გახსენება.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ალფონს დოდემ უმაღლესში სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლო. ამიტომ მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლის ასისტენტად ქალაქ ალეს ერთ პროვინციულ კოლეჯში. თუმცა იქ დიდხანს ვერ გაძლო. კოლეჯის მიტოვებიდან თვეების შემდეგაც სტანჯავდა ყოფილ მოსწავლეებთან დაკავშირებული კოშმარები. თავისი ცხოვრების ეს ნაწილი ალფონს დოდემ მოგვიანებით აღწერა ავტობიოგრაფიულ თხზულებაში „პატარა“.

პარიზში გამგზავრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1856 წელს გარდაიცვალა უფროსი ძმა, ანრი. ალფონსმა ძალიან განიცადა მისი დაკარგვა.

ზამთრის ერთ სუსხიან დღეს, 1857 წლის 1 ნოემბერს, 17 წლის ალფონს დოდემ მიატოვა ალე და პარიზში წავიდა სამი წლით მასზე უფროს ძმასთან, ერნესტთან, რომელიც ერთ-ერთ რედაქციაში მუშაობდა. გაყინულმა და მშიერმა, მაგრამ ოცნების ასრულებით ბედნიერმა, დოდემ დიდი გაჭირვებით მიაღწია საფრანგეთის დედაქალაქამდე და დიდ ქალაქში ცხოვრებას შეუდგა. თავს ჟურნალისტობითა და გადაწერით ირჩენდა. ძმებს ფინანსურად ძალიან უჭირდათ და ხშირად იცვლიდნენ მანსარდებს, კიდევ უფრო ხშირად — შიმშილობდნენ. წლების შემდეგ, 1882 წელს ერნესტ დოდემ მოგონებათა წიგნი „ჩემი ძმა და მე“ (Mon Frère Et Moi) გამოსცა, რომელშიც აღწერა ალფონს დოდეს პარიზული ცხოვრების დასაწყისი.

1858 წელს ალფონს დოდემ ლექსების კრებული „შეყვარებულნი“ გამოაქვეყნა. ეს მარტივი ლექსები ფართო მასისთვის იოლად გასაგები გამოდგა, თან ძალიან ჰგავდა თეოფილ გოტიესა და სხვა ნაცნობი პოეტების შემოქმედებას. ამიტომ კრებულმა მკითხველის მოწონება დაიმსახურა. დოდემ მუდმივი სამსახური იშოვა ყოველდღიურ გაზეთ „ფიგაროში“.

1859 წლიდან ალფონს დოდე ერთდროულად რამდენიმე გაზეთთან თანამშრომლობდა, როგორც რეპორტიორი და თეატრალური კრიტიკოსი.

1860 წელს მწერალი წარუდგინეს ნაპოლეონ III-ის მინისტრს, ჰერცოგ დე მორნის. მორნიმ ახალგაზრდა ჟურნალისტი თავის ერთ-ერთ მდივნად დანიშნა. ამ თანამდებობაზე დოდემ ლამის ხუთი წელი გაატარა, სანამ 1865 წელს ჰერცოგი არ გარდაიცვალა.[26] მდივნად მუშაობით დოდე თავს დიდად არ იწუხებდა და უამრავი დრო რჩებოდა ჟურნალისტური თუ ლიტერატურული მოღვაწეობისთვის.

სოციალ-პოლიტიკური პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონს დოდე მონაქრიის მომხრე და საფრანგეთის რესპუბლიკის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო. შესაძლოა, მისი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ბავშვობის მწარე მოგონებებმა, როდესაც 1948 წლის რესპუბლიკას შეეწირა მამამისის აბრეშუმის ქარხანა, დოდეების ოჯახური იდილია და 8 წლის ბიჭის ბავშვური ბედნიერება.

ალფონს დოდე ცნობილი ანტისემიტი იყო. მოგვიანებით მამას ამ მხრივ ბევრად აჯობა შვილმა, ლეონ დოდემ.

ალფონს დოდეს კრიტიკული რომანის „ნაბობის“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპია მწერლის თანამედროვე, ებრაული წარმოშობის ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც ქალაქ ნიმის ვიცე-მერად აირჩიეს.[27] დოდე მისი კონკურენტი იყო, მაგრამ არჩევნებში დამარცხდა.

ალფონს დოდეს მრავალრიცხოვან მეგობართა შორის გამორჩეული ფიგურა იყო საფრანგეთის ანტისემიტური ლიგის დამფუძნებელი ედუარ დრუმონი. პოლიტიკური ბრძოლის დასაწყისში, 1886 წელს ალფონსი მეგობარსა და თანამოაზრეს ფინანსურად დაეხმარა — ფული ასესხა პამფლეტის „ებრაული საფრანგეთი“ (La France juive)[28] გამოსაცემად. მოგვიანებით დრუმონმა დააფუძნა და რედაქტორობდა ანტისემიტური პოლიტიკის გამტარებელ გაზეთს „თავისუფალი სიტყვა“ (La Libre Parole).

ალფონს დოდესა და რიხარდ ვაგნერის მიმოწერაში აღმოჩენილია ანტისემიტური გამონათქვამები.

მოგზაურობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონს დოდეს ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ცხოვრების მძიმე პირობებმა და პარიზის ჰავამ კიდევ უფრო ცუდად გახადა და დააავადა მწერალი. ექიმებმა მას ალჟირში წასვლა ურჩიეს. ასე აღმოჩნდა ერთი კონტინენტიდან მეორეზე. აფრიკა ყველანაირად სასარგებლო გამოდგა ახალგაზრდა ფრანგი შემოქმედისთვის: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარდა და რამდენიმე ნაწარმოებიც დაწერა, მათ შორის, სახელგანთქმული „ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი“.

ალჟირიდან პარიზში დაბრუნებულმა დოდემ თეატრით დაიწყო სუნთქვა. დიდი რაოდენობით წერდა პიესებს და ზოგ მათგანს სცენაზე დადგმაც კი ეღირსა. ფრანგულ საზოგადოებას განსაკუთრებით მოეწონა „თეთრი მიხაკი“, „უფროსი ძმა“ და კიდევ რამდენიმე. ჟორჟ ბიზეს გენიალური მუსიკის წყალობით, XIX საუკუნეშივე დიდი წარმატება ხვდა სამმოქმედებიან პიესას „არლელი ქალი“, რომელიც დღემდე არ კარგავს აუდიტორიის ინტერესს. თუმცა ალფონს დოდეს თანამედროვეების უსაყვარლესი დადგმა იყო „უმცროსი ფრომონი და უფროსი რისლერი“, რომელიც გრიგალივით შეიჭრა ფრანგი მაყურებლის გულსა და გონებაში. დანარჩენი პიესები ცუდი არ იყო, მაგრამ არც რამით გამორჩეული ან მნიშვნელოვანი, ვინმეს დამახსოვრებოდა.[26]

ალფონს დოდეს არ ახასიათებდა თავის გაფრთხილება და მოვლა. შედეგად, 1862 წელს ჯანმრთელობა ისევ გაუარესდა. ამჯერად ექიმებმა ის კუნძულ კორსიკაზე გაგზავნეს. სწორედ იქ დაწერა პროზაული კრებული „წერილები ჩემი წისქვილიდან“, რომელიც 1866 წელს დაიბეჭდა და არნახული პოპულარობა მოუტანა ავტორს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლები

1829 წელს ვენსან დოდემ (1806-1875) ცოლად შეირთო მარი ადელაიდ რეინო (1805-1882), რომელსაც შინაურულად ადელინას ეძახდნენ. ცნობილია მათი ოთხი შვილის სახელი:

  • ანრი დოდე (1832-1856)
  • ერნესტ დოდე (1837-1921)
  • ალფონს დოდე (1840-1897)
  • ანა დოდე (1848-?)

ანრი ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანა 1848 წელს დაიბადა, მაგრამ მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია. 1874 წელს ის ცოლად გაჰყვა ლეონ ალარს.

ერნესტ დოდე 1837 წლის 31 მაისს დაიბადა ქალაქ ნიმში. მშობლების სურვილის გათვალისწინებით, თავიდან ერნეტსი ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო, მაგრამ წერა ერჩია. ამიტომ, ვაჭრობა მიატოვა და პარიზში გადასახლდა. ერნესტი პარიზულ და პროვინციულ გაზეთებთან თანამშრომლობდა. ერთხანს პარიზის სენატში მდივან-რეფერენტად მუშაობდა. საბოლოოდ, მწერალი და ჟურნალისტი გახდა. ერნესტ დოდემ ოცდაათამდე რომანი დაწერა. გაზეთებში ხშირად ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს. თანამედროვეთათვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი მოგონებები „ჩემი ძმა და მე“ (1882). ერნესტმა კიდევ ორი მემუარული ჟანრის წიგნი დაწერა: „1915-1916 წლების ჩემი ქრონიკა“ (1917) და „ჩემი დროის მემუარები“ (1921).

ქორწინება და შვილები

1867 წლის 29 იანვარს ალფონს დოდემ ცოლად შეირთო ჟულია ალარი, რომელიც ნიჭიერი, ჭკვიანი, გემოვნებიანი ქალიშვილი აღმოჩნდა. განათლებული მეუღლე დოდეს შემოქმედების აქტიური თანამონაწილე გახდა.

ალფონსსა და ჟულიას სამი შვილი გაუჩნდათ:

ორივე ვაჟიშვილმა მშობლების მწერლური ტრადიცია გააგრძელა. ლეონი ასევე გახდა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი.

ნაბოლარა ქალიშვილი ედმე ლიტერატორი გამოვიდა და ლექციებს კითხულობდა. 1906 წლის 10 ოქტომბერს ედმე ცოლად გაჰყვა ანდრე ჟერმენს (1881-1971). ანდრეს მამა ცნობილი ფრანგი ბანკირი, ანრი ჟერმენი იყო, რომელმაც „გერმანული დოქტრინა“ შექმნა და მოგვიანებით წარმატებული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა. ანდრეს ბაბუა, უფროსი ანრი ჟერმენიც აბრეშუმის ქსოვილებით მოვაჭრე იყო, როგორც ედმეს ბაბუა ვენსან დოდე.

შთამომავლები

ალფონს დოდეს ოთხი შვილიშვილი ჰყავდა უფროსი ვაჟის, ლეონისგან:

  • შარლ დოდე (1892-1960)
  • ფრანსუა დოდე (1915-1970)
  • ფილიპ დოდე (1909-1923)
  • კლერ დოდე (1918-1969)

შარლი ლეონ დოდესა და მისი პირველი ცოლის, ჟანა ჰიუგოს შვილი, შესაბამისად, ვიქტორ ჰიუგოს შვილთაშვილი იყო. ის ბიბლიოთეკარი გახდა.

ფრანსუა ექიმი იყო და ჟურნალისტობდა.

ფილიპი დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 14 წლის ასაკში.

კლერი ცოლად ჰყავდა ექიმ პოლ ბიარდოს (1910-1990). მოგვიანებით ის მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა მასსავით ლიტერატორსა და ლექტორს, რობერ შოვლოს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოჰემური ცხოვრების სიყვარულმა მექალთანე მწერალი XIX საუკუნის ერთ-ერთ მძიმე დაავადებას გადაჰყარა.[29] სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიფილისით დაავადებულმა დოდემ მკურნალობის რამდენიმე მტკივნეულ მეთოდსა და ოპერაციას გაუძლო, რომ უკურნებელ სენს შებრძოლებოდა. იტანჯებოდა, მაგრამ უხმოდ და ვაჟკაცურად იტანდა ტკივილს. ამის გამო მას „ჯვარცმულს“ ეძახდნენ.

არასოდეს დაუკარგავს ადამიანებისადმი სიკეთისა და სითბოს გაცემის სურვილი, წერის ხალისი. ავადმყოფიც კი ეხმარებოდა ახალგაზრდა მწერლებს და წერდა მოგონებებს.

ალფონს დოდე თავის საწერ მაგიდასთან მუშაობისას გარდაიცვალა პარიზში 1897 წლის 16 დეკემბერს. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოს 26-ე მონაკეთზე. რენე დე სენ-მარსოს მიერ შექმნილი ალფონს დოდეს ქანდაკება შანზ-ელიზეს ბაღში დგას.

ძირითადი ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი“ (Aventures prodigieuses de Tartarin de Tarascon) — რომანი
  • „ტარტარენი ალპებში“ (Tartarin sur les Alpes) — რომანი
  • „პორტი „ტარასკონი“ (Port-Tarascon) — რომანი
  • „უკვდავი“ (L’Immortel) — რომანი
  • „წერილები ჩემი წისქვილიდან“ (Lettres de Mon Moulin) — ნოველებისა და მოთხრობების კრებული
  • „ორშაბათის მოთხრობები“ (Contes du Lundi) — მოთხრობების კრებული
  • „პატარა“ (Le Petit Chose) — ავტობიოგრაფიული თხზულება
  • „ლიტერატორის მოგონებები“ — ლიტერატურული მოგონებები
  • „ოცდაათი წელი პარიზში“ — ლიტერატურული მოგონებები
  • „შეყვარებულნი“ (Les Amoureuses) — პოეტური კრებული, ალფონს დოდეს პირველი ნაბეჭდი წიგნი
  • „ნაბობი“ (Le Nabab) — კრიტიკული რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი გახდა ალფონს დოდეს პოლიტიკური ოპონენტი რეალურ ცხოვრებაში
  • „უკანასკნელი გაკვეთილი (ელზასელი ბიჭის ნაამბობი)“ (The Last Lesson)[30] — მოთხრობა
  • „განდევნილი მეფეები“ (Les Rois en Exil) — რომანი
  • „ჯეკი“ (Jack) — რომანი
  • „საფო“ (Sapho) — რომანი
  • „ევანგელისტი“ (L'Evangéliste)
  • „არლელი ქალი“ (L'Arlésienne) — სამმოქმედებიანი პიესა, თავდაპირველად ნოველის სახით შედიოდა კრებულში „წერილები ჩემი წისქვილიდან“ (1869). 1872 წელს თეატრ „ვოდევილის“ სცენაზე შედგა პიესის პრემიერა, რომლისთვისაც მუსიკა დაწერა ჟორჟ ბიზემ. პიესისთვის შეთხზული მუსიკალური თემების საფუძველზე, მოგვიანებით ბიზემ ორი სიუიტაც დაწერა.
  • „უმცროსი ფრომონი და უფროსი რისლერი“ (Fromont jeune et Risler aîné) — პიესა, ალფონს დოდეს ყველაზე პოპულარული დადგმა ავტორის სიცოცხლეში
  • „თეთრი მიხაკი“ — პიესა
  • „უფროსი ძმა“ — პიესა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bornecque J.-H. (1951). Les années d’apprentissage d’A. Daudet, P.
  • Daudet, Léon (1898). Alphonse Daudet. Boston: Little, Brown and Company.
  • Diederich B. (1900). Alphonse Daudet, sein Leben und seine Werke, B.
  • Dobie, G. Vera (1949). Alphonse Daudet. London and New York: Nelson.
  • Martino P. (1923). Le naturalisme français, P.
  • Roche, Alphonse V (1976). Alphonse Daudet. Boston: Twayne Publishers.
  • Sachs, Murray (1965). The Career of Alphonse Daudet: A Critical Study. Harvard University Press.
  • Sherard, Robert Harborough (1894). Alphonse Daudet: Biographical and Critical Study. London: Edward Arnold.
  • Дамте Д. С. Типы свободомыслящих в литературе XIX века: религиоведческий анализ романа Альфонса Доде "Евангелистка" // Аспекты: Сборник статей по философским проблемам истории и современности. Выпуск VI. М., 2010. c. 242-247 (pdf დაარქივებული 2014-12-15 საიტზე Wayback Machine. ).
  • Доде Л. А. Доде. Воспоминания. Б.м., б.г.
  • Золя Э. Альфонс Доде // Э. Золя. Собр. соч. — М., 1966. — Т. 25.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Daudet, Alphonse // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
  3. 3.0 3.1 3.2 Тейтельбаум Ф. М. Доде // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  4. Léonore databaseministère de la Culture.
  5. 5.0 5.1 Bornecque J. Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 BD Gest'
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Додэ, Альфонс // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. Xа. — С. 855–856.
  14. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  16. GeneaStar
  17. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  18. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  19. Babelio — 2007.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118523872 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 Fourié J. Dictionnaire des auteurs de langue d'Oc de 1800 à nos joursAix-en-Provence: Felibrige edicioun, 2009. — P. 103. — 369 გვრ. — ISBN 978-2-9533591-0-7
  23. ესტონური ვიკიპედია — 2002.
  24. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  25.  "Sketch of Alphonse Daudet," Review of Reviews, Vol. 17, No. 2, 1898, p. 161.
  26. 26.0 26.1 Marzials, Frank Thomas (1911). "Daudet, Alphonse". In Chisholm, Hugh. Encyclopedia Britannica. 7 (11th ed.). Cambridge University Press. p. 848.
  27. Mosse, Claude (2009). "Alphonse Daudet, Ecrivain Provencal?", Actualite de l'Histoire, No. 103, p. 71.
  28. Gérard Gengembre, professeur de littérature française à l'Université de Caen. In DAUDET, Alphonse. Lettres de mon moulin. Paris: Pocket, 1998, p. 266.
  29. "Alphonse Daudet's Illness," The British Medical Journal, Vol. 2, No. 3745, 1932, p. 722.
  30. https://en.wikisource.org/wiki/The_Last_Lesson უკანასკნელი გაკვეთილი (ინგლისურ ენაზე)