აბრამცევოს კოლონია
აბრამცევო (რუს. Абра́мцево) — სოფელი (2004 წლამდე ქალაქის ტიპის დაბა) მოსკოვის ოლქის სერგიევო-მოსადსკის რაიონში, რუსეთი. სოფლის მოსახლეობა 200 ადამიანს შეადგენს (2004) და ძირითადად აქ მდებარე სახლ-მუზეუმით არის ცნობილი. ეს ადგილი XIX საუკუნეში სლავური ხელოვნების მოღვაწეთა თავშეყრის ცენტრი გახდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრამცევოს მამული თავდაპირველად მწერალ სერგეი აქსაკოვს ეკუთვნოდა. სხვა მწერლები, მათ შორის ნიკოლაი გოგოლი, აქ სტუმრების სახით ჩამოდიოდნენ. აქსაკოვის მასპინძლობისას სტუმრები აქ რუსეთის ხელოვნების დასავლური გავლენისგან დაღწევის გზებსა და წმინდა ეროვნული სტილის აღორძინებაზე ბჭობდნენ. 1870 წელს, აქსაკოვის გარდაცვალებიდან 11 წელიწადში, მამული სავა მამონტოვმა, მდიდარმა ინდუსტრიალისტმა და ხელოვნების მეცენატმა, იყიდა.
მამონტოვის პატრონობით აქ ძირითადად რუსული თემები და ხალხური შემოქმედება დომინირებდა. 1870-იან და 80-იან წლებში, აბრამცოვოში ხელოვანთა კოლონია დაარსდა, რომლებიც შუასაუკუნეების რუსული ხელოვნების ხარისხისა და სულიერების აღორძინებას ცდილობდნენ, ბრიტანეთში იმავე დროს განვითარებული არტს-ენდ-კრაფტს მოძრაობის მსგავსად. აქ შეიქმნა რამდენიმე სახელოსნო, სადაც ოსტატები ხელით ავეჯს, კერამიკულ ფილებს და აბრეშუმის ტილოებს ქმნიდნენ რუსული თემებითა და გამოსახულებებით.
ერთობლივად ვასილი პოლენოვმა და ვიქტორ ვასნეცოვმა აქ სადა, თუმცა შთამბეჭდავი, ეკლესია შექმნეს, რომლის ფრესკები პოლენოვმა, ვასნეცოვმა, ილია რეპინმა და მიხაილ ნესტეროვმა მოხატეს. ხალხური თემებით შექმნილი ქანდაკებები ვიქტორ ჰარტმანსა და მარკ ანტოკოლსკის ეკუთვნი. XX საუკუნის დამდეგისთვის აბრამცევოში რუსულ ფოლკლორულ თემებზე დაიდგა თეატრალური და საოპერო ნაწარმოებები (მათ შორის რიმსკი-კორსაკოვის „ყინულის დედოფალი“), რომელთათვის სცენური დეკორაციები ვასნეცოვმა, მიხაილ ვრუბელმა და სხვა გამოჩენილმა მხატვრებმა შექმნეს.