აზორის ანტიციკლონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზორის ანტიციკლონი

აზორის ანტიციკლონი (პორტ. Anticiclone dos Açores) — მაღალი ატმოსფერული წნევის არე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის სუბტროპიკულ ნაწილში. აისახება წნევათა მრავალწლიური საშუალოების რუკებზე. ატმოსფეროს მოქმედების უმნიშვნელოვანესი ცენტრი; განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ზაფხულში. მისი ცენტრი აზორის კუნძულებთან, 35-ე პარალელის მახლობლადაა. ზამთარში აზორის ანტიციკლონის განშტოება საჰარაზე ვრცელდება, ზაფხულში — ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ ევროპაზე. იანვარში წნევა ცენტრში 1022 მბ-ზე მაღალია, ივლისში — 1025 მბ აღემატება.

მთელი წლის განმავლობაში ოკეანის ამ ნაწილში ანტიციკლონები მკვეთრად სჭარბობს ციკლონებს. აზორის ანტიციკლონი ზღვის ტროპიკული ჰაერის მასების კერაა; ამ მასების ურთიერთმოქმედება ჰაერის პოლარულ მასებთან ატლანტიკის პოლარულ ფრონტზე განაპირობებს ოკეანეზე ინტენსიურ ციკლონურ მოქმედებას. ეს გარემოება ძლიერ გავლენას ახდენს ევროპის ამინდსა და კლიმატზე; აზორის ანტიციკლონის შიდა ნაწილებში გაბატონებულია წყნარი, მცირეღრუბლიანი და მშრალი ამინდი.

უფრო დაბალ განედებში აზორის ანტიციკლონის ეკვატორულ პერიფერიებზე ქრის ჩრდილო ატლანტიკური პასატები. წყნარ ოკენეაში აზორის ანტიციკლონის ანალოგიაა ჰავაის ანტიციკლონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]