აბანოს ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოს ნამოსახლარი — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ციხიანას განმხოლოებულ ბორცვზე. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს და განვითარებადი რკინის ხანით.

ციხიანას ბორცვი დოლომიტის ქანის შემცველ კლდის ქიმს წარმოადგენს. აქ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კარიერი იყო. ბორცვის ზედაპირი მთლიანად დარღვეულია.

ნამოსახლარზე გათხრების დროს აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

ნამოსახლარის აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე, გაითხარა სამაროვანი – ექვსი ორმოსამარხი, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანით. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. თავით აღმოსავლეთისკენ. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ცხენის მთლიანი ჩონჩხი, რომლის უკანა კიდურებზე ზურგით მიყრდნობილი იყო დამჯდარი მიცვალებული. სამარხებში აღმოჩნდა რკინის ცული, თოხი, ლაგამი, ბრინჯაოს ზარი, სკვითური ტიპის ისრის პირი, სამკაულები და სხვა. ჭურჭლის ნაწილი დამზადებულია ხელით, ნაწილი კი სამეთუნეო მორგვზე. არქეოლოგიური მასალა დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სამაროვანი დაცულია მიწის ჰუმუსოვანი ფენის ქვეშ.

ბორცვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხე-კოშკის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]