აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა (მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც მოგვითხრობს ცამეტ ასურელ მამათაგან, ერთ-ერთის, აბიბოს ნეკრესელის ღვაწლსა და მოწამეობრივ აღსასრულზე.

ჩვენამდე შემონახულია აბიბოსის შედარებით მოკლე „მარტვილობა“,[1] რომელსაც მეტაფრასტის ხელში გაუვლია. მეტაფრასტს მარტვილობის თავდაპირველი, კიმენური რედაქცია, ალაგ-ალაგ შეუმოკლებია, ზოგი რამ დაუმატებია მისთვის. მაგალითად, მას დაუმატებია დედნისთვის შესავალი, ეპილოგი, შუაში ჩაურთავს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ცეცხლი არ არის ღმერთი. მეტაფრასული რედაქციის ავტორი პირდაპირ აღნიშნავს მარტვილობის კიმენური, ძველი რედაქციის არსებობას, როდესაც ამბობს: აბიბოსმა ბევრი რამ გააკეთა „ვითარცა წერილ არს წიგნსა მას წამებისა მისისასაო“.

ეს თავდაპირველი კიმენური რედაქცია, რომელიც არ შემონახულა, მისი სათაურის მიხედვით არის „თქუმული არსენი დიდისა, ქართლისა კათალიკოზისა“. არსენის მარტვილოლოგიურ ნაშრომში აღწერილი ყოფილა, იმდროინდელი ქართულ-ირანულ-ბიზანტიური პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე, აბიბოსის საქმიანობა. მეტაფრასტს, სამწუხაროდ, ყველაფერი არ შეუტანია თავის ნაწარმოებში. ის შენიშნავს: „ამას რა გითხრობ თქუენ ნეტარისა ეპისკოპოსისა აბიბოსისა[თჳს], არა თუ ყოველთა საქმეთა და შრომათა და ღუაწლთა მისთა გაუწყებ თქუენ: ანუ ვითარ იგი დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელსცა მათ, ანუ ვითარ დედაკაცსა მას უწინაჲსწარმეტყუელა შემდგომად მისა მოსვლაჲ ბერძენთაჲ და დაპყრობაჲ ქუეყანისა ამის ჩუენისაჲ, რომელიცა იგი იქმნა მსწრაფლ: მისსავე დედაკაცისაზე მოვიდეს ბერძენნი და განასხნეს უსჯულონი იგი სპარსნი, მიერითგან ერისთავნი იქმნნეს მპყრობელ ქართლისა, და სხუანი მრავალნი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას წამებისა მისისასა“. მეტაფრასტის წყალობით მეცნიერებას დაკარგვია ძვირფასი ცნობები უძველესი ისტორიიდან.

კორნელი კეკელიძის მოსაზრებით, ამ თხზულების დაწერისას არსენს ხელთ ექნებოდა წყაროები, რომელთა ნაწილი მაინც, სავარაუდოდ, აღმოცენებულნი იყვნენ სამონასტრო ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციათა ნიადაგზე; ისინი გატარებულნი ჩანან იმ ბრძოლის ქარცეცხლში, რომელიც VII-IX საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოში ქალკედონისტთა და ანიტიქალკედონისტთა შორის. მკვლევარისვე აზრით, ამ წყაროებში ჭეშმარიტება ტენდენციურადაა წარყვნილი გამარჯვებული დიოფიზიტობის მიერ, თუმცა მას შემოუნახავს ისტორიულად სწორი ცნობების ელემენტებიც.

ვარაუდობენ, რომ ის მეტაფრასტი, რომელმაც არსენის შრომა გადააკეთა, უნდა იყოს ნეკრესის კათედრის ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „ჩემი არს მოწამე ესე და არა სხჳსაჲ, ჩემისა ამისაგან საყდრისა ნაყოფი მშუენიერი, მხიარულებისა ჩემდა მომღებელი“. თავისი მეტაფრასტული შრომის დაწერისას მას გამოუყენებია, სხვათა შორის, ქართული თარგმანი გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფისა“. ეს იმ ნაწილში, სადაც მსჯელობაა იმაზე, რომ ცეცხლი არ არის ღმერთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 82-84.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ საბინინი, საქართველოს სამოთხე, 1882, გვ. 213–216