აკიტო არიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკიტო არიმა
იაპონ. 有馬 朗人
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1930(1930-09-13)
დაბ. ადგილი ოსაკის პრეფექტურა
გარდ. თარიღი 7 დეკემბერი, 2020(2020-12-07)[1] (90 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო
მოქალაქეობა  იაპონია
საქმიანობა ფიზიკოსი[2] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტი, Hosei University და სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი და Musashi Junior & Senior High School
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, კულტურის ორდენი, ჯონ პრაის უეთერილის პრემია, ტომ ბონერის პრემია ბირთვულ ფიზიკაში[3] , საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, იაპონიის აკადემიის პრემია, ვაიცმანის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, გრონინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of the University of Science and Technology Beijing[4] , Dakotsu Prize და ნიშინას მემორიალური პრემია

აკიტო არიმა (იაპონ. 有馬 朗人, ინგლ. Akito Arima; დ. 13 სექტემბერი, 1930, ოსაკა — გ. 7 დეკემბერი, 2020) —იაპონელი ბირთვული-ფიზიკოსი და პოლიტიკოსი. ცნობილი გახდა ურთიერთქმედების ბოზონის მოდელით (IBM).[5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიტო არიმა დაიბადა ოსაკაში და სწავლობდა ნიჭიერი ბავშვების კერძო სკოლაში ტოკიოში . დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, სადაც 1956 წელს დაიწყო მუშაობა ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1975 წელს მიიღო პროფესორის თანამდებობა, ხოლო 1989-1993 წლებში იკავებდა უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობას.[6] 1991 წელს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დააგროვა ამერიკულ უნივერსიტეტებში მიწვეულ მკვლევარად მუშაობის პერიოდში, აკიტო არიმამ გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა საჯარო უნივერსიტეტებთან და ზოგადად მეცნიერებასთან მიმართებაში, რაც უჩვეულო იყო იმდროინდელი იაპონიისთვის. ასევე უჩვეულო იყო უცხოელი სპეციალისტების მოწვევა კომისიის წევრებად ფიზიკის ფაკულტეტზე პირობების შესასწავლად.[7]

1993 წლიდან 1998 წლამდე იყო ფიზიკა-ქიმიური კვლევების ინსტიტუტის ( RIKEN) პრეზიდენტი და ამავდროულად განაგრძობდა მთავრობის ლობირებას ხუთწლიანი გეგმების ფარგლებში მეცნიერების დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის იდეისთვის. ეს მიდგომა აისახა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აქტში, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის ბოლოს. 1998 წელს აკიტო არიმა შევიდა იაპონიის პარლამენტში. იგი აირჩიეს იაპონიის იმპერატორის მრჩეველთა პალატის წევრად, ხოლო 1998-1999 წლებში კეიზო ობუჩის კაბინეტში განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა. იგი ცდილობდა გაეტარებინა საუნივერსიტეტო რეფორმა, ამავე დროს გაეზარდა სასწავლებლების სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა, გაეძლიერებინა სამაგისტრო პროგრამებში ჩართულობა და ხელი შეეწყო სამეცნიერო კვლევებისთვის ბიზნესის მხარდაჭერის გაზრდისთვის. პროპაგანდას უწევდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, მონაწილეობა მიიღო იაპონიაში პირველ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი) ინგლისურ ენაზე სწავლების ორგანიზებაში.

1999 წელს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ცვლილებების შემდეგ, იგი მუშაობდა მეცნიერების მუზეუმის დირექტორად. 2000 წლიდან იყო იაპონიის სამეცნიერო ფონდის თავმჯდომარე.

აკიტო არიმა ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა ბირთვული ფიზიკის შესახებ. 1974 წელს, თავის იტალიელ კოლეგა ფრანჩესკო იაკელოსთან ერთად ატომის ბირთვის სტრუქტურის აღსაწერად წარმოადგინა ურთიერთმოქმედი ბოზონების მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, ბირთვში არსებული ყოველი წყვილი ნუკლეონი განიხილება, როგორც ერთი ბოზონის ნაწილაკი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გამოთვლებს ბირთვის გარსის სტრუქტურის თეორიის ფარგლებში.

2006 წლიდან მუშაობდა ნეზუს ფონდის მუსაშის აკადემიის კანცლერის თანამდებობაზე.

დაწერა ჰაიკუ და გამოსცა რამდენიმე პოეზიის კრებული.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიტო არიმა გარდაიცვალა გულის უკმარისობით 2020 წლის 7 დეკემბერს, 90 წლის ასაკში. გარდაცვალების დღეს მას მიენიჭა შოსანმის ტიტული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.jiji.com/jc/article?k=2020120700800&g=pol
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #1023567709 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. https://www.aps.org/programs/honors/prizes/bonner.cfm
  4. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/201802/t20180228_328136.html中华人民共和国教育部.
  5. Arima, Iachello Collective nuclear states as representations of a SU(6) Group, Physical Review Letters 35, 1069–1072 (1975).
  6. Arima, Iachello The interacting boson model, Cambridge University Press, 1987.
  7. Arima, Iachello Interacting boson model of collective states, Part 1 (the vibrational limit) Annals of Physics 99, 253-317 (1976), Part 2 (the rotational limit) ibid. 111, 201-238 (1978), Part 3 (the transition from SU (5) to SU (3)), ibid. 115, 325-366 (1978), Part 4 (the O(6) limit) ibid. 123, 468-492 (1979).