აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 37)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს. ერთსართულიანი ნაგებობა ე. წ. ანდეზიტის კლდის მიმდებარე მთის ძირში, აბანოს შენობისა და რემერტის პარკის მახლობლად მდებარეობს. ნანგრევების სახით შემორჩენილი ნაგებობის არქიტექტურა აბასთუმნის მილიტარული შენობის მშენებლობის ტრადიციას მისდევს და მიუხედავად უკიდურესად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, ჯერ კიდევ თვალში საცემია გადარჩენილი მხარის მკაცრი და მონუმენტური სტილით. ნაგებობის ორი განსხვავებული სიმაღლისა და განსხვავებული მორთულობის ნაწილი ასიმეტრიულ კომპოზიციას ქმნის. მარჯვენა (პირით ფასადისკენ) ნაწილი, შვერილი რიზალიტია, რომელსაც დაბალი ცოკოლი და ციცაბო სამკუთხა ფრონტონი აქვს. მას ორი, განაპირა ვიწრო და ერთი, შუა ფართო თაღოვანი ღიობი აქვს. რიზალიტის განაპირა მხარეები რუსტირებული "ზოლებით" არის მონიშნული. რიზალიტთა, ისევე როგორც ღიობთა რუსტიკა არა წყვეტილი, არამედ ცალ მხარეს გაერთიანებულია. თაღოვანი ღიობის საჭექი ქვა, კი მის ზემოთ მოთავსებულ უპროფილო თაროს ერწყმის. რიზალიტის აღწერილი კომპოზიციის თავზე ასევე საჭექი ქვით დამშვენებული რკალური ლუნეტია. რიზალიტის სამკუთხა ფრონტონის მიმყოლი ხის უჩვეულოდ მაღალი კრონშტაინი ჰკრავს. შენობის მარცხენა მხარე წაგრძელებულია. მას ორი კარის და ორი ფანჯრის ღიობი აქვს. ღიობებს ქვის სადა საპირეები შემოუყვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6473