ალექსი-მესხიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსი-მესხიშვილები, მესხიშვილები — XVII-XIX საუკუნეების ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარი. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII საუკუნეში დამკვიდრდნენ. დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი (გ. 1680) ანჩისხატის კანდელაკი (მნათე) იყო. ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, მხატვარი გრიგოლი და გრიგოლის ვაჟი ალექსი — XVIII საუკუნის შუა ხანის მოღვაწე, გამოჩენილი კალიგრაფი, ქართველ კალიგრაფთა სახელგანთქმული დინასტიის დამფუძნებელი (მესხიშვილების გვარი მის შემდეგ იწოდება ალექსი-მესხიშვილად). ალექსი ქართული ნუსხური ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი იყო, წერდა მხედრულადათაც, გადაწერილი აქვს საერო და სასულიერო შინაარსის მრავალი ათეული წიგნი, რომელთაგან ზოგი დასურათებულია. საერო და სასულიერო წიგნები აქვს გადაწერილი მხედრულად და ნუსხურად აგრეთვე წერის შესანიშნავ ოსტატს სოლომონ ალექსის ძეს (1742–1808). საგანგებოდ აღსანიშნავია დავით ალექსის ძის მოღვაწეობა (დავით რექტორი). მწერალი, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტი ტარასი სოლომონის ძე (1793–1824).

ალექსი-მესხიშვილების გადაწერილ-გაფორმებული წიგნები ორგანულად უკავშირდება ძველი ქართული ხელნაწერი წიგნის ტრადიციებს. გაფორმებისათვის ისინი იყენებდნენ დიდი ხნის შემუშავებულ ხერხებს (თავსართები და ბოლოსართები, საზედაო ასოები, სინგურის სტრიქონები ტექსტში და სხვა), ალექსის განსაკუთრებით უყვარდა ჩართული წერა დიდი, დეკორატიული მთავრული ასოებით, ორნამენტული მოტივები.

ალექსი-მესხიშვილების გადაწერილ წიგნთა უმრავლესობა დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]