აკადემიური თავისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აკადემიური თავისუფლება არის პროფესორის უფლება თავისუფლად, რეპრესიების, სამუშაოს დაკარგვისა და დაპატიმრების შიშის გავლენის გარეშე ეწეოდეს შემოქმედებით, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას.

აკადემიური თავისუფლება მუდმივი განსჯის საგანია და პრაქტიკაში გარკვეული შეზღუდვები აქვს. მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წლის დადგენილებით ( ‘1940 წლის დადგენილება აკადემიურ თავისუფლებაზე და ტენუარზე'), პროფესორმა ლექციაზე საგანთან უშუალოდ დაუკავშირებელ პოლემიკურ საკითხებზე საუბარს თავი უნდა აარიდოს. პროფესორს, რომელიც საჯაროდ საუბრობს და წერს, საკუთარი აზრის თავისუფლად, ყოველგვარი ინსტიტუციური ცენზურის შიშის გარეშე გამოხატვა უნდა შეეძლოს, მაგრამ ამავე დროს, იგი ნათლად უნდა უჩვენებდეს საზოგადოებას, რომ საკუთარ და არა ინსტიტუციის სათქმელს გამოხატავს. აკადემიური ტენუირება იცავს აკადემიურ თავისუფლებას, განსაზღვრავს რა, რომ ტენუარის მქონე პროფესორი სამსახურიდან მხოლოდ ისეთ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს, როდესაც არაკომპეტენტურობას ამჟღავნებს ან მის ქმედებას თვით აკადემიური საზოგადოება გმობს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2006 წლის 30 ივნისს აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შესახებ რეკომენდაცია გასცა. დოკუმენტის მიხედვით, აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტის ავტონომია დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი ელემენტებია. პროფესორს უნდა შეეძლოს არსებული ცოდნის კრიტიკა, ახალი იდეების გენერირება, სამეცნიერო კვლევების თავისუფლად განხორციელება, მოსაზრების შეუზღუდავად გამოხატვა, როგორც წერილობით (მაგ. სამეცნიერო სტატიაში), ასევე ზეპირად (აუდიტორიაში სასწავლო პროცესის განხორციელებისას). პროფესორის საქმიანობაში პოლიტიკური, რელიგიური ან კომერციული დაწესებულებების ჩარევა უნდა გამოირიცხოს. პროფესორის შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, თუ კვალიფიციური ორგანო შესაბამისი სფეროს ექსპერტების მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დაადგენს, რომ პროფესორი არაკომპეტენტურია ან მისი საქმიანობა პროფესიული ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება.

აკადემიური თავისუფლება იცავს არა მხოლოდ პროფესორს, არამედ სტუდენტს, დოქტორანტებსა და მეცნიერულ აკადემიურ პერსონალსაც, რომელთაც არა აქვთ ხარისხი, მაგრამ მეცნიერულ დისკურსში, სწავლების პროცესში იდეების, აზრებისა და პოზიციების დაფიქსირება და თავისუფლად მონაწილება შეუძლიათ.

აკადემიური თავისუფლება კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.

მომხრეთა არგუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური თავისუფლების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ პროფესორების კვლევითი თავისუფლება არსებითი მნიშვნელობისაა მთლიანად აკადემიური სისტემისთვის. მათივე მტკიცებით, ინფორმაციის კონტროლის მიზნით აკადემიური სისტემა ხშირად რეპრესიების ქვეშ ექცევა. როდესაც პროფესორები პოლიტიკური და ავტორიტეტული ჯგუფებისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ, ისინი შეიძლება რეპრესიების ქვეშ მოექცნენ, სამუშაო დაკარგონ, დააპატიმრონ ან ფიზიკურად გაანადგურონ. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში სოციალური ჯანდაცვის პროფესორი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ამას სახელმწიფო მოხელეები აცხადებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს და დააპატიმრეს.

ასევე, ცხადი რომ გახდეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აკადემიურ თავისუფლებას საზოგადოებისათვის, მაგალითად მოჰყავთ ბიოლოგიის ბედი საბჭოთა კავშირში. საბჭოთა ბიოლოგმა, ტროფიმ ლისენკომ, რომელიც უარყოფდა დასავლურ მეცნიერებას, განსაკუთრებით, თეორიული გენეტიკით დაინტერესების გამო, შეიმუშავა, მისი აზრით, მეურნეობისადმი სოციალურად უფრო რელევანტური მიდგომა, რომელიც კოლექტივიზმის პრინციპებს ეფუძნებოდა. ლისენკოს იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა საბჭოთა ლიდერებისთვის იმის გამო, რომ მათი პროპაგანდისტულად გამოყენება იყო შესაძლებელი. თავად ლისენკო საბჭოთა აგრარული მეცნიერებების აკადემიის დირექტორად დაინიშნა, რის შემდეგაც მან „საზიანო იდეების“ წმენდა დაიწყო. ეს გამოიხატა პროფესორების მასშტაბურ გადასახლებებში, დაპატიმრებებში, ათასობით მეცნიერის ფიზიკურ განადგურებაში. ლისენკოს საქმიანობამ დიდწილად განაპირობა შიმშილობა ჩინეთში, რომელსაც 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გაერთიანებულ სამეფოში „აკადემიკოსები აკადემიური თავისუფლებისთვის“ (აღსანიშნავია, რომ ‘აკადემიკოსი’ აქ ‘აკადემიაში’ – სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგის პოზიციას გულისხმობს, და არა – სამეცნიერო ხარისხს) არის იმ ლექტორების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანება, რომლებიც საჯაროდ იცავენ გამოხატვისა და კვლევის თავისუფლებას. აკადემიური თავისუფლების მათი დებულებები ორ მთავარ პრინციპის ეფუძნება:

1. აკადემიკოსები სასწავლო დაწესებულების შიგნით და გარეთ სარგებლობენ შეუზღუდავი თავისუფლებით გადასინჯონ აღიარებული ჭეშმარიტებები, წინ წამოსწიონ საკამათო შეხედულებები;

2. აკადემიურ ინსტიტუტებს არ აქვთ უფლება აღკვეთონ ეს თავისუფლება.

აკადემიური თავისუფლება პროფესორებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური თავისუფლება, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელთა უფლება, სამართლებრივი სისტემების უმრავლესობაში კანონმდებლობითაა დაცული. შეერთებულ შტატებში აკადემიური თავისუფლება სიტყვის თავისუფლების გარანტიისგან (კონსტიტუციის პირველი შესწორება) წარმოდგება. სხვა ქვეყნების კონსტიტუციები (განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალი) როგორც წესი, სწავლის, სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას ცალკე გამოყოფენ.

აკადემიური თავისუფლება საფრანგეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგან საფრანგეთში პროფესორი საჯარო უნივერსიტეტში ან მკვლევარი საჯარო ლაბორატორიაში არის საჯარო მოხელე, იგი ვალდებულია ნეიტრალური პოზიცია ეკავოს და მოვალეობის შესრულებისას – ლექციის მიმდინარეობისას – რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური თუ რელიგიური დოქტრინისადმი არ იყოს მიკერძოებული.

თუმცა, უნივერსიტეტის პროფესორთა აკადემიური თავისუფლება არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს კანონით და განმარტებულია საკონსტიტუციო საბჭოს მიერ; მეტიც, კანონი უმაღლესი განათლების შესახებ აცხადებს, რომ „პროფესორ-მკვლევარები (უნივერსიტეტის პროფესორები და ასისტენტ–პროფესორები), მკვლევარები და მასწავლებლები სრულიად დამოუკიდებლები არიან და სარგებლობენ სიტყვის სრული თავისუფლებით თავიანთი კვლევისა და პედაგოგიური საქმიანობის დროს, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პატივს სცემენ უნივერსიტეტის ტრადიციებს, ტოლერანტობისა და ობიექტურობის პრინციპებს. პროფესორის კანდიდატის დასახელება და არჩევა როგორც წესი, არა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პროცედურებით, არამედ გარეშე რეფერირების (Peer review) პრინციპით ხდება.

აკადემიური თავისუფლება გერმანიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური თავისუფლება დაცულია გერმანული კონსტიტუციის, ე.წ. გრუნდგეზეცშის (Grundgesetz) მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფით. “ხელოვნება და მეცნიერება, კვლევა და სწავლება თავისუფალია. სწავლების თავისუფლება არ ათავისუფლებს კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებისგან’’ (მე-5 მუხლი,მე-3 პარაგრაფი. ჯერ კიდევ ფრიდრიხ შილერმა იენის უნივერსიტეტის თავის ძალიან ცნობილ შესავალ ლექციაში 1789 წლის გამოკვეთა მეცნიერების თავისუფლების და ამ თავისუფლების საფუძველზე საზოგადებისთის სასარგებლო მნიშვნელობა. ფიზიკოსმა და ფსიქოლოგმა ჰერმან ჰელმჰოლცმა 1887 წელს ფრიდირხ-ვილჰელმის ბერლინის (ამჟამად ჰუმბოლდტის) უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დაკავებისას ხაზი გაუსვა გერმანულ უნივერსიტეტებში აკადემიური თავისუფლების უდიდეს მნიშვნელობას. ამდენად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, იურისდიქციამ გააცნობიერია სწავლების (Lehrfreiheit), სწავლის (Lernfreiheit) და მეცნიერების (Freiheit der Wissenschaft) თავისუფლების დაცვის საჭიროება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განათლების სფერო ფედერალური მიწების კომპეტენციაა. კონსტიტუციის დასახელებული მუხლი თავის მხრივ ასახვას და განვცრობას ჰპოვებს ფედერალური მიწების მიერ მიღებულ უმაღლესი განათლების კანონში, რომელიც არეგულირებს უმაღლესი განათლების უნივერსიტეტების მოწყობის, აკადემიური სწავლების, მეცნიერების, კვლევის და ხელოვნების თავისუფლებას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმებს და ა.შ.

მაგალითისთვის, ბადენ/ვუტემბერგის უმაღლესი განათლების კანონის (Gesetz über die Hochschulen inBaden-Württember(Landeshochschulgesetz - LHG) vom 1. Januar 2005) მესამე პარაგაფი მოიცავს მეცნიერების და ხელოვნების, სწავლებისა და სწავლის, მეცნიერული პრაქტიკის თავისუფლებას.

  1. უმაღლესი სასწავლებლები თავისუფალნი არიან კვლევაში, სწავლებაში და ხელოვნებაში.
  2. კვლევის თავისუფლება განსაკუთრებით მოიცავს კვლევის საკითხების, მეთოდოლოგიური მიდგომების და კვლევის შედეგების შეფასების და გავრცელების თავისუფლებას. ეს ასევე ეხება ხელოვნებასაც.
  3. სწავლების თავისუფლება მოიცავს განსახორციელებელი სწავლების, განსაკუთრებით სასწავლო გეგმის, სალექციო კურსის, მათი შინაარსობრივი და მეთოდური დაგეგმარების და ჩამოყალიბების თავისუფლებას. ასევე, აკადემიური თუ შემოქმედებითი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას.
  4. სწავლის თავისუფლება მოიცავს სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის ამორჩევის თავისუფლებას, უფლებას თვითონ განსაზღვროს არჩეული სასწავლო საგნის ძირითადი მიმართულებები და სპეციალიზირება. ასევე იცავს მეცნიერული და შემოქმედებითი საკითხების თავისუფლად გამოხატვის და დამუშავების უფლებას.
  5. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მოღვაწენი, მათ შორის სტუდენტები, ვალდებულები არიან დაიცვან კარგი მეცნიერული პრაქტიკა. ამის დარღვევა მაშინ არის სახეზე, თუ მეცნიერულ კონტექსტში წინასწარი განზრახვით თუ გადაცდომით მცდარი მონაცემები იქნება მოყვანილი, ან მესამე პირის კვლევითი მოღვაწეობა ან ინტელექტუალური საკუთრება იქნება ხელყოფილი. მეცნიერებაში არსებული თვითკონტროლის მექანიზმების ჩარჩოს ფარგლებში უმაღლესები ‘კარგი პრაქტიკის’ დაცვისა და მეცნიერულად მცდარი საქციელისდამი სწორი მიდგომისათვის რეგულაციებს აწესებენ.

აკადემიური თავისუფლება ფილიპინებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის ფილიპინების კონსტიტუცია აცხადებს, რომ ‘აკადემიური თავისუფლება სრულად უნდა განხორციელდეს ყველა უმაღლესი განათლების დაწესებულებაში’.

აკადემიური თავისუფლება სამხრეთ აფრიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის 1966 წლის კონსტიტუციის მე-16 ნაწილი განსაკუთრებით იცავს აკადემიურ თავისუფლებას, აცხადებს რა, რომ ‘ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება’, რაც მოიცავს ‘აკადემიურ თავისუფლებასა და სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას’’. მიუხედავად ამისა, უამრავი სკანდალი მოჰყვა სხვადასხვა უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლების დარღვევას. განსაკუთრებულ შეშფოთებას კუაზულუ-ნატალის უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის გამო გამოხატავენ.

აკადემიური თავისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის შეერთებულ შტატებში აკადემიური თავისუფლების განმარტებისას, როგორც წესი, ეყრდნობიან უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციისა (AAUP) და ამერიკელი კოლეჯების ასოციაციის (AAC) თანაავტორობით შექმნილ „1940 წლის აკადემიური თავისუფლებისა და ტენუარის პრინციპების განცხადებაში“ მოცემულ განსაზღვრებას. ამ ტექსტის დებულებები აცხადებს, რომ “მასწავლებლებს სასწავლო დაწესებულებაში თავიანთი საგნის თავისუფლად განხილვის უფლება აქვთ. “განცხადება’’ ასევე ნებას რთავს [სხვადასხვა] ინსტიტუციებს, ‘’დააწესონ შეზღუდვები აკადემიურ თავისუფლებაზე რელიგიური ან სხვა მიზნების გამო“ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს შეზღუდვები მკაფიოდ, წერილობით არის ჩამოყალიბებული კონკრეტულ მომენტში. აღსანიშნავია, რომ დებულებებს მხოლოდ კერძო განაცხადთა ხასიათი აქვთ და კანონს არ წარმოადგენენ.

ამ სტანდარტების დასამკვიდრებლად ამერიკელ კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან, მათ შორის რელიგიურ ინსტიტუტებთან, აკრედიტაციის ექვსი რეგიონალური სამსახური აწარმოებს მუშაობს. დამატებით, იმავე ინსტიტუციებთან მუშაობს AAUP, რომელიც არ არის აკრედიტაციის ორგანო. აკადემიური თავისუფლებისა და ტენუარის დაცვის სტანდარტების თაობაზე AAUP ყოველთვის არ ეთანხმება რეგიონალური აკრედიტაციის ორგანოებს. AAUP სტანდარტების დამრღვევი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სიას ადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი განსაკუთრებულ შემთხვევებში ზღუდავს მასწავლებელთა აკადემიურ თავისუფლებას.

აკადემიური თავისუფლება საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული უნივერსიტეტის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პირველ წესდებაში (1917) საუბარია უნივერსიტეტის ავტონომიაზე და მმართველობის დამოუკიდებლობაზე, მაგრამ არა – აკადემიურ თავისუფლებაზე. ეს რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ მისი დამაარსებლები აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგნი იყვნენ. ივანე ჯავახიშვილი ბერლინის (ახლანდელი ჰუმბოლდტის) უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი იყო. იგი კარგად იცნობდა და იზიარებდა ვილჰელმ ჰუმბოლდტისა და ჰერმან ჰელმჰოლცის იდეებს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ. თუმცა აკადემიური თავისუფლების საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან, ტოტალიტარულ რეჟიმებში, განსაკუთრებით ბოლშევიკურ საბჭოეთში და ფაშისტურ გერმანიაში მეცნიერთა და შემოქმედთა დევნის გამოცდილების შემდეგ შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ დაიკავა ამ კონცეფციამ მნიშვნელოვანი ადგილი დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებსა თუ კანონმდებლობაში.

საბჭოთა პერიოდში ყველა უნივერსიტეტს, მათ შორის, ცხადია, საქართველოში, სახელმწიფო მართავდა, ხოლო სწავლება და კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. უმთავრესი კრიტერიუმი უნივერსტეტებთან მიმართებით, ბუნებრივია, არ იყო აკადემიური თავისუფლების ხარისხი, არამედ – შესაბამისობა ოფიციალურ მარქსისტულ–ლენინურ იდეოლოგიასთან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდშიც უნივერსიტეტებს საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პროგრესი არ განუცდია. საქართველოში დღემდე არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც უმაღლეს დონეზე დაიცავს აკადემიურ თავისუფლებას, ხოლო ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში – ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა, შრომითი უფლებების დაუცველობა, განათლების მწირი დაფინანსება – ხელსაყრელ პირობებს ქმნის უნივერსიტეტთა პოლიტიზირებისათვის.

2012 წლის შემოდგომიდან, ახალი ხელისუფლების მიერ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და რეფორმის კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ, აკადემიური თავისუფლების, ისევე როგორც საუნივერსიტეტო მოწყობის სხვა უმნიშვნელოვანესმა ასპექტებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. რეფორმის კონცეფციის ავტორთა ერთ–ერთი შემოთავაზებაა აკადემიური თავისუფლების საკონსტიტუციო გარანტიების, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

აკადემიური თავისუფლება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური უნივერსიტეტის კონცეფციის ნიშანდობლივი თვისებაა ლექტორატის დანიშვნის, სტანდარტების დაწესებისა და სტუდენტების დაშვებისას თავისუფლების უზრუნველყოფა. ეს იდეალი შეიძლება უკეთ შეფასდეს, როგორც ინსტიტუციური ავტონომია. მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებისთვის და ლექტორატისთვის მინიჭებული თავისუფლება გარანტირებულია თავად ინსტიტუციის მიერ.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიხედვით, აკადემიური თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს შეუძლია თავად განსაზღვროს აკადემიური საფუძველი იმისა, თუ:

  1. ვინ უნდა ასწავლოს,
  2. რა უნდა ისწავლებოდეს,
  3. როგორ უნდა ისწავლებოდეს, და
  4. ვინ დაიშვება სასწავლებლად.

2008 წლის სასამართლო საქმეში ვირჯინიის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცალკე პროფესორებს არ აქვთ აკადემიური თავისუფლება, ყველანაირი აკადემიური თავისუფლება თანაარსებობს უნივერსიტეტთან ან კოლეჯთან ერთად. ერთ-ერთ, სახლდობრ, სტრონაჩ ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმის წარმოებისას ოლქის/შტატის სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ‘არ არსებობს აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებული არანაირი კონსტიტუციური ნორმა, რომელიც უნივერსიტეტების წარმომადგენლებს პროფესორის მიერ რომელიმე სტუდენტისათვის მიცემული შეფასების შეცვლას აუკრძალავს’. სასამართლო ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს სავალდებულო პრეცედენტს, (სვიზი ნიუ ჰემფშირის წინააღმდეგ) და მეოთხე სააპელაციო სასამართლოს საქმეს. ასევე, პრედენტებს რამდენიმე საოლქო-სააპელაციო სასამართლოსგან. სასამართლო განასხვავებს სიტუაციას, როდესაც უნივერსიტეტი აიძულებს პროფესორს შეცვალოს ნიშანი - რაც უეჭველად წარმოადგენს პირველი შესწორების დარღვევას,შემთხვევისგან, როდესაც უნივერსიტეტის ოფიციალური პირები თავიანთი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (უფლება პირადი შეხედულების მიხედვით, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება) ცვლიან ნიშანს სტუდენტის სარჩელის საფუძველზე. სტრონაჩ ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმემ, როგორც სერიოზულმა პრეცედენტმა, აკადემიური საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო.

წმინდა საყდრის პონტიფიკალური უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პონტიფიკალური უნივერსიტეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთები, როგორებიცაა ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტი, წმ. თომა აქვინელის პონტიფიკალური უნივერსიტეტი, კათოლიკური უნივერსიტეტი ბელგიაში და პერუს პონტიფიკალური-კათოლიკური უნივერსიტეტი, თავიანთი სტატუსითა და აკადემიური თავისუფლების თვალსაზრისით დამოკიდებულნი არიან პაპზე, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ‘კონგრეგაცია კათოლიკური განათლებისთვის’ მეშვეობით. საეკლესიო საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თავისუფლების პირობები გაწერილია სამოციქულო კონსტიტუციაში Sapientia Christiana.

კავშირი სიტყვის თავისუფლებასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური თავისუფლება და თავისუფალი გამოხატვის უფლება ერთმანეთს სრულად არ ფარავს, თუმცა ეს ფართოდ მიღებული თვალსაზრისი ცოტა ხნის წინ პირველი შესწორების ‘ინსტიტუციონალისტური’ პერსპექტივიდან იქნა გადახედილი. აკადემიური თავისუფლება მოიცავს მეტს, ვიდრე სიტყვის თავისუფლებაა. მაგალითად, ის მოიცავს იმის განსაზღვრის უფლებას, თუ რა ისწავლება სასწავლო აუდიტორიაში. პრაქტიკაში, აკადემიური თავისუფლება დაცულია ინსტიტუციური წესებითა და რეგულაციებით, სამუშაო ხელშეკრულებებით, ფაკულტეტის ცნობარით, კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულებებითა და აკადემიური ტრადიციით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია პირველი შესწორებით, რომლის თანახმადაც „კონგრესი ვერ მიიღებს კანონს... სიტყვის თავისუფლების ან პრესის შეზღუდვის შესახებ“. უფრო ვრცლად, პირველი შესწორება ეხება ყველა სამთავრობო ინსტიტუციას სახელმწიფო უნივერსიტეტების ჩათვლით. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ადგენს, რომ აკადემიური თავისუფლება არის პირველი შესწორებით გათვალისწინებული უფლება საჯარო ინსტიტუციებში. თუმცა, აშშ-ს პირველი შესწორება არ ვრცელდება კერძო ინსტიტუტებზე, რელიგიური ინსტიტუტების ჩათვლით. ამ კერძო ინსტიტუტებს შეუძლიათ პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და აკადემიურ თავისუფლებას მათი შეხედულებისამებრ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Humboldt, Wilhelm von: Schriften zur Politik und zum Bildungswesen, Studienausgabe, Band 4, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2002.
  • Jaspers, Karl: Die Idee der Universität, Reprint der Ausgabe von 1946, Springer, Berlin/Heidelberg/New York 1980.
  • Pross, Harry: Signalökonomie und Bedeutungsschwund, in; Ders.: Politik und Publizistik in Deutschland seit 1945, Piper, München 1980.
  • Ramischwili, Guram: Einheit in der Vielfalt. Grundfragen der Sprachtheorie im Geiste Wilhelm von Humboldts, Dümmler, Bonn 1988/89.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია
  2. Historische Bestände
  3. Baden-Württemberg
  4. UNESCO WORLD REPORT, Towards Knowledge Societies 2005
  5. Encyclopedia Britannica_ Academic Freedom
  6. AAUP(American Association of University Professors): Academic Freedom
  7. SAFS(Society for Academic Freedom and Scholarship)
  8. Network for Education and Academic Rights, International
  9. Academic Freedom Watch, Australia
  10. Society for Academic Freedom and Scholarship Canada