შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ღლონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღლონტი.

ალექსანდრე ღლონტი (დ. 5 ივნისი, 1912, დვაბზუ — გ. 1999) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ლექსიკოგრაფი, დიალექტოლოგი, ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1960), მეცნიერების დასახურებული მოღვაწე (1967).

1932 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1931–1933 წლებში მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933–1934 წწლებში გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934–1936 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1935–1937 წლებში საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის ახალგაზრდობისა და საბავშვო ლიტერატურის განყოფილების გამგე, ამავე წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1935–1940 და 1947–1980 წლებში ხელმძღვანელობდა დიალექტურ სამეცნიერო ექსპედიციებს გურიაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში, კოლხეთში, ბორჯომის ხეობაში. 1938–1941 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეკანი, ასევე ხელმძღვანელობდა ქართული ენის კათედრას და იყო საპროფილო დისციპლინების ლექტორი, შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტად. 1941–1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1945–1952 წლებში კვლავ ხელმძღვანელობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის კათედრას; 1953–1958 წლებში იყო ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1960–1967 წლებში იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1967–1990 წლებში იყო ამავე ინსტიტუტში ქართული ენის კათედრის გამგე, ხოლო 1990 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე კათედრის პროფესორი.

იკვლევდა ქართული ენის, მისი დიალექტების, ლექსიკოლოგიის, ლექსიკოგრაფიის, ონომასტიკის, ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებს. შეისწავლა და გამოსცა „გურული ფოლკლორი“ (1937); „ქართული ხალხური ნოველა“ სამ ტომად (1956, 1963, 1966), ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკოგრაფიული მემკვიდრეობა სამ ტომად (1961, 1971, 1973), ქართლ დიალექტთა პირველი ლექსიკონი ორ ტომად (1974–1975), სერია „ტოპონიმიკური ძიებანი“ ხუთ ნაკვეთად (1971–1985), „ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა“ (1984). ავტორია სასკოლო სახელმძღვანელობისა „ქართული ლექსიკოლოგია“ (1964) და „ქართული წინადადება“ (1978). ატორია წიგნებისა „ფილოლოგის ჩანაწერები“ (1980), „ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები“ (1983).

  • 1997 — ღირსების ორდენი
  • 1995 — ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1961 — შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში 1961-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისთვის „ქართული ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის საკითხები“ (2 მონოგრაფია, 12 ლექსიკონი - 15 წიგნად)
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მაისურაძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 595.
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993–2004 წწ. გვ.84 — თბილისი, 2012

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]