ალექსანდრე კალანდარიშვილი
ალექსანდრე კალანდარიშვილი (დ. 1 იანვარი, 1936, ქუთაისი — გ. 2003) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი, მეცნიერი.
1954 წელს დაამთავრა მოსკოვის წყალთა მეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს ქ. მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 1971 წლამდე, სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობებზე. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1971 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე, სადაც მუშაობდა სამშენებლო წარმოების ორგანიზაციისა და საშენი მასალების კათედრაზე პედაგოგ-დოცენტად. მონაწილეობდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში. მის მიერ შეთავაზებული მეთოდითა და წინადადებით განხორციელდა ტაძრის გუმბათის მონტაჟი და მასზე შვიდტონიანი ჯვრის აღმართვა. მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაჯილდოებული იყო საპატრიარქოს მადლობის სიგელით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. თბ., 2021 გვ. 139