ალექსანდრე მელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე მელაძე (დ. 1907, სოფ. მათხოჯი, წულუკიძის რაიონი — გ. 1969) — ქართველი ინჟინერი.

დაიბადა ზეინკლის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ზუგდიდში. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მდინარე ენგურის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაზე. 1939 წლიდან სსრკ წევრი იყო. 1931 წელს საქართველოს კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაგზავნეს 26 კომისრის სახელობის მანქანათსაშენებელ ქარხანაში, სადაც სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1956 წლის 27 აგვისტოდან 1965 წლის 22 ოქტომბრამდე იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1941–1953 წლებში იყო ბათუმის თუთიის ქარხნის, თბილისის კიროვის სახელობის, კალინინის სახელობის, 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხნების დირექტორი, საქართველოს სსრ ხე-ტყის მრეწველობის მინისტრი (1953–1956), 1965 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და სამი მედლით. იყო საქართველოს სსრ და სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]