აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 80)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მდინარე ოცხეს მარჯვენა სანაპიროს გასწვირვ გაყოლებული მთავარი ქუჩის - რუსთაველის ცალმხრივ განაშენიანებაში.

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მის მომიჯნავე შენობათა მსგავსად ქუჩის მხარეს ფრონტონით დასრულებული, სიმეტრიული გადაწყვეტის მქონე ვიწრო ფასადით გამოდის. კუთხის ძელაკ-კრონშტეინებზე შეკიდულ, მკვეთრად წინ გამოსულ ორფერდა გადახურვის ქვეშ ექცევა შედარებით ვიწრო, კიდეებთან ისეთივე ძელაკ-კრონშტეინებიანი, შემინული დაკიდული ხის აივანი. მის ქვემოთ კი, პირველი სართულის შუა ნაწილში განთავსებულია ოთხფრთიანი ფანჯარა. ფასადის სილუეტის დამახასიათებელ შტრიხს ქმნის შენობის გვერდითი ქანობების საყრდენად მონიშნული მოკლე შეკიდული პილასტრისმაგვარი ნაშევრები კუთხეებთან, რომლის მსგავს ელემენტს ამავე რიგის კიდევ რამდენიმე შენობაში ვხვდებით. სახლის ფასადი შელესილ-შეთეთრებულია, თუმცა მარცხენა, შეულესავი გვერდითი კედლიდან ირკვევა, რომ სამშენებლო მასალად აქაც უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებია გამოყენებული. ამ მხარეს შენობა კარ-სარკმელთა ღიობებით იხსნება, სადაც ქვედა სართულის დიდ ღიობთა ზემოთ თვალშისაცემია მეორე სართულის, კვადრატს მიახლოებულ ღიობთა მცირე ზომები. მთავარი ფასადის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს არსებული საკმაოდ განიერი ერთსართულიანი გვიანი მინაშენი მეორე გრძივ ფასადს ნახევრამდე ფარავს, დამასრულებელ ნაწილში კი სადა და გაუფორმებელი, შენობის ქანობს ქვეშ მოქცეული, ორ იარუსად განლაგებული დერეფან-აივანია. აქაც თვალსაჩინოა, ზედა სართულის დაბალი პროპორციები, რაც მის ნაწილობრივ მანსარდულ სართულად გადაწყვეტაზე მიგვანიშნებს. შენობის თავდაპირველი მხატვრული გადაწყვეტის დანაკარგზე მიანიშნებს აივნის კუთხისა და გადახურვის ქანობების შემკული ფიცრის დამაკავშირებელი ხის ფიგურული ელემენტი, რომელიც აბასთუმნის ანალოგიურ, დიდნაშევრიანი გადახურვის ქანობების მქონე შენობებში გავრცელებული გაფორმების კონსტრუქციულ-დეკორატიული სისტემის შემორჩენილი ნაწილი უნდა იყოს. დანარჩენ ელემენტებს, თუ ისინი დაკარგული არ არის, შეიძლება ფარავდეს ფრონტონის დღეს არსებული შემავსებელი შეფიცვრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6278