შინაარსზე გადასვლა

აბელ ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბელ ანდრონიკაშვილიკახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი.

დაწინაურდა ბეჟან-ხანის მმართველობის (1677-1683) დროს. XVII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კახეთის ხანის ძალაუფლების დასუსტების შედეგად ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სადავები ხელთ იგდეს რევაზ ჩოლოყაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ და ანდრონიკაშვილმა, რომელთაც ქართლის მეფე გიორგი XI მფარველობდა (1688-1703 ქიზიყი ქართლის მეფეს ემორჩილებოდა). ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I-ის ქალიშვილი ქეთევანი (გ. 1718). ერეკლე I-ის ირანში გაწვევის (1703) შემდეგ ანდრონიკაშვილის პოლიტიკური პოზიციები შეირყა. ქიზიყის მოურავობა მისმა უახლოესმა ნათესავებმა - პაატა და რევაზ ანდრონიკაშვილებმა მიიღეს. ოსმალების მიერ კახეთის მეფე კონსტანტინე II-ის და კახი დიდებულების დახოცვის (1729) შემდეგ კვლავ დაწინაურდა და დაიწყო ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ერთ-ერთ ბრძოლაში ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ-ფაშა (ახალციხის ფაშა, რომელიც თბილისის მმართველად იყო დანიშნული). 1735-1736 იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის (ალი-მირზას) კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II-ის მეუღლე თამარი. ანდრონიკაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს მხარი არ დაუჭირეს. ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში გაწვევის (1737) შემდეგ ანდრონიკაშვილი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს.